2023 წელს, უზენაესმა სასამართლომ სოციალური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიმოხილვა გამოაქვეყნა, მათ შორის, დევნილებისა და ეკომიგრანტების საცხოვრებლის უფლებაზეც. შემთხვევითი არ არის, რომ დოკუმენტში საცხოვრებლის უფლება სხვა კონტექსტში საერთოდ არ გვხვდება. სასამართლო საცხოვრებლის უფლების დაცვაში საკუთარ როლს შეზღუდულად ხედავს. ამ სტატიაში საცხოვრებლის უფლების შესახებ განვითარებულ სასამართლოს პრაქტიკაზე ვისაუბრებთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს?
საცხოვრებლის უფლების რეალიზება ადამიანის ღირსეული ცხოვრების საზომია. მასზეა დამოკიდებული სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაც. საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, ხელი შეუწყოს თითოეული მოქალაქისთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ჩვენი კომენტარი
უზენაესი სასამართლო ხშირად აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები ადამიანის ძირითად უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ზოგიერთ უფლებასთან დაკავშირებით შესამჩნევია შედარებით ფართო განმარტებებიც, თუმცა, საცხოვრებლის უფლება მათ რიგებში სრულყოფილ ადგილს მაინც ვერ იკავებს. სასამართლო პრაქტიკა განსაკუთრებით პრობლემურია, როცა დავა კერძო პირთა შორის მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე საცხოვრებელს ეხება.
რა ტიპის დავებს განიხილავს სასამართლო?
ფიზიკურ პირსა და სახელმწიფოს შორის დავები
სასამართლოს პრაქტიკაში შევხვდებით დევნილებისა და ეკომიგრანტების განსახლებასთან დაკავშირებულ დავებს. ასეთი დავები, როგორც წესი, განსახლების მოთხოვნაზე სახელმწიფოს უარს უკავშირდება. სასამართლო უარის კანონიერებას აფასებს და ამას აკეთებს არსებული სერვისის გაწევისთვის დადგენილი ფორმალური კრიტერიუმების შემოწმებით. ეს სერვისი შესაძლებელია გულისხმობდეს საცხოვრებლის ქირით, ისე უშუალოდ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.
დევნილები და ეკომიგრანტები სპეციალური სტატუსის მქონე პირები არიან. ეს საერთაშორისო აქტებით აღიარებული სტატუსია და მათ წინაშე სახელმწიფოს ვალდებულებებსაც მკაფიოდ განსაზღვრავს. დევნილებისა და ეკომიგრანტების სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის წესი ეროვნული კანონმდებლობითიცაა მოწესრიგებული, რაც სასამართლოს უადვილებს უფლებრივ სტანდარტზე მსჯელობას. მაგალითად, ხშირად შევხვდებით ვრცელ მიმოხილვას იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის სოციალურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. გვხვდება მსჯელობა სახელმწიფოს ვალდებულებაზეც, ეკომიგრანტს საცხოვრებელი საკუთრებაში გადასცეს მაშინაც, როცა ის თავს ნათესავის, ყოფილი მეუღლის, შვილის ან ოჯახის სხვა წევრის საცხოვრებელს აფარებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მსჯელობისა, სასამართლოს პრაქტიკა შედეგობრივად უნაკლო არ არის. დავების ნაწილში სასამართლო არ იყენებს უფლებამოსილებას, თავად გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული სადავო საკითხი და შედეგად, პასუხისმგებელ უწყებას პირდაპირ დაავალოს ოჯახის განსახლება, მაშინ როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევს. ამის ნაცვლად, სასამართლო საკითხს ხელახლა განსახილველად ისევ იმავე უწყებას უბრუნებს, რომელმაც, მისი აზრით, უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ეს პრაქტიკა არც უზენაეს სასამართლოში იცვლება. საკასაციო საჩივარი ხშირად დასაშვებობის ეტაპსაც კი ვერ გადის.
კერძო პირთა შორის დავები
სასამართლოს მიდგომა გაცილებით შეზღუდული და ფორმალისტურია კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას, თუნდაც შედეგი პირის უსახლკარობის რისკებს ქმნიდეს. ასეთ დავებში სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს არა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე სახელმწიფოს უარის კანონიერება, არამედ კერძო პირებს, კერძო პირებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, სხვადასხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისას საცხოვრებლის ფლობის საკითხი (სესხი, ქირა, ნასყიდობა და სხვ.), რომელსაც მეორე პირის საკუთრების უფლება უპირისპირდება. ასეთ დავებში სასამართლო, როგორც წესი, მსჯელობის მიღმა ტოვებს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს (მაგ.: დაფარული, ამორალური გარიგება) ან მოვალის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
სასამართლოს მსჯელობაში ხშირად შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასაც, რომ „საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.“ ასევე, ასეთ დავებში სასამართლო არ ეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ განმარტებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს და ვერ გააკონტროლებს კრედიტორების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და რომ სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების მასობრივად დაკარგვისგან მოქალაქეთა დაცვა საჯარო სიკეთეზე ზრუნვაა.
სასამართლოების პრაქტიკაში ხშირია ევროპული სასამართლოს მსჯელობის ციტირებაც, როგორც საკუთრების უფლებაზე, ისე საცხოვრისის უფლებაზე. თუმცა საგულისხმოა, რომ საცხოვრებლის სტანდარტების ციტირებაც კი ხელს უწყობს გამოსასახლებელი პირების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითად, გადაწყვეტილებებში ამოვიკითხავთ, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით“ ან „როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას.“ არადა, სტრასბურგის სასამართლოს არაერთ საქმეში დაუდგენია ამავე მუხლის დარღვევა, რადგან სახელმწიფომ გამოსახლებისას არ გაითვალისწინა ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებები, სოციალური მოწყვლადობა, ალტერნატიული საცხოვრებლის და ეფექტიანი სასამართლო კონტროლის არარსებობა გამოსახლების აქტზე.