პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი კონსტიტუციის წინააღმდეგ
მარტი 15, 2023

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. საპარლამენტო განხილვები მუდმივი პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ფართომასშტაბიანი სახალხო პროტესტის გამო საპარლამენტო უმრავლესობას უკან დახევა და კანონპროექტის ჩაგდება მოუწია. თუმცა, ხელისუფლების რიტორიკა და დღის წესრიგი არ შეცვლილა. ამ სტატიაში შევაფასებთ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მომზადებული ინიციატივის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ქვეყნის ფაქტობრივად ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, აგენტების კანონპროექტს საქართველოს ეროვნული, სოციალური და პოლიტიკური ინტერესებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ. ცალსახაა, რომ ეს ინიციატივა ასევე ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

ჩვენი კომენტარი

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია და არგუმენტები პრობლემურია არა მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ნეგატიური გავლენის გამო, ასევე აშკარად იკვეთება მისი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან. კერძოდ, უმრავლესობის მხარდაჭერილი ინიციატივა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასთან, ასევე გაერთიანების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და თანასწორობის უფლებასთან. 

გაერთიანების უფლება

საქართველოს კონსტიტუცია იცავს გაერთიანების თავისუფლებას, რომელსაც, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ „კონკრეტული მიზნის, შინაარსის მქონე ინფორმაციის ან გაერთიანების შეზღუდვის ან აკრძალვისას ხელისუფლების მოქმედება მკაცრ შეფასებას დაექვემდებარება.“ 

ე.წ. აგენტების შესახებ ინიციატივა გაერთიანების თავისუფლებაში ერევა, რადგან:

  • ქმნის ორგანიზაციებისთვის მტრულ გარემოს;
  • ზღუდავს დაფინანსების გზებზე ხელმისაწვდომობას;
  • აწესებს გართულებულ ანგარიშგების მოთხოვნებს;
  • ადგენს სამთავრობო შემოწმებების უფლებამოსილებას;
  • აწესებს მკაცრ ადმინისტრაციულ სანქციებს.

კანონპროექტის კონსტიტუციურობის პრობლემა უკავშირდება შესაბამისი დასაბუთებისა და ლეგიტიმური მიზნის არარსებობას. აბსტრაქტული შიშები და ჰიპოთეტური საფრთხეები არ შეიძლება უფლების შეზღუდვის საფუძველი გახდეს. კანონპროექტი კი სწორედ ამგვარ სულისკვეთებაზე დგას - არ არსებობს კავშირი უსაფრთხოების ინტერესებსა და ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობას შორის. გაერთიანების უფლებაში ამგვარი უხეში ჩარევა, საბოლოოდ, საფრთხის უქმნის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქმეში გაერთიანების უფლების დარღვევა „გამოხატვის თავისუფლების განმარტების შუქზე“ დაადგინა. სასამართლომ არაერთ სხვა საქმეშიც აღნიშნა, რომ კონვენციის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლების დაცვა გაერთიანების უფლების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. მსგავსი განმარტება გააკეთა ვენეციის კომისიამაც უნგრულ კანონზე გამოქვეყნებულ დასკვნაში.

პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება

იუსტიციის სამინისტროს ენიჭებოდა უცხოელი გავლენის აგენტის გამოვლენის, მონიტორინგის და ამ მიზნით ნებისმიერი სახის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი ხელშეუხებლად აცხადებს ადამიანის პირად და ოჯახურ ცხოვრებას. კონსტიტუციის თანახმად, მისი შეზღუდვა დასაშვებია „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ ინიცირებული კანონპროექტი უხეშად არღვევდა ამ დათქმას. არ არსებობდა მყარი, გამოკვეთილი და დასაბუთებული მიმართება იუსტიციის სამინისტროს გაზრდილ უფლებამოსილებას და უფლების შეზღუდვის რომელიმე საფუძველს შორის. 

საპარლამენტო უმრავლესობის რიტორიკაში უსაფრთხოების რისკების გადაზღვევაზე მარტოოდენ მითითება ვერ გაამართლებს პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას. აუცილებელია, ეს ლეგიტიმური მიზანი გამყარებული იყოს გარდაუვალი აუცილებლობის სათანადო დასაბუთებით და პროპორციული ზომით. კანონპროექტით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანი გამომდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ უცხოური დაფინანსების არსებობის ფაქტიდან და ამ საფუძვლით შესაძლებელს ხდიდა პერსონალური მონაცემების უკონტროლო დამუშავებას. ამგვარი გენერალიზება კონსტიტუციის ლოგიკის, პრინციპებისა და დათქმების საწინააღმდეგოა. სახელმწიფოს ევალება დაამტკიცოს, რომ უცხოური დაფინანსების არსებობა თავისთავად წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს. ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ზოგადად კაპიტალის ტრანსნაციონალური ბრუნვის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებაც.

თანასწორობის უფლება

აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაშია თანასწორობის უფლებასთანაც, რადგან სელექციურად ეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ. დიფერენცირება გამართლებული რომ იყოს, ის უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ გონივრულ საფუძველს. კანონპროექტის მიხედვით, მისი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. თუმცა, არ მოიძებნება არც ერთი ევროპული ორგანიზაციის, სასამართლოს ან ინსტიტუტის შეფასება, რომელიც გამჭვირვალობის ინტერესის საფუძვლით კონკრეტული ჯგუფის მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას დასაშვებად მიიჩნევდა. ასეც რომ იყოს, გაუგებარი იქნებოდა, რატომ არ მიესადაგება გამჭვირვალობის არგუმენტი სხვებს, მაგალითად მათ, ვინც კერძო პირების/ბიზნესის მიერ ფინანსდება (როგორც საზღვარგარეთიდან მომდინარე, ასევე ქვეყნის შიგნით ფულის ბრუნვის შემთხვევაში). ამდენად, ის ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციულია.

აგენტის სტატუსი

სამართლებრივი არგუმენტის მიღმა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ისტორიული დატვირთვა, რასაც სიტყვა „აგენტი“ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ატარებს. საქართველოში ის ჯაშუშის სინონიმად აღიქმება და საზოგადოებაში იმთავითვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს. საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისა და ადამიანების ამგვარ სტიგმატიზებას თავის მხრივ ექნება ე.წ. „მსუსხავი ეფექტი,“ რაც საკონსტიტუციო სასამართლოსვე განმარტებით, ნორმის არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთი ნიშანია. მსუსხავი ეფექტის გამოხატულება იქნება ის, რომ აგენტის სტატუსის მინიჭების თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზაციები უარს იტყვიან რეგისტრაციაზე, რაც მათ მიმართ სანქციების დაწესებას გამოიწვევს. საბოლოოდ, ფინანსურმა ტვირთმა ორგანიზაციები შესაძლოა დახურვის პირას დააყენოს.

ზემოთმული არგუმენტები არ არის უცხო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის. ამ უკანასკნელმა 2020 წელს გააუქმა უნგრული კანონი. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას უზენაეს მიზნად აცხადებს. საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერილი ინიციატივა კონსტიტუციის ამ სულისკვეთებასთან სრულად შეუსაბამოა.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
ავტორი