პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოლდოვის გზა ევროკავშირისკენ

ევროკავშირი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანაცვლოდ, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის ურყევ და თანმიმდევრულ მუშაობას ითხოვს. მოლდოვამ, ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების მიუხედავად, სისტემის გაჯანსაღების მცდელობის ჩვენება შეძლო, რაც   სტატუსის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს სტატია მიმოიხილავს მოლდოვის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე განვლივ გზას მართლმსაჯულების სფეროში. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად სცადა. თუმცა, მათგან განსხვავებით, სტატუსი ვერ მიიღო. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა რეალურია, თუმცა საჭიროა წინაპირობების შესრულება. ამ პროცესში მოლდოვის მიერ გადადგმული ნაბიჯების განხილვა შესაძლოა სასარგებლო იყოს. 

ჩვენი კომენტარი: მოლდოვაში მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესი დასრულებული არ არის და ის სრულყოფას ჯერ კიდევ საჭიროებს. თუმცა თვალშისაცემია, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდის გზად ქვეყანამ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების (pre-vetting და vetting) მექანიზმის შემოღება და პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობა დაისახა.   

მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც: 

  • სახელმწიფოს მეთაური, პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტია;
  • პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია. თუმცა, 2021 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით, ის სამივე ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნაში მონაწილეობს.

უფრო კონკრეტულად: 

  • პრეზიდენტი, მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ნიშნავს მოსამართლეებს. მას ასევე შეუძლია ერთჯერადად უარი თქვას წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე;
  • ვენეციის კომისიის შეფასებით, ასეთი წესით ბალანსდება ძალაუფლება საბჭოსა და პრეზიდენტს შორის. გადამწყვეტი როლი, კონსტიტუციური ფუნქციიდან გამომდინარე, საბჭოს ენიჭება;
  • ვენეციის კომისია ასევე დადებითად აფასებს პარლამენტის შესაძლო პოლიტიკური გავლენის შესუსტებას პროცესზე. ცვლილებებამდე საბჭოს წარდგინებით სწორედ პარლამენტი ნიშნავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

რაც შეეხება მოსამართლეთა უმაღლეს საბჭოს:

  • საყურადღებოა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად , საბჭოში  წევრების რაოდენობა შემცირდა და მოსამართლეები აღარ არიან უმრავლესობაში;
  • საბჭო ამჟამად შედგება 12 წევრისაგან. მოსამართლე და არამოსამართლე წევრების რაოდენობა კი თანაბარია; 
  • მოსამართლე წევრებს ირჩევს მოსამართლეთა ანსამბლეა, ხოლო არამოსამართლე წევრები კონკურსის საფუძველზე პარლამენტის 3/5-ის მხარდაჭერით აირჩევიან.

კიდევ რა ნაბიჯები გადადგა მოლდოვამ?

  • 2019 წელს, პოლიტიკური მიკერძოების გამო, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით განახლდა;
  • 2022 წლის მარტში მოლდოვამ მიიღო კანონი სასამართლო და საპროკურორო საბჭოებში წევრობის კანდიდატთა ეთიკური და ფინანსური კეთილსინდისიერების წინასწარი შეფასების შესახებ; 
  • კანდიდატებს აფასებს კომისია, რომელიც შედგება 3 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო ექსპერტისგან. კომისიის წევრებს პარლამენტი 3/5-ით ირჩევს;
  • ევროკომისიის შეფასებით, ამგვარმა სისტემამ უნდა გაზარდოს ინსტიტუტის მიმართ ნდობა. თუმცა საყურადღებოა ის ხარვეზები, რომლებიც გადაწყვეტილებისთვის ფართო დისკრეციას უტოვებს კომისიის წევრებს.

საგულისხმოა, რომ დეკემბერში ვენეციის კომისიამ ამ კანონში დამატებით ცვლილების პროექტი შეაფასა. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში შეფასებას დაექვემდებარებიან უზენაესი სასამართლოს კანდიდატი და მოქმედი მოსამართლეები.  

მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ევროკომისია მოლდოვას მოუწოდებს გადადგას კონკრეტული ნაბიჯებ მართლმსაჯულების რეფორმის სრულყოფისთვის.

ეს გულისხმობს:

  • პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმის დასრულებას;
  • მოსამართლეთა უმაღლეს საბჭოსა და მის ორგანოებში ვაკანტური ადგილების შევსებას; 
  • ეუთოსა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას;
  • კორუფციის წინააღმდეგ ყველა დონეზე ბრძოლას; 
  • გენერალური პროკურატურის ადმინისტრირების პროცესის გათავისუფლებას პოლიტიკური ინტერესებისგან;
  • მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით;  
  • სასამართლოს დაცვას შიდა და გარე გავლენებისგან.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი