რას ვხედავთ და რაზე გვაფიქრებს ეს?
ქუჩებში მომრავლებული დღის მარშები იმის მორიგი დასტურია, რამდენად გვწყურია, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი რეჟიმის არალეგიტიმურობის, უსამართლობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ. ზოგიერთი მარშის გამაერთიანებელი ნიშანი პროფესიაა, ზოგიერთის – თაობა, ზოგიერთის – კუთხური მიკუთვნება თუ ჰობი. მივედით დაუწყვილებელთა მარშამდეც. არ ვიკლებთ სარჩულსა და საბაბს, რათა დავიკავოთ საჯარო სივრცე და გავიზიაროთ ერთად ყოფნის სიხარული. ერთად დგომა, ერთად სიარული მოთხოვნილებად გვექცა იმ ტერორის ფონზე, რაც რეჟიმმა ბოლო კვირებში დაგვატეხა თავს.
გვიხარია იმის დანახვა, რამდენი და რამდენნაირები ვართ. მაგრამ უკვე ყველა ვგრძნობთ იმასაც, რომ რაღაც მეტი და რაღაც სხვა გვჭირდება, რაღაც ისეთი მკვიდრი ნიადაგი, რომელიც ბევრად უფრო მყარად შეგვაკავშირებს. ასეთი ნიადაგია ის, რაც ამ განსაკუთრებული პოლიტიკური ვითარების მიღმაც ჩვენი ყველაზე არსებითი შემაკავშირებელია: პროფესია, საქმიანობის სფერო თუ სამუშაო ადგილი, ანუ ის რასაც შრომას ეძახიან. ერთი მხრივ, შრომა შეადგენს ყველა ჩვენგანის ყოველდღიურ ყოფას, საშუალებას, რითაც თავსაც ვირჩენთ და ჩვენიანებს ვარჩენთ. მეორე მხრივ, შრომით შეგვაქვს ყოველდღიურად წვლილი იმაში, რომ საზოგადოებად ვიარსებოთ. პროტესტის ურყევ ნიადაგზე დასაფუძნებლად სწორედ შრომის საზოგადოებრივ არსთან მიბრუნება გვმართებს.
რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და რატომ გვჭირდება ერთმანეთი?
ასეთი ნიადაგი გვჭირდება იმიტომაც, რომ უკანონო ძალადობაზე დამყარებული რეჟიმი მალე უსამართლო კანონებით გვიპირებს მოგუდვას. ერთი მხრივ, რეჟიმს სურს, შეგვიზღუდოს, დანაშაულად გვიქციოს და, ასტრონომიული ჯარიმების დაწესებით, უძვირესი დაგვიჯინოს წინააღმდეგობის ელემენტარული გამოვლინებები. მეორე მხრივ, საჯარო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით რეჟიმი აპირებს, ჩაახშოს საჯარო მოხელეებს შორის დაძრული პროტესტი. საჯარო მოხელე მისთვის ოლიგარქიული რეჟიმის მიერ თავზე დასმული ზემდგომის პირისპირ ისეთივე დაუცველი უნდა გახდეს, როგორც კერძო სექტორში დასაქმებული ნებისმიერი მშრომელია, ვისაც უფროსი ეუბნება: თუ არ მოგწონს, წადი. ამგვარად, გამკაცრებული სასჯელი, გაზრდილი ჯარიმები თუ სამსახურის დაკარგვის მომეტებული საფრთხე ადამიანებს, რომელთა უმრავლესობასაც ისედაც მაღალპროცენტიანი ვალი აკისრია, კიდევ უფრო მოწყვლადებს ხდის სისტემის წინაშე.
რა არის პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე ქმედითი იარაღი?
აი, ასეთ დამხუთველ პირობებში ერთობისკენ ის მისწრაფება, რაც ახლა ქუჩაში გამოსვლისკენ გვექაჩება, ბუნებრივად გვახსენებს ორ ისტორიულად ნაცად იარაღს: გაფიცვას და პროფკავშირს.
მაშინ, როცა საჯარო სივრცეში ყველაზე მშვიდობიანი პროტესტიც კი კრიმინალად შეიძლება შეირაცხოს, გაფიცვა წინააღმდეგობის კიდევ ერთი ქმედითი და მშვიდობიანი იარაღია. როცა ვიფიცებით, სისტემას ჟანგბადს ვაცლით ჯიუტი უქმად ყოფნით და გაფიცვით გამოთავისუფლებულ დროს ისევ პროტესტს ვახმართ.
ხოლო, პროფკავშირი, თავისი საგაფიცვო ფონდითა თუ იურიდიული დახმარების მექანიზმებით, ინსტიტუციურ სიმყარეს სძენს ერთობის სურვილს, შესაძლებელს ხდის მასშტაბურ გაფიცვას და მას წინააღმდეგობის რეალურ იარაღად აქცევს. როდესაც რეჟიმი საჯარო მოხელეს დათხოვნით დაემუქრება ან როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულს პროტესტში ჩართულობა შეუქმნის სამუშაო ადგილზე პრობლემას, პროფკავშირის ნაწილად ყოფნა უზრუნველყოფს, რომ სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ გვექცეს წმინდად ყოფით ინდივიდუალურ ტკივილად. პროფკავშირი უზრუნველყოფს, რომ ჩვენი შემოსავლისთვის შექმნილმა საფრთხემ არათუ ვერ გამოგვთიშოს აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან, არამედ, პირიქით, ყველაზე ყოფითი პრობლემაც კი პოლიტიკური წინააღმდეგობის ძრავად გარდაქმნას. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაფიცვა, ისევე როგორც, შრომითი დავა პროფკავშირული ბრძოლის ერთი დიდი, მაგრამ არა ერთადერთი მექანიზმია. მარშები, აქციები, ბოიკოტირება - ყველა ეს ინსტრუმენტი პროფკავშირის ხელში სისტემისთვის კიდევ უფრო სახიფათო და მდგრად იარაღადაც იქცევა, ვიდრე თუნდაც ჰობიზე დაფუძნებული იგივე აქტივობები.
სწორედ აქ ვლინდება, როგორი განუყოფელია პოლიტიკური ბრძოლა პროფკავშირისა და გაფიცვის ინსტიტუტისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების საქართველოში მათ ან სრულებით უგულებელყოფდნენ ან თავგამოდებით ჩქმალავდნენ მათ პოლიტიკურ დატვირთვას. ბოლო კვირებში ყველა მხრიდან გაჟღერებულმა მოწოდებამ “გაიფიცე!” თავისთავად დაანგრია სოციალურ და პოლიტიკურ ბრძოლას შორის აღმართული ეს კედელი.
რა უნდა გავაკეთოთ ახლა?
უმჯობესია, თუ თავის მოყრა გვინდა, სულ უფრო დაწვრილმანებული გამაერთიანებელი ნიშნების ძიების მაგივრად, ყურადღება ყველაზე არსებითს მივაპყროთ. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ განგრძობითი პოლიტიკური წინააღმდეგობის არავითარი რესურსი არ გაჩნია “დაუწყვილებლის” ან „ცაციას“ სტატუსის გარშემო გაერთიანებას. უკან უნდა მივბრუნდეთ იმ წერტილთან, საიდანაც დაიწყო „დღის მარშები“. აქ დავინახავთ, რომ იმ ადამიანების გამაერთიანებელი, ვინც თავდაპირველად მონახა ერთმანეთი და ქუჩაში გამოვიდა, სწორედ პროფესია თუ საქმიანობის სფერო იყო. ამას უნდა ჩავეჭიდოთ.
საჭიროა, პროფესიული ერთობები ნელ-ნელა უფრო მდგრად ჯგუფებად იქცნენ. ისინი ყველაზე უკეთ ხედავენ, რა აფერხებს პროტესტში მათი კოლეგების ჩართვას ან რა აკლია ამ წინააღმდეგობას მეტი ქმედითობისთვის. მაგალითად, მათ იციან, რომ საჭიროა ბანკებისგან სესხების გადავადება, რათა მათ გაფიცვა გაუადვილდეთ, და რომ საჭიროა ამაზე მუშაობა.
ამ ჯგუფებმა შეიძლება დაიწყონ პროფკავშირებად ფორმირება, ან უკვე არსებულ პროფკავშირებში გაერთიანება და მათი გაძლიერება. რამდენიმემ უკვე წამოიწყო ეს პროცესი (საჯარო მოხელეები, არქიტექტორები). ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ვისაც უკვე შექმნილი ჰქონდა პროფკავშირი (მსახიობები, კინო-სექტორი), გაჭირების ჟამს ეს მზამზარეული მექანიზმი სრულად აამუშავა. ამიტომაც იქცნენ ხელოვანები გაფიცვის მედროშეებად.
ჩვენი ძირითადი ენერგია უნდა მივმართოთ იმგვარი ერთობებისკენ, რომელთაც რეჟიმი ადვილად ვერ მოშლის და მასთან გრძელვადიან წინააღმდეგობაში გაგვამაგრებს. ეს თავისთავად სულაც არ გვიშლის ხელს, თუნდაც იმავე პროფესიულ ნიადაგზე გავაგრძელოთ მარშების მოწყობაც, მაგრამ ქუჩებში მყარად სიარულს ან თუნდაც რუსთაველზე მყარად დგომას მყარი ნიადაგი სჭირდება. სიარულიც და დგომაც უნდა იქცეს რგოლად წინააღმდეგობის ჯაჭვში. ჯაჭვში სადაც პროფკავშირებში გაერთიანება, გაფიცვაში ჩართვა და გაფიცვისთვის სათანადო პირობების შექმნაზე მუშაობა შექმნის პირობებს მდგრადი პოლიტიკური ბრძოლისთვის.
ავტორები: ლუკა ნახუცრიშვილი და ვახუშტი მენაბდე