პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ამერიკული სამართლებრივი რეალიზმი

ამერიკული სამართლებრივი რეალიზმი სამართალს, არსებითად, სოციოლოგიურად უყურებს: მას სამართალი აინტერესებს არა განყენებულად, არამედ იმ სოციალურ სინამდვილეში, რომელშიც ის ყალიბდება, ვითარდება და მოქმედებს. ამერიკული სამართლებრივი რეალიზმი უპირისპირდება ფორმალიზმს, რომლის მიხედვით სამართალი არის თვითკმარი სისტემა და სამართლებრივ საკითხების განსჯა არ მოითხოვს მორალურ თუ პოლიტიკურ ღირებულებათა გათვალისიწინებას.

ფორმალიზმის წინააღმდეგ რეალისტების აჯანყება განსაკუთრებით მძლავრი 1930-იან წლებში იყო, როცა უზენაესი სასამართლო, იმ დროს გაბატონებული კონსერვატიული აქტივიზმის ფარგლებში, ერთმანეთის მიყოლებით აუქმებდა პროგრესულ კანონმდებლობას, რომელიც რესურსების უფრო თანასწორ და სამართლიან გადანაწილებას ისახავდა მიზნად. რეალისტები სამართალს უყურებდნენ არა სოციალურ ურთიერთობათა მოწესრიგების ნეიტრალურ ტექნიკად, არამედ როგორც ინსტრუმენტს, რომლითაც სახელმწიფო განსაზღვრავდა ძალაუფლების და სიმდიდრის გადანაწილების საკითხებს - მაშინაც, როცა პირდაპირი ჩარევით ზღუდავდა თავისუფლებას და მაშინაც, როცა ვერ ზღუდავდა საზოგადოების ერთი ნაწილის თავისუფლებას, საკუთარ დომინაციაში მოექცია მეორე ნაწილი.

რეალისტები კრიტიკულად უყურებდნენ ფორმალიზმის მთავარ დაპირებას, რომლის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილება აბსტრაქტულ სამართლებრივ დებულებასთან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებით, დედუქციით მიიღება. რეალისტები ფიქრობდნენ, რომ სიტყვებსა და წინადადებებს, რომლებიც სამართლის მთავარ მედიუმს წარმოადგენენ, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ჰქონდეთ მყარი მნიშვნელობა, მაგრამ ყოველთვის ტოვებენ სივრცეს ინტერპრეტაციული უთანხმოებისთვის.

რეალიზმის ერთი მიმდინარეობა სამართლებრივი ნორმებისადმი სკეტიციზმს გულისხმობს - დოქტრინა, რომლის თანახმად სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ნორმა-წესები არ და ვერ ასრულებენ ისეთ განმსაზღვრელ როლს, როგორსაც მათ ფორმალიზმი მიაწერს. რეალისტების ხედვით, მოსამართლეები ინტერპრეტაციული არჩევანის წინაშე ბევრი მიზეზის გამო დგებიან, მათ შორისაა, სამართლებრივი ენისთვის თავისთავად დამახასიათებელი ბუნდოვანება და უზომო რაოდენობის პრეცედენტები, რომლებიც ერთმანეთისგან უნდა განირჩეს, განსხვავდეს და თითოეულის დაფარვის არეალი დადგინდეს.

რეალიზმის მეორე მიმდინარეობა ფაქტებისადმი სკეტიციზმს გულისხმობს. ზოგადი აზრით, ფაქტებისადმი სკეტიციზმი ეჭვქვეშ აყენებდა ფაქტების წაკითხვის, სიმართლის ან ჭეშმარიტების აღმოჩენის შესაძლებლობას სასამართლო დარბაზში. მოწმეთა მეხსიერება, შესაძლოა, უკიდურესად ბუნდოვანი იყოს, მაგრამ ისინი იძულებული არიან, სასამართლოს წინაშე ცხადი და დამაჯერებელი განცხადებებით წარდგნენ; იურისტების ჩატარებულმა წინასწარმა გამოკითხვებმა, შესაძლოა, მოწმეების გაწვრთნის ფორმაც კი მიიღოს, რომლის შედეგადაც მოწმეები იაზრებენ, თუ ფაქტების რომელი ვერსია იქნებოდა ბრალდების თუ დაცვის მხარისთვის სასურველი. პროცესის დასასრულს, რომელიც თავიდანვე გაურკვევლობით დაიწყო, სასამართლო შესაძლოა უფრო მეტად იყოს დაშორებული ფაქტობრივ სიზუსტესთან, ვიდრე განხილვის პირველ დღეს.

რეალისტები ამტკიცებენ, რომ საქმეების განხილვის დროს მოსამართლეები მოქმედებენ არა წაღმა - აბსტრაქტულ სამართლებრივ ნორმასთან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დედუქციის გზით, არამედ უკუღმა: მოსამართლეები, საბუნებისმეტყველო მეცნიერთა მსგავსად, ცდილობენ აღმოაჩინონ სამართლიანი გადაწყვეტილება და მხოლოდ შემდეგ დაასაბუთონ მისი მართებულობა. მსგავსად სამეცნიერო აღმოჩენებისა, რომლებიც, შეიძლება, არ ემორჩილებოდნენ წინასწარ განჭვრეტასა და დედუქციას, მოსამართლეებსაც აქვთ სამართლიანი გადაწყვეტილების მოულოდნელი აღმოჩენის - ევრიკა! - მომენტი.

ამერიკულმა სამართლებრივმა რეალიზმმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამართლის გაგება. რეალისტების მიერ ფორმალიზმზე თავდასხმამ არსებითად გარდაქმნა ის, თუ როგორ უყურებენ სამართლის პროფესიონალები მართლმსაჯულების პროცესს, სასამართლოს ინტერპრეტაციის თავისუფლებას და სამართლის ნეიტრალურობას. რეალისტების შემდგომ წარმოქმნილი პროგრესული მიმდინარეობები - იქნებოდა სამართლისა და საზოგადოების მოძრაობა თუ გაცილებით ძლავრი სამართლის კრიტიკული კვლევების მოძრაობა თავიანთ ხედვებსა და თეორიებს რეალისტების შექმნილ ინტელექტუალურ ტრადიციაში ათავსებენ. თუმცა, მაინც უნდა ითქვას, რომ ამერიკულმა სამართლებრივმა რეალიზმმა ვერ მოახერხა სამართლის პროფესიონალებისთვის შეეთავაზებინა ფორმალისტური მეთოდის ალტერნატივა. რეალისტების კრიტიკა მეტი იყო, ვიდრე მათივე პროგრამა.

მიმოხილვის ავტორი:

ვახტანგ ნაცვლიშვილი


მიმოხილვა მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

Scott Veitch, Emilios Christodoulidis, Marco Goldoni. 2018. Jurisprudence: themes and concepts. Routledge, London & New York. pp. 167-188.

Joseph William Singer. 1988. Legal Realism Now. California Law Review. Vol. 76. Issue 2. pp. 467-544.

Edward White. 1986. From Realism to Critical Legal Studies: A Truncated Intellectual History. SMU Law Review. Vol. 40. Issue 2. pp. 819-843.


დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს