პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვალაუვალობა, გამოსახლება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
მაისი 30, 2025

საქართველოში ვალით განპირობებული იძულებითი გამოსახლებები ჩვეულ მოვლენად იქცა. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდამ პრობლემური სესხების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია. ამასთან, მაშინაც კი როცა მთავრობა მისი მოქალაქეებისგან სახლში დარჩენას მოითხოვდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ოჯახები გამოსახლების და უსახლკაროდ დარჩენის რისკის წინაშე იდგნენ.

სტატისტიკური მონაცემების ნაკლებობა და დაუცველი ოჯახები გამოსახლების პირისპირ

მართალია 2020 წლის აპრილში გამოსახლებები დროებით შეჩერდა, მაგრამ არ გაჩერებულა მათი საცხოვრებლის გაყიდვა აუქციონის წესით. 2022 წლის მარტში გამოსახლებები განახლდა. იმ მომენტისათვის, აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2200-ზე მეტი საქმე ჰქონდა წარმოებაში. ვალის გამო გამოსახლებების მასშტაბის დასადგენად არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები,  რადგან აღსრულების ბიურო ერთად აღრიცხავს ყველა ტიპის გამოსახლებას. თუმცა, თითოეულ გამოსახლებულ ოჯახს რთული და ხანგრძლივი ვალის ისტორია აქვს, რომელიც უმეტესად გარდაუვალ საჭიროებასთან გასამკლავებლად აღებული სესხით იწყება, დროთა განმავლობაში ვალი იზრდება, კრედიტორები იცვლებიან და მრავლდებიან, მსესხებლები კი ხშირად დიდი თანხის გადახდის მიუხედავად უსახლკაროდ რჩებიან. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ისევე როგორც გამოსახლების მომენტში, ეს ოჯახები მარტო რჩებიან კრედიტორების პირისპირ, რადგან მათ უფლებებს ვერც გამოსახლებამდე იცავს კანონი და არც გამოსახლების შემდეგ სთავაზობს სახელმწიფო უსახლკარობის მოგვარებას.

იძულებითი გამოსახლება: სტრუქტურული ფაქტორები

იძულებითი გამოსახლება იმ კომპლექსური პროცესების კულმინაციაა, რომელიც ეკონომიკური განვითარების და სახელმწიფო პოლიტიკების ჩავარდნასთან ან არარსებობასთან არის დაკავშირებული. როდესაც ვალი გადარჩენის და/ან სოციალური უფლებების დაკმაყოფილების მთავარი მექანიზმი ხდება, აუცილებელია გავცდეთ ვალის ინდივიდუალურ პრიზმაში დანახვას და მზერა სტრუქტურული პოლიტ-ეკონომიური ფაქტორებისკენ მივაპყროთ. ამ საკითხზე ვრცელი წარმოდგენის შესაქმნელად, ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის, შრომის ბაზრის და ხელფასების, სოციალური პოლიტიკების და ფინანსური რეგულაციების დეტალური ანალიზია საჭირო. წინამდებარე სტატია კი მხოლოდ შესავლის ფუნქციას თუ იტვირთებს იმ წარმოდგენების და არგუმენტების გასაქარვებლად, რომ ვალი მხოლოდ ცალკეული ადამიანების ინდივიდუალური პრობლემა არ არის. ეს კი იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ გამოვლინდეს ჭარბავალიანობასა თუ გამოსახლებაზე პასუხისმგებელი აქტორები.

საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება შინამეურნეობების ვალი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წელს შინამეურნეობების ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 28%-ს შეადგენდა, 2024 წელს კი ამ მაჩვენებელმა 40%-ს გადააჭარბა. 2024 წელს პლატფორმა “კომენტარის“ ინიციატივით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მონაცემებით, შინამეურნეობების 62%-ს აქვს ვალი, 83%-ს კი აუღია რაღაც ტიპის სესხი ბოლო 10 წლის განმავლობაში. ოჯახები ყველაზე მეტად სამომხმარებლო სესხს იღებენ (მთლიანი სესხების 46.4%), რასაც განვადება (27%), საპენსიო სესხი (12.7%) და იპოთეკა (9%) მოჰყვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალის აღების მიზეზებს შორის მოწინავე ადგილზე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (30%) და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები სახელდება (26%). მაღალია ასევე საპენსიო სესხის აღების მაჩვენებელი (39%) იმ შინამეურნეობებში, სადაც პენსიონერები ცხოვრობენ. ეს მოცემულობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ჩავარდნაზე მიგვანიშნებს, საცხოვრისის, ჯანდაცვის თუ საპენსიო პოლიტიკების მიმართულებით.

ფინანსური ბაზრის დერეგულაცია და ჭარბვალიანობა

შინამეურნეობების ვალის ზრდა გლობალური ფენომენია. იგი პირდაპირ კავშირშია ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაციასა და სტრუქტურულ ცვლილებებთან საცხოვრებელი პოლიტიკისა და შრომის ბაზრის მიმართულებით, ისევე როგორც ბანკების დაკრედიტების სტრატეგიასთან და ფინანსური სექტორის დერეგულაციასთან. პოსტ-სოციალისტურ სივრცეში, ფიზიკური პირების მასობრივი დაკრედიტება 1990-იან წლებში დაიწყო. სახელმწიფოს გიგანტური აპარატის ჩამოშლამ სახელმწიფოს ფუნქციების შეკვეცა გამოიწვია. წარმოქმნილი ვაკუუმი, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, ბაზარს უნდა ჩაენაცვლებინა. შესაბამისად, გაიზარდა კრედიტის საჭიროებაც. ახალ კონსტელაციაში მიჩნეული იქნა, რომ ფიზიკური პირების სასესხო ბაზარი იდეალური მექანიზმი იყო სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად - დაწყებული ჯანდაცვიდან, დამთავრებული სიღარიბით. ამრიგად, სამომხმარებლო სესხი პოპულარული გახდა პოსტ-სოციალისტურ სივრცეში, თუმცა, მალევე წარმოიქმნა ჭარბვალიანობის პრობლემაც.

სწორედ ამ პროცესების ნაწილად უნდა განვიხილოთ საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიც: ფინანსური ბაზრის დერეგულაცია, კრედიტზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ბანკების აგრესიული დაკრედიტების პოლიტიკა, საკრედიტო ბუმი, ჭარბვალიანობა და იძულებითი გამოსახლება. ქართული კონტექსტისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა ტიპის სესხის უზრუნველსაყოფად ადამიანები საცხოვრებელს იყენებენ. ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, სწორედ საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ დგებიან მსესხებლები.

ვალით დატვირთული საცხოვრისი, მევახშეობა და უსახლკარობის რისკი

2024 წლის სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, სესხის ამღები ოჯახების დაახლოებით 15%-ს უძრავი ქონება ვალით აქვს დატვირთული. იმ შინამეურნეობების 61%-ის შემთხვევაში, რომელთა უძრავი ქონებაც ვალითაა დატვირთული, ეს ქონება საცხოვრებელი ბინა ან სახლია. ასეთი ოჯახების 70%-თვის კი იპოთეკაში ჩადებული საცხოვრებელი ოჯახის ერთადერთი საცხოვრისია. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს უკანასკნელი საცხოვრისის დაკარგვის რისკი ვალაუვალი ოჯახებისთვის; ისინი სოციო-ეკონომიკური უსაფრთხოების უკანასკნელ და ყველაზე მყარ გარანტიას კარგავენ.

საცხოვრებლით უზრუნველყოფილი სესხების უმეტეს შემთხვევაში, საქმე გვაქვს ბანკებთან დადებულ სასესხო ხელშეკრულებებთან, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან და კერძო მევახშეებისგან აღებული იპოთეკით დატვირთული ვალი. მნიშნელოვანია ისიც, რომ კერძო მევახშისგან აღებული სესხი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება და შესაბამისად, მაღალია ასეთი ვალის ვერგადახდის რისკიც. 2015-2024 წლებში, კერძო პირისგან/მევახშისგან  აღებული კრედიტის საშუალო თვიური საპროცენტო განაკვეთი 30% იყო, რაც მაგ. 2.5-ჯერ აღემატება 2024 წელს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს. ამასთან, სწორედ კერძო პირისგან აღებულ კრედიტში ჭარბობს უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი (43% 2020-2024 წწ-ში). აქედან გამომდინარე, ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა, რომელიც რეგულარული შემოსავლების არარსებობის თუ სხვა მიზეზების გამო საბანკო სექტორსაც ვერ მიმართავს სესხისთვის, იძულებულია სესხი მევახშეებისგან აიღოს ყველაზე ძვირად და ხშირად სავალუტო რისკით, რაც ერთი-ორად ზრდის  ამ ვალის ვერდაბრუნების საფრთხეს. ამასთან, აღნიშნული ტიპის სასესხო ურთიერთობები მეტწილად რეგულაციებს მიღმაა და ეს კიდევ უფრო ამწვავებს მსესხებლის დაუცველობას.

ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მითი

მიუხედავად მთელი რიგი სტრუქტურული ფაქტორებისა, რაც ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს და ვალის აღებისკენ უბიძგებს, გამოსახლებასთან მიმართებით, საზოგადოებრივი აზრი არაერთგვაროვანია. გამოსახლების პირას მყოფი მსესხებლების მხარდამჭერებს ხშირად ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც ფიქრობენ რომ ვალი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და იგი უნდა დაბრუნდეს, თუნდაც გამოსახლების ფასად. გავალიანებული ოჯახების თითქმის 56% ამბობს, რომ მათთვის სესხის აღება ძალზე აუცილებელი იყო. ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს სესხი ორჯერ და უფრო მეტად აქვს აღებული ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია კერძო სესხის შემთხვევაში, 2015-2024 წლებში კერძო სესხი საშუალოდ დაახლოებით 3-ჯერ იქნა აღებული. ამასთან, სესხის პროცენტის გადახდასთან დაკავშირებით შეფერხებების მიზეზთა შორის წამყვანია ოჯახში არსებული გაუთვალისწინებელი ხარჯები (44.4%), ასევე, სამსახურის დაკარგვა (25.9%), ხელფასის შემცირება (17%) და ოჯახში ფინანსური შემომტანის გარდაცვალება ან შრომის უნარის დაკარგვა (8.9%). მაშინ როცა საფინანსო სექტორი და არსებული საკანონმდებლო სივრცე არ ითვალისწინებს ინდივიდისგან დამოუკიდებელი ფაქტორებით გამოწვეულ შეფერხებას სესხის ვერგადახდაში, მსესხებელი იმთავითვე უსამართლო პირობებში შედის კრედიტორთან ურთიერთობაში და შესაბამისად, არასწორია მთელი პასუხისმგებლობის მასზე დაკისრება. ვალი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობა არ არის და ვერც ვალაუვალობა აიხსნება ფინანსების მენეჯმენტის პრობლემით.

საკრედიტო ბუმი და “სიღარიბის ინდუსტრია“

საკრედიტო ბუმი ხშირად აღიქმება როგორც ეკონომიკური ზრდის, ფინანსური სექტორის განვითარების და შემოსავლების ზრდის „ბუნებრივი“ შედეგი. სესხები კი მიჩნეულია ინსტრუმენტად, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს, არარეგულარული შემოსავლები გადაანაწილონ სხვადასხვა პერიოდზე, რათა მოხმარების სტაბილური რეჟიმი შენარჩუნდეს. თუმცა, „რატომ არის სულ უფრო მეტი დაბალშემოსავლიანი მშრომელი საცხოვრებლის დაუცველობის რისკის წინაშე, მაშინ როცა სიმდიდრის დონე იმატებს? და რატომ განიხილება საცხოვრებლის დაუცველობა, და გამოსახლებები, ნორმალიზებულ, კლასობრივი ასპექტისგან დაცლილ და ინდივიდუალისტურ კონტექსტში?“, როგორც ამას სიუზან სოდერბერგი კითხულობს მის 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში - “გამოსახლებები: გლობალური კაპიტალისტური ფენომენი“.

შინამეურნეობებისთვის კრედიტზე ხელმისაწვდომობა ხშირად განიხილება როგორც ფინანსების დემოკრატიზაცია ან ფინანსური ინკლუზია. თუმცა, 2008-2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ფინანსური ეს ნარატივები ეჭვქვეშ დააყენა. დღეს უკვე ცხადია, არაერთი ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, რომ ფინანსურ ბაზარზე ჩართულობა, ხშირად, ადამიანების სოციალურ გარიყვას იწვევს  და არა მათ ინკლუზიას, რადგან სწორედ ვალი შეიძლება იქცეს გაღატაკების მიზეზად. ამავდროულად, ღარიბებზე სესხის გაცემაც ფინანსური ბაზრების მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდა, რომელსაც მაიკლ ჰადსონი (1996) "სიღარიბის ინდუსტრიას"  უწოდებს. სიუზან სოდერბერგი (2014) კი "ვალის სახელმწიფოს" კონცეფციას გვთავაზობს, რომელშიც ნეოლიბერალური სახელმწიფო მიზნად ისახავს სიღარიბის ინდუსტრიაში მონეტიზებული ურთიერთობების მედიაციას, ნორმალიზებას და დისციპლინირებას.

როდესაც კრედიტზე ხელმისაწვდომობა და სესხის გადაუხდელობა პირდაპირ ზემოქმედებს დავალიანებულთა საცხოვრებელ პირობებზე ან მათი უსახლკარობის მიზეზი ხდება, კიდევ უფრო მკაფიოდ ვლინებდა, როგორ შეიძლება ვალი გახდეს სოციალური გარიყულობის და გაღარიბების მიზეზი. იპოთეკა მხოლოდ ფინანსური ექსპროპრიაციის ფორმა არ არის; ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ბიოტექნოლოგია ან მართვის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც გლობალური ფინანსური ბაზრები პირდაპირ ახდენენ გავლენას დავალიანებული ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გარსია-ლამარკა და კაიკა (2016) ამტკიცებენ, რომ ამგვარ ბიოპოლიტიკურ პროცესს შეუძლია შრომის სოციალური რეპროდუქციის პროცესი გლობალური უძრავი ქონების ბაზრების სპეკულაციების ნაწილი გახადოს, იპოთეკური კონტრაქტების მეშვეობით. იპოთეკური სესხები, რომლებიც ფორმალურად განკუთვნილია ახალი მფლობელების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის, შეიძლება უარყოფითად აისახოს არა მხოლოდ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, არამედ მათ სოციალურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზეც. უფრო მეტიც, იპოთეკა შეიძლება ჩაითვალოს ბიოპოლიტიკური სუბიექტების — ანუ დავალიანებული ადამიანების (ლაზარატოს ტერმინოლოგიით) — შექმნის ინსტრუმენტად, რომლებიც დამოკიდებულნი ხდებიან გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე და რომელთა ცხოვრებაც კონტროლდება სესხის პირობებითა და კონტრაქტებით.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

ამრიგად, თუ ჩავუღრმავდებით ვალის აღების მიზეზებს და მათ განმაპირობებელ სტრუქტურულ ფაქტორებს, რომლებიც არამარტო ადგილობრივი პოლიტიკური მოწყობის და ეკონომიკური მოდელის ნაწილია, არამედ გლობალური ფინანსური ბაზრების ლოგიკასაც ექვემდებარება, დებულება, რომ ვალი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, საფუძველს კარგავს. ვალის აღება, ხშირად, თავისუფალი არჩევანი არ არის, მითუმეტეს საქართველოს მსგავს ნეოლიბერალურ სახელმწიფოში პერიფერიული ეკონომიკით, სადაც არც შრომით გამომუშავებული ფულია საბაზისო მოთხოვნილებებთან გამკლავების გარანტია და არც შესაბამისი სოციალური პოლიტიკა გვიცავს სიღარიბეში ჩავარდნისგან. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ვალით აღებულ პრობლემებზე და მათ შორის გამოსახლების რისკებზე ვერ იქნება ინდივიდუალური და ვერც კრედიტორსა და მსესხებელს შორის მოგვარებადი. და თუ სახელმწიფო არსებობს, იგი მისი მოქალაქეების სოციო-ეკონომიკური უსაფრთხოების დამცველიც უნდა იყოს.

მასალა მოამზადეს
ია ერაძე
ია ერაძე
ავტორი