ათ წელზე მეტია რუსეთში მოქმედებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ავტორიტარული კონტროლის თანდათანობით გაფართოების ნათელი მაგალითია. რუსეთმა არასასურველი აზრის ჩახშობის და საქმიანობის შეჩერების ინსტრუმენტად სწორედ ეს კანონი გამოიყენა. ეს სტატია მიმოიხილავს რუსული კანონის შედეგებს, საფრთხეებსა და მოქმედების არეალს, რომელმაც დღეს, ფაქტობრივად, ყველა სფეროში შეაღწია.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში მომზადებული კანონპროექტები, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და მათი საქმიანობის შეფერხებას, სწორედ რუსული პოლიტიკის ანარეკლია.
ჩვენი კომენტარი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსული კანონის წინააღმდეგობრივი ბუნება ევროპულ საკანონმდებლო ჩარჩოსა და ადამიანის ძირითად უფლებებთან. ანალოგიურად, საქართველოში მომზადებული კანონპროექტებიც შეუსაბამოა როგორც ევროსაბჭოს, ასევე ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან.
რა უნდა ვიცოდეთ?
რუსეთში, 2012 წელს, უცხოელი აგენტის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს დაევალათ.
მომდევნო წლებში სია ეტაპობრივად გაფართოვდა და მასში მოხვდნენ:
-
- უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები, იგივე არასასურველი ორგანიზაციები (2015 წ.);
- მედიები (2017 წ.);
- მედიის როლის შემსრულებელი ფიზიკური პირები (2019 წ.);
- უცხოური მთავრობის, ორგანიზაციის, მოქალაქის ინტერესებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შემსრულებელი ან მათი სხვაგვარი გავლენის ქვეშ მყოფი ნებისმიერი მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირები (2020 წ.);
- არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებები (2020 წ.);
-
- ყველა, ვინც უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს (2021 წ.);
- იურიდიული პირის უფლებების არ მქონე გაერთიანებები (2021 წ.).
უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წინაპირობაა:
- პოლიტიკურ ან „სხვა“ საქმიანობაში მონაწილეობა და ამ მიზნით, უცხოური ფინანსური დახმარების მიღება;
- ან „სხვა ფორმებით უცხოური გავლენის ქვეშ მოქცევა.“
სასამართლოებმა რუსეთში უდიდესი როლი შეასრულეს პოლიტიკური საქმიანობის/აქტივობის შინაარსის გაფართოებაში, რომლის შედეგადაც, დღეს ეს ტერმინი მოიცავს საჯარო ცხოვრების, ფაქტობრივად, ნებისმიერ ასპექტს:
- საჯარო ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარებაში მონაწილეობას;
- საარჩევნო პროცესების მონიტორინგს;
- საჯარო ხელისუფლების/თანამდებობის პირებისთვის საჯარო მიმართვებს, მათი გადაწყვეტილებების კრიტიკას ან მათზე, მათი პოლიტიკის შესახებ მოსაზრებების გავრცელებას;
- საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, შედეგების გამოქვეყნებას ან სხვა სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას;
- მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვანთა ჩართვას აღნიშნულ საქმიანობაში.
სრულიად ბუნდოვანია რას გულისხომბა „სხვა საქმიანობა“, თუმცა, ის აუცილებლად გულისხმობს, მაგალითად:
- რუსეთის ფედერაციის სამხედრო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას;
- ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სახის მასალის, გზავნილების გავრცელებას ან მის შექმნაში მონაწილეობას.
ცხადია, „უცხოელი აგენტის“ სტატუსი, მხოლოდ მათი საქმიანობის სტიგმატიზებას არ ემსახურება. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით 2022 წლის დეკემბერში, გამკაცრდა/გაფართოვდა აკრძალვებისა და ვალდებულებების სია და ხელისუფლებამ ისინი მთლიანად მოკვეთა საზოგადოებრივ/საჯარო ცხოვრებას.
დღეს ამ სტატუსის მქონე პირებს უფლება არ აქვთ:
- დაიკაონ საჯარო თანამდებობები;
- მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში, საარჩევნო კამპანიებში;
- ჩაატარონ გარემოსდაცვითი და ანტიკორუფციული ექსპერტიზა;
- მოაწყონ ან დააფინანსონ საჯარო ღონისძიებები;
- განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა არასრულწლოვანთათვის.
2022 წელს ასევე გაჩნდა „უცხოურ აგენტთან“ დაკავშირებული ინდივიდების ცნება, რომლის ქვეშაც შეიძლება ნებისმიერი პირი მოიაზრებოდეს.
რა ევალებათ სტატუსის მქონე პირებს?
- განსაკუთრებით მძიმე ტვირთად იქცა წელიწადში რამდენჯერმე საქმიანობის, უფრო ზუსტად კი თითოეული ნაბიჯის, ფინანსური ხარჯების შესახებ ანგარიშების მომზადება, უამრავი ბიუროკრატიული წესი, მათ შორის, მკაცრი ვადების დაცვა.
- დამატებით, მოულოდნელი ინსპექტირების ჩატარება იუსტიციის სამინისტროს მიერ, რასაც ხშირად თან ახლდა ჩხრეკა და ოფისების დარბევაც კი.
- განუზომელმა ადმინისტრაციულმა ტვირთმა უამრავ ორგანიზაციას აიძულა სწორედ ამ მიზეზით შეეწყვიტათ საქმიანობა, ზოგსაც ქვეყნის დატოვება მოუხდა.
რა პასუხისმგებლობის ფორმები არსებობს?
-
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება დაურეგისტრირებელი პირის ჩართვა „უცხოური აგენტის“ საქმიანობაში, „უცხოური აგენტის“ მითითების გარეშე ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება, ანგარიშის გამოქვეყნების წესების/დროის დარღვევა, დაწესებული შეზღუდვების დარღვევა და სხვა, რისთვისაც გადაიხდევინება ჯარიმა 50 000-დან 500 000 რუბლამდე;
- პრაქტიკა გამოირჩევა არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით ჯარიმების დაკისრების ოდენობის თვალსაზრისით ერთი და იგივე დარღვევებისთვის, თუმცა სხვადასხვა პირის მიმართ. ეს კი პირადი, სუბიექტური ანგარიშგების ფორმასაც იძენს;
- 300 000 რუბლის ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველია წელიწადში ორზე მეტი ჯარიმა, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის აუტვირთაობა. იგივე პირის ან ორგანიზაციისთვის, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო საქმიანობის შესახებ, სასჯელი შეიძლება 5 წლამდე გაიზარდოს.
პასუხისმგებლობის დაკისრების მუდმივმა შიშმა კანონის თითოეულ სუბიექტს გაურთულა საქმიანობის განხორციელება. მაგ.: მედია საშუალებებს უჭირდათ რესპოდენტების ჩაწერა, სახელმწიფო წარმომადგენლებისგან კომენტარის მიღება, განსაკუთრებული სიფრთხილით ამზადებენ სიუჟეტებს. მათი აგენტად აღიარებისთვის სხვა „უცხოელი აგენტის“ ციტირებაც კი საკმარისი მიზეზი იყო.
უცხოელ აგენტად რეგისტრაციის რამდენიმე მაგალითი:
- გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Green World „უცხოელი აგენტი“ მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ბუნებისა და არქიტექტურული ძეგლების დაცვისთვის NED-სგან (National Endowment for Democracy) გრანტი მოიპოვა;
- მშვიდობის თემაზე მომუშავე ფონდი, რომელიც ახორციელებდა პროგრამებს "მშვიდობა და ჰარმონია", "მშვიდობა და კულტურა", აგროვებდა წიგნებს, საკანცელარიო ნივთებს სოციალურად მოწყვლადი ოჯახებისთვის, არაგეგმური შემოწმების შედეგად აგენტად იქნა აღიარებული, მოგვიანებით კი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყვიტა საქმიანობა.
დამატებითი მაგალითები, მათ შორის, აგენტად აღიარების უცნობი მიზეზების გამო, ხელმისაწვდომია აქ. მონაცემების დალაგება შესაძლებელია საქმიანობის სფეროსა და წლების მიხედვით.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს