„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შესახებ დაუსჯელობის სისტემური პრობლემის უგულებელყოფას და მის ინსტიტუციურ წახალისებას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვბრუნდებით 2018 წლამდე არსებულ რეალობაში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიება პროკურატურის ვალდებულებას წარმოადგენდა. თუმცა, პროკურატურა, პოლიტიზირების მაღალი ხარისხის და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სისუსტის ფონზე, ამ ვალდებულებას ვერ ასრულებდა. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ახალი სამსახურის შექმნის საკითხი. დღეს, როდესაც სამსახურის გაუქმება და მისი ფუნქციების პროკურატურისთვის გადაცემა განიხილება, უნდა ვიცოდეთ, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის მიმართულებით არაფერი შეცვლილა.
როგორ მუშაობს სამსახური?
დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციაა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ზოგიერთი, მძიმე დანაშაულის, გამოძიება. თუმცა, კანონი სამსახურს მანდატს ზღუდავს და ის არ ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე, მაგალითად, გენერალურ პროკურორზე, შს მინისტრზე, სუს-ის უფროსზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიმართ ლეგიტიმური და დასაბუთებული კრიტიკა არსებობს. ამ სამსახურს არ აქვს ნება დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულები. ამას მოწმობს გასული წლის დეკემბერში, დაკავებული დემონსტრანტების მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ათეულობით საქმის გამოუძიებლობაც.
თითქმის 6 თვის შემდეგად კი, არცერთი პოლიციელის მიმართ გამოძიება შემაჯამებელ ფაზაში არ გადასულა და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
სამსახურის მიმართ უნდობლობას დიდწილად განაპირობებს მისი ხელმძღვანელის დანიშვნის მოდელიც, რომელსაც მთლიანად „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, პროცესში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობისა და პარლამენტში გადაწყვეტილების უმრავლესობით მიღების გზით.
რა გამოწვევა ექნება პროკურატურაში ამ საქმეების გამოძიებას?
პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. მისი მთავარი ფუნქცია სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაა. ამიტომაც, არსებითად არასწორია, როდესაც ბრალდების ორგანოს ამავდროულად საქმის გამოძიების მანდატი აქვს მინიჭებული. გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა სრულიად განსხვავებული ბუნების ამოცანაა. გამოძიების პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის, გავლენებისგან. ამის მიღწევას კი, არა პროკურატურის საგამოძიებო მანდატის გაზრდა, არამედ პირიქით, პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამოშორება და საგამოძიებო ორგანოების რეფორმა სჭირდება.
პროკურატურა დღეს ინსტიტუციურად დამოუკიდებელი არ არის. ამას მოწმობს, მათ შორის, ათეულობით პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სწორედ პროკურატურა უმაგრებს ზურგს სასამართლოში. პროკურატურის პოლიტიზირების ხარისხი დიდწილად განპირობებულია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის მოდელით, რომელსაც სრულად და ერთპარტიულად აკონტროლებს ქართული ოცნება. პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიმართულებით გასატარებელ კონსტიტუციურ რეფორმაზე ქართულმა ოცნებამ უარი თქვა. ამ რეფომრით, გენერალური პროკურორი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა დანიშნულიყო. ამ გზით, „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა გავლენის ბერკეტები პროკურატურის საქმიანობაზე.
რა იქნებოდა სწორი გამოსავალი?
სამსახურის გაუქმების ნაცვლად, საჭიროა მისი გაძლიერება. ამ სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის საჭიროა, რომ მისი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის უმრავლესობის, ანუ რეალურად ერთპარტიული დანიშვნის წესით არ ინიშნებოდეს. სამსახურის რეალურ დამოუკიდებლობას სჭირდება სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ფართო
კონსენსუსით შეირჩევა და იმსახურებს ნდობას სწორედ მაღალი ლეგიტიმაციის გამო. სამსახურის ფუნქციური გაძლიერებისთვის კი, საჭიროა, სამსახურისთვის მინიჭებული ბერკეტების გაზრდა და პროკურატურის ზეგავლენისგან მისი დაცვა.