პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვეტინგის რა მოდელები არსებობს?  
ივნისი 28, 2024

სოციალურ კეთილდღეობას და პოლიტიკურ მშვიდობას დამოუკიდებელი ინსტიტუტები ქმნის. პოლიტიკური ჯგუფების თუ კორპორაციული გავლენების პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელია. ვეტინგის ამოცანა სწორედ ამ გავლენებისა და კონტროლისაგან სასამართლოს ინსტიტუციური გათავისუფლებაა. ვეტინგით დასახული ამოცანები რამდენიმე მეთოდით მიიღწევა და მათ ამ სტატიაში მიმოვიხილავთ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს?

მართლმსაჯულების პოლიტიზების ხარისხი და სისტემის მიმართ უნდობლობა გამორიცხავს მის მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნებას ტრადიციული გზებით. ამდენად, მნიშვნელოვანია დისკუსია იმაზე, თუ რა არასტანდარტული პროცედურებით შეიძლება ამ მიზნის მიღწევა. ვეტინგი ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირი მკაფიოდ მოგვიწოდებს ვეტინგის, ანუ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვისკენ.

ჩვენი კომენტარი

ვეტინგის მოდელის შერჩევა სასამართლოში პრობლემის მასშტაბის სწორი შეფასებითა და აღიარებით უნდა მოხდეს.

რა უნდა ვიცოდეთ ვეტინგის მოდელების შესახებ?

მართლმსაჯულების ორგანოებში თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების ფორმა და მოდელები, ქვეყნების პოლიტიკური კონტექსტისა და მართლმსაჯულების ინსტიტუციური გამოწვევების მასშტაბის მიხედვით განსხვავდება. საერთაშორისო გამოცდილებით ორი ძირითადი მოდელი ჩამოყალიბდა, წინასწარი და სრულმასშტაბიანი ვეტინგი.

წინასწარი ვეტინგით მართლმსაჯულების კოლეგიური ორგანოები (მაგალითად, იუსტიციის ან საპროკურორო საბჭოები) თავიდან კომპლექტდება. პოტენციური წევრები, კანდიდატები კი ექვემდებარებიან კეთილსინდისიერების, ეთიკის, ქონების წარმომავლობის შემოწმებას. ეს მოდელი ემყარება ლოგიკას, რომლის თანახმადაც, განახლებული შემადგენლობა, რომელიც გადალახავს თანამდებობასთან შესაბამისობის ტესტს და დაიბრუნებს საზოგადოების ნდობას, თავად იქნება კეთილსინდისიერი, ანგარიშვალდებული სასამართლო/საპროკურორო კორპუსის შემოქმედი. ამასთან, ინსტიტუციურ გამოწვევებთან ბრძოლა წინასწარი ვეტინგით მაშინ იწყება, როცა კორუფციას და ადამიანის უფლებების დარღვევას უპრეცედენტო მასშტაბისთვის არ მიუღწევია და სრულმასშტაბიანი ვეტინგის, როგორც განსაკუთრებით მძიმე მექანიზმის გამოყენების თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

სრულმასშტაბიანი ვეტინგის ექსტრაორდინარულობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს მექანიზმი ამოწმებს უკლებლივ ყველა მოქმედ მოსამართლეს ან პროკურორს. მან სისტემის გაჯანსაღებასთან ერთად, პრევენციული ფუნქცია უნდა შეასრულოს და მომავალში თავიდან აგვარიდოს ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები. ამდენად, უფრო ფართოა შემოწმების კრიტერიუმებიც: ეთიკურ და ფინანსურ კეთილსინდისიერებას, პროფესიული კომპეტენციის შეფასება და ორგანიზებულ დანაშაულებში ჩართულ პირებთან კავშირების გამოკვეთაც ემატება.

მაგალითისთვის, მართლმსაჯულების რეფორმა წინასწარი ვეტინგით დაიწყო ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი მოლდოვაში. ამის საფუძველი იყო კითხვები კოლეგიური ორგანოების დამოუკიდებლობის მიმართ და შესაბამისად, უნდობლობაც. ორივე ქვეყანაში წინასწარი ვეტინგი სრულმასშტაბიანი შემოწმებით გაგრძელდა და ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის ნაწილიც გახდა.

სრულმასშტაბიანი შემოწმების გამოცდილება აქვს კოსოვოს, ლბანეთს და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც. თითოეულ ქვეყანაში კორუფციის, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევების, კომპეტენციისა თუ კეთილსინდისიერების მეტ-ნაკლებად მსგავსი მასშტაბის პრობლემები მჭიდროდ უკავშირდებოდა პოლიტიკურ/ისტორიულ კონტექსტს და სუსტ, გავლენებს დაქვემდებარებულ ინსტიტუტებს. ამასთან, ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყების საფუძველი იყო ალბანეთშიც.

ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის მოთხოვნით, საქართველომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების ვეტინგი უნდა ჩაატაროს. შემოწმების ეს მასშტაბი, ერთი მხრივ, სცდება წინასწარი ვეტინგის შინაარსსა და ფარგლებს, თუმცა არც სრულმასშტაბიანი ვეტინგის ანალოგი არ არის.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი