პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
არაკონსტიტუციური ცვლილებები შეკრება/მანიფესტაციის კანონმდებლობაში
თებერვალი 4, 2025

„ქართული ოცნების“ პარლამენტი განიხილავს ანტიკონსტიტუციურ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ფაქტობრივად მოსპობს შეკრებების და მანიფესტაციის უფლებას საქართველოში. 2 თვიანი უწყვეტი პროტესტის ჩასახშობად „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა გააძლიეროს საპოლიციო და რეპრესიული აპარატი.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

ა) ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში

  • შემოდის სპონტანური შეკრების და მანიფესტაციის დროს გაფრთხილების ვალდებულება: განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია;
  • „ორგანიზატორად” ჩაითვლება შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას;
  • აკრძალული გახდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  • აკრძალული გახდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას ხიდების, გვირაბების, ესტაკადების ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის გადაადგილებისათვის;
  • შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;

ბ) რეგულაციები შეკრებების წესის დარღვევაზე

  • შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.
  • სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით (ნაცვლად 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობისა);
  • შეკრებების კანონის ზოგიერთი ნორმის დარღვევისთვის იზრდება ჯარიმების ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობა;
  • იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყდა, გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით;
  • შეკრებების წესის დარღვევის შემთხვევებზე არ გავრცელდება მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა ცვლილებები:

  • ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღის ნაცვლად განისაზღვრება 60 დღით;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად დამატებით ჩაითვლება:

ა) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;

ბ) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ ან თანდასწრებით;

გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

დ) სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს სასამართლოს განსჯადი სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს მისი ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 (ნაცვლად 4-ისა) თვისა;
  • წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის ზედა ზღვარი 1000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 15-დან 20 დღემდე ვადით. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა იზრდება 3000-დან 5000-მდე (ნაცვლად 1000-2000-ისა), ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე ვადით (ნაცვლად 15 დღისა);
  • ვანდალიზმისთვის სახდელდადებული პირის მიერ იგივე სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით (ნაცვლად 5 დღისა);
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე (ნაცვლად 3000-ისა) ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე (ნაცვლად 15 დღისა) ვადით;
  • ამ პირების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით;
  • ახალი სამართალდარღვევა - პოლიტიკური თანამდებობის პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით;
  • სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის ღონისძიებები, მათ შორის, პირის მონაცემების შსს-ს საინფორმაციო ბაზებსა და სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმება.

დ) სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები

  • რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებისთვის ემატება სასჯელის ალტერნატივა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით;
  • 1 წლით იზრდება თავისუფლების აღკვეთის ზედა ზღვარი (6 წელი ნაცვლად 5-ისა) პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისთვის;
  • კოდექსს ემატება ახალი დანაშაული: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის მუქარა მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. ისჯება მათზე თავდასხმაც.

 

ე) ახალი ცვლილებების ძალაში შესვლა

  • ცვლილებები 3 თებერვლის კვირაში განიხილება დაჩქარებული წესით და დიდი ალბათობით ის ამავე კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება.
  • ცვლილებები ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.
მასალა მოამზადეს
ნინო კაპანაძე
ნინო კაპანაძე
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი