რამდენიმეთვიანი მასშტაბური პროტესტის შემდეგ, 27 მარტს, ისრაელის პრემიერ მინისტრი იძულებული გახდა, სასამართლო რეფორმის დამტკიცების პროცესი შეეჩერებინა. ცვლილებების პაკეტი მეორე და მესამე მოსმენიდან მოიხსნა. ამ სტატიაში მოგიყვებით, რას ეხებოდა რეფორმა და რატომ გამოიწვია მან ფართომასშტაბიანი პროტესტი.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ისრაელში სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები, ერთი მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ძალის ნათელი მაგალითია. ქართული მართლმსაჯულების მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ პროცესებზე დაკვირვება ჩვენთვისაც საყურადღებოა.
ჩვენი კომენტარი: ისრაელში ინიცირებული ცვლილებები ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დისბალანსს, პრემიერ მინისტრისთვის პოზიციის შენარჩუნებასა და სასამართლო დაქვემდებარებას ისახავდა მიზნად. ეს ცვლილებები საფრთხეს ქმნიდა როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის.
რა უნდა ვიცოდეთ ისრაელის პოლიტიკურ კონტექსტზე?
- 2022 წლის 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკმა საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა;
- ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ისრაელს დღეს მკვეთრად ულტრა მემარჯვენე, 6 პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა მართავს;
- 2019 წლიდან ნეთანიაჰუს კორუფციაში ბრალდების საქმე სასამართლოში განიხილება;
- ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შეთანხმება მას თანამდებობაზე დარჩენის უფლებას აძლევს, მაგრამ უკრძალავს ნებისმიერ საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი საქმის განხილვაზე;
- ამის მიუხედავად, მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესის ინიცირებით, პრემიერმა გადაწყვიტა გაეძლიერებინა თავისი გავლენები მთლიანად სასამართლო სისტემაზე.
ავხსნათ, როგორია დღევანდელი სისტემა და რას გულისხმობდა ცვლილებები:
ისრაელის სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის ერთიანი წესი მოქმედებს. ამ პროცესში მთავარი რგოლი მოსამართლეთა შემრჩევი კომიტეტია.
- კომიტეტი პოლიტიკური და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელი 9 წევრისგან შედგება, კერძოდ: პარლამენტის და მთავრობის 2-2, ადვოკატთა ასოციაციის 2 და უზენაესი სასამართლოს 3 წევრი;
- უმეტესად, პარლამენტიდან 1 ოპოზიციას და ერთი კოალიციას წარმოადგენს. მთავრობიდან კი ერთი აუცილებლად იუსტიციის მინისტრია. ეს შემადგენლობა კომიტეტში მთავრობას სულ ცოტა 3 ხმას უგროვებს;
- ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა დანიშვნას არანაკლებ 4 წევრის ხმა, უზენაეს სასამართლოში კი 7 ხმა სჭირდება.
ინიცირებული წესით:
- კომიტეტი 11 წევრამდე ფართოვდებოდა: მათგან 6 მმართველი უმრავლესობიდან (3 მინისტრი, 3 პარლამენტარი), 2 დეპუტატი ოპოზიციიდან და სამი მოსამართლე უზენაესი სასამართლოდან, მათ შორის, თავმჯდომარე;
- დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველაზე უფრო ხანგრძლივი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მოსამართლეა;
- ცვლილებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კომიტეტის უბრალო უმრავლესობა, ესე იგი, მმართველი უმრავლესობა, აირჩევდა და ამით კომიტეტში დამატებით ერთ ხმას მოიპოვებდა;
- სწორედ 7 ხმა იქნებოდა ქვედა ინსტანციის მოსამართლეების დასანიშნად საჭირო.
კიდევ რა ცვლილებებს ითვალისწინებდა ინიციატივა?
- კანონის დამტკიცების შემთხვევაში, პრემიერის თანამდებობასთან შეუთავსებლობას, მხოლოდ ფიზიკური და მენტალური შესაბამისობის კრიტერიუმით, უშუალოდ პრემიერი (ან კაბინეტი) გადაწყვეტდა, ხოლო პარლამენტი დაამტკიცებდა.
- აქამდე ეს უფლებამოსილება პარლამენტს ჰქონდა, სასამართლოს მიერ პრემიერის „მორალურ/ზნეობრივ გადაცდომად“ შეფასებული მსჯავრდებისათვის;
- ამ გადაწყვეტილებას ვეღარ გააუქმებდა ისრაელის უზენაესი სასამართლოც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ბუნების მქონე უმაღლესი ინსტანციის სასამართლოა და განიხილავს/აუქმებს პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებებს;
- პარლამენტი კი უბრალო უმრავლესობით მაინც შეძლებდა იმ კანონის მიღებას, რომელსაც უზენაესი სასამართლო გააუქმებდა.
ცვლილებების პაკეტი პრემიერს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის არიდებასთან ერთად, პოზიციასაც უნარჩუნებდა. იგი სრულად იყო მორგებული მის ძალაუფლებას და ამით სასამართლო სისტემასაც იმორჩილებდა. სწორედ ამ სახიფათო ცვლილებებმა გამოიწვია ფართომასშტაბიანი და შედეგიანი პროტესტი ისრაელში.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს