სასამართლოს პრაქტიკის კვლევა მოწმობს, რომ ფინანსური დავალიანების გამო დაკარგული საცხოვრებლებიდან გამოსახლების შესახებ დავები, უმეტესად, კრედიტორის ინტერესების სასარგებლოდ წყდება. თუმცა, არსებობს დავათა კატეგორიები, სადაც სასამართლო აფართოებს მტკიცების საგანს, ითვალისწინებს მოპასუხის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას და მსჯელობს იმაზეც, ხომ არ არის საჭირო მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების – საცხოვრებლის უფლების დაცვისთვის. სტატიაში ამ მიდგომის თვალსაჩინო საქმეებს მიმოვიხილავთ.
დეტალურად:
- უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში არ დაკმაყოფილდა მამამთილის სარჩელი, რომლითაც იგი რძლის გამოსახლებას საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის (ბაბუის) საკუთრების უფლება და ისიც, რომ რძალს არ ჰქონდა სახლის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მან გაითვალისწინა მოპასუხის (რძლის, დედის) მიერ არასრულწლოვანი შვილების ყოლისა და სხვა საცხოვრებლის არქონის ფაქტი. მართალია, ბავშვების გამოსახლებას ბაბუა არ ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მათი ფაქტორი ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნია. სასამართლომ განმარტა ბებიისა და ბაბუის საალიმენტო ვალდებულება და დაასკვნა, რომ მათში შესაძლებელია არასრულწლოვანთა საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფაც მოვიაზროთ. მეტიც, გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებლის უფლება უპირატესია ბებია-ბაბუის საკუთრების უფლებასთან მიმართებით და წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული დაცვის ობიექტს. ამ დასაბუთებით სასამართლომ უარი თქვა დედის, რძლის ბაბუის საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე.
- ბებია-პაპასა და რძალ-შვილიშვილებს შორის მიმდინარე სხვა დავაში, უზენაესმა სასამართლომ უფლებათა შორის შეპირისპირება კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ერთ მხარეს მოსარჩელის საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი არსებობდა, ხოლო ამ უფლების საპირწონედ, წარმოდგენილი იყო მესაკუთრის არასრულწლოვანი შვილიშვილის მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე), სადაც იგი ოჯახურ გარემოში - დედასთან ერთად ცხოვრებას შეძლებდა. ამ დასაბუთებით სასამართლომ შეზღუდა მესაკუთრის უფლება და გამოსახლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
- კიდევ ერთ საქმეში სასამართლომ უარი უთხრა კერძო პირს მის საკუთრებაში არსებული შენობიდან იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლებაზე. სასამართლომ მიუთითა „დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი ფართობით უზრუნველყოფის ან ანაზღაურების გარეშე, კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან დევნილს არ ასახლებენ. საქმეში დადგენილია, რომ დევნილი პირისთვის სახელმწიფოს ბინის სანაცვლოდ არც კომპენსაცია არ მიუცია და არც სანაცვლო ბინა არ გადაუცია. ამის გამო, სასამართლოს აზრით, ნებისმიერი მესაკუთრე შეზღუდულია ზემოაღნიშნული კანონისმიერი დათქმით, ამიტომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გამოსახლებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო არ მსჯელობს ფიზიკური პირის საკუთრებისა და დევნილის საცხოვრებლის უფლების, როგორც შეპირისპირებული ინტერესების ბალანსზე. ამდენად, ჩვენთვის უცნობია, რატომ მიიჩნია სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა მოსარჩელე კერძო პირის ტვირთად. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის საკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის ან დევნილი პირის საცხოვრებლის დაკმაყოფილების ვალდებულებით.
ორივე შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საცხოვრებლის უფლების დაცვა სამართლებრივად შესაძლებელი გახდა იმ მატერიალური კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც არასრულწლოვანთა რჩენის და დევნილთა განსახლების ვალდებულებას ადგენდა. ეს და ამ თემაზე მოსამართლეებთან ჩატარებული ინტერვიუები მიუთითებს, რომ საცხოვრისთან დაკავშირებით სახელმწიფოს ვალდებულებების მატერიალურ კანონმდებლობაში უფრო ცხადი ასახვა, სასამართლოს მისცემდა საშუალებას, გამცდარიყო ვიწრო-ფორმალისტურ მსჯელობას გამოსახლების დავებში და დაენახა სახელმწიფოს ვალდებულებები კონსტიტუციური პრინციპების მიღმა.