უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ფართომასშტაბიანმა ომმა ასოცირების ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირთან დაახლოების ახალი შესაძლებლობა გააჩინა. ევროკავშირში გაწევრების განაცხადი, ომის დაწყებიდან 5 დღეში, პირველმა სწორედ უკრაინამ გააკეთა. ეს სტატია მიმოიხილავს უკრაინის განვლილ გზას კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე და მართლმსაჯულების სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად სცადა. თუმცა, მათგან განსხვავებით, სტატუსი ვერ მიიღო. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა რეალურია, თუმცა საჭიროა წინაპირობების შესრულება. ამ პროცესში უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯების განხილვა შესაძლოა სასარგებლო იყოს.
ჩვენი კომენტარი: ევროკავშირის შეფასება მოწმობს, რომ უკრაინის კანონმდებლობა მთლიანობაში უკვე შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა გატარებულ რეფორმებს სრულყოფა და გაგრძელება სჭირდება. უკრაინაც, მოლდოვის მსგავსად, აქცენტს აკეთებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების (pre-vetting და vetting) მექანიზმსა და მართლმსაჯულების ინსტიტუტებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე.
უკრაინა საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სამივე ინსტანციაში თანამდებობაზე ნიშნავს მოსამართლეებს. თუმცა ამ ეტაპამდე პროცედურა საკმაოდ კომპლექსურია და მასში მონაწილეობს:
- მოსამართლეთა კვალიფიკაციის უმაღლესი კომისია (HQCJ) და
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო (HCJ).
კვალიფიკაციის კომისია უფლებამოსილია მოსამართლეთა კანდიდატების შეფასებასა და შერჩევაზე. საბჭო კი იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტისთვის კანდიდატის წარდგენაზე.
2021 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით:
- კვალიფიკაციის კომისიას (HQCJ) ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისია არჩევს (მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, 2 საერთაშორისო);
- შერჩეული კანდიდატების სია კი დასამტკიცებლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარედგინება;
- თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებთან შესაბამისობას ახალშექმნილი ეთიკის საბჭო დაადგენს;
- ეთიკის საბჭო 6 წევრისგან შედგება, მათგან 3-ზე რეკომენდაციას საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ
- ეთიკის საბჭოს ფორმირება მართლმსაჯულების ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი მოვლენაა;
- ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონში სრულად გათვალისწინებული იყო.
სხვა რეფორმები, რომლებიც უკრაინამ 2014 წლის შემდეგ გაატარა:
- მოქმედი მოსამართლეებისა და პროკურორების შეფასება (examinations, integrity and professionalism check), რასაც სასამართლო კორპუსის მეოთხედზე მეტის, 2 000 მოსამართლისა და თითქმის 12 ათასი პროკურორიდან 30% გათავისუფლება მოჰყვა;
- 2019 წელს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა;
- 2021-2022 წლებში პროკურატურის რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდა.
ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ დამატებით უნდა იზრუნოს შემდეგზე:
- ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა კეთილსინდისიერებისა და პროფესიული უნარების საფუძველზე. ამისათვის უნდა მიიღოს და შეასრულოს შესაბამისი კანონმდებლობა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCJ) წევრობის კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების დასრულება ეთიკის საბჭოს მიერ;
- საკვალიფიკაციო კომისიის (HQCJ) შექმნისთვის კანდიდატთა არჩევა;
- სასამართლოს გადატვირთულობის შემცირება;
- მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გაზრდა.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.