პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკა გამოსახლებასთან დაკავშირებულ დავებში
ივნისი 5, 2025

ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ურთიერთობები ოჯახებისთვის შეიძლება ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვით დასრულდეს. ამდენად, ეკონომიკურ მხარესთან ერთად, ამ ტიპის სამართლებრივ დავებს მნიშვნელოვანი სოციალური განზომილება აქვს და სასამართლოს როლიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ქართული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორია საერთაშორისო სასამართლოების მიდგომა გამოსახლებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება

სასამართლოს როლი საცხოვრებელთან, კერძოდ კი იპოთეკურ სესხთან დაკავშირებულ საქმეებში ნათლად გამოჩნდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სადაც ამ უკანასკნელს ესპანელი მოსამართლის მიმართვის საფუძველზე უნდა ემსჯელა ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების შესახებ დირექტივასთან ესპანეთის იპოთეკური სესხის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისობაზე. კანონმდებლობა გამორიცხავდა ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებას, შეეჩერებინა გამოსახლება მანამ, სანამ სასამართლო არ შეაფასებდა ხელშეკრულების იმ ნორმების სამართლიანობის საკითხს, რომლებიც, ფაქტობრივად, საფუძვლად დაედო სააღსრულებო წარმოებას და რომელსაც სადავოდ ხდიდა მომჩივანი. სასამართლოს დასკვნის მიხედვით, ასეთი დათქმა ეროვნულ კანონმდებლობაში შეუძლებელს ან ზედმეტად რთულს ხდის ევროკავშირში მომხმარებლის უფლებების დაცვას და რომ სასამართლოებს უნდა შეეძლოთ, ხელშეკრულების სამართლიანობის შეფასებამდე, მათ შორის ავტომატურად, საკუთარი ინიციატივით, შეაჩერონ იპოთეკური სააღსრულებო წარმოება და შესაბამისად, ოჯახის გამოსახლება.

ამ საქმემ გააფართოვა დისკუსია გამოსახლების სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებაზე და სასამართლოს მისცა შესაძლებლობა გაებათილებინა იპოთეკური სესხის პირობები, რომლის მიხედვითაც, მომჩივანს ყოველთვიურად ბანკისთვის შემოსავლის/ხელფასის 70% უნდა გადაეხადა, ხოლო ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის შეეფასებინა, როგორც არაპროპორციულად მაღალი. სასამართლომ ასევე ბათილად ცნო სახელშეკრულებო დათქმა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე გადაუხდელობის გამო, კრედიტორს უფლებას აძლევდა მოვალისგან მთლიანი სესხის, პროცენტისა და ჯარიმის გადახდა მოეთხოვა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ამ საქმეში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იპოთეკური სესხის ხელშეკრულების მხარეები ასიმეტრიულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რა პირობებშიც სასამართლოს მიერ ხელშეკრულების დათქმების შეფასება კეთილსინდისიერების პრინციპთან მიმართებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და პრაქტიკულ დატვირთვას იძენს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში გამოსახლების აქტის პროპორციულობის შესამოწმებელი სტანდარტები, მეტწილად, ბოშათა საცხოვრებლების, მათ შორის, ე.წ. ქარავნების, დაშლის, გადაწვის და თავად ბოშების მიმართ დისკრიმინაციული, დამამცირებელი მოპყრობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი მკვლელობის ფაქტების შემოწმებისას ჩამოყალიბდა.  ამ სტანდარტების თანახმად, ევროპული სასამართლო მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნევს გამოსახლებას, რომლის დროსაც თვითნაკეთ ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებლებიდან გამოსახლებისას, სახელმწიფოს მიერ წინასწარ არ არის შეფასებული პირის უსახლკაროდ დარჩენის რისკი და შესაბამისად, არც ალტერნატიული საცხოვრებელია შეთავაზებული. სასამართლო ასეთ დროს გამოსახლებას არაპროპორციულად მიიჩნევს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საცხოვრებლის ფლობის ხანგრძლივობას, როგორც ოჯახის განსაკუთრებულ კავშირს მასთან.

ერთ-ერთ საქმეში ევროპულმა სასამართლომ მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა, რადგან ფინანსური დავალიანების, ქირის გადაუხდელობის გამო სოციალური საცხოვრებლიდან ოჯახის გამოსახლება, ამ გარემოების სასამართლოს მიერ შეფასების გარეშე, არაპროპორციულად ზღუდავდა განმცხადებლის საცხოვრებლის უფლებას. კიდევ ერთ საქმეში, ევროპულმა სასამართლომ მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია დედისა და შვილის საჯარო კოლეჯის საცხოვრებლიდან (კორპორაციული საცხოვრებელი) გამოსახლება. განმცხადებლის საჯარო კოლეჯში ცხოვრების უფლება გამომდინარეობდა ამავე საჯარო კოლეჯში დასაქმების გამო. შესაბამისად, დასაქმებისა და ქირავნობის ხელშეკრულება დროში ერთმანეთს ემთხვეოდა, გარდა ერთ თვიანი ინტერვალისა, რა დროშიც შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, განმცხადებელთან ახალი ხელშეკრულება დაიდო. თუმცა, ამ დროში მას საცხოვრებლის დატოვება მოსთხოვეს ახალი მოქირავნეების აბსტრაქტულ ინტერესებზე მითითებით. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოს შეფასება ქირის ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებით იყო ბლანკეტური, რადგან მან არ გაითვალისწინა ახალი ხელშეკრულება, რომელიც საცხოვრებელში კანონიერად დარჩენის საფუძველს ქმნიდა.

სხვა საქმეში კი სასამართლომ მე-8 მუხლთან წინააღმდეგობრივად შეაფასა კრედიტორების სასარგებლოდ, მომჩივნის ბინის აუქციონით რეალიზაცია და გამოსახლება, რადგან აუქციონით განმცხადებელმა დაკარგა ბინაზე საკუთრების უფლება, ხოლო გამოსახლებით - ბინა. სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე მიეღო რაციონალური და აუცილებელი ზომები, ქმედუუნარო მომჩივნის საცხოვრებლის და საკუთრების უფლების დასაცავად.

ამდენად, გამოსახლებასთან დაკავშირებულ დავებში მკვეთრი სხვაობაა ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიდგომებს შორის: თუ ქართულ სასამართლოებში საკუთრების უფლება ხშირად უპირატესად განიხილება, საერთაშორისო ინსტანციებში საცხოვრებლის უფლება აღიარებულია როგორც სოციალური სამართლიანობის, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების აუცილებელი კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოების მსჯელობაც თანდათან დაუახლოვდეს და იზიარებდეს საცხოვრებლის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.

 

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი