პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ევროკავშირის სასამართლო დემოკრატიის დასაცავად
ივლისი 3, 2023

ევროკავშირში, როდესაც დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ორ ქვეყანაზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს – პოლონეთსა და უნგრეთზე. ანტიდემოკრატიულმა პროცესებმა განსაკუთრებით საშიში ბუნება უნგრეთში მიიღო, სადაც ხელისუფლებამ მართლმსაჯულება და სხვა საჯარო ინსტიტუტები, მედია და სამოქალაქო სექტორი, დიდწილად საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია უნგრეთს საერთოდ აღარ მიიჩნევს დემოკრატიად. ის კანონის უზენაესობის ინდექსით ევროკავშირში ბოლო ადგილზეა და სხვა არაერთ ქვეყანასაც, მათ შორის, საქართველოსაც, ჩამორჩება. რაც შეეხება პოლონეთს, მას ამ ინდექსში ბოლო წლებში ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს. 

ამ სტატიაში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიერ დემოკრატიის დასაცავად მიღებულ სამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მოგიყვებით.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა

საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების და ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მონიჭების მოლოდინში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ევროპული სამართლებრივი სივრცის თავისებურებების ანალიზი. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა როლი, ბერკეტები და შესაძლებლობები აქვს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს წევრ სახელმწიფოებში დემოკრატიის დასაცავად, როგორია მისი უნარი, შეაჩეროს ქვეყნის შიგნით მიმდინარე ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული მისწრაფებები. 

ჩვენი კომენტარი

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილებაში ნათლად აჩვენა, რომ ის ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გარანტია. მართალია, მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ კლიმატს ქვეყნის შიგნით ბოლომდე ვერ შეცვლის, თუმცა კრიტიკულ მომენტებში მას შეუძლია ნაწილობრივ მაინც შეაკავოს ანტიდემოკრატიული პროცესები.

საქმე #1: სასამართლოზე კონტროლის მოპოვების მცდელობები პოლონეთში

როგორი იყო საქმის კონტექსტი?

2018 წელს პოლონეთმა მიიღო კანონი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის საპენსიო ასაკი 70-დან 65 წლამდე შეამცირა. ახალი კანონი გავრცელდა უკვე დანიშნულ მოსამართლეებზეც. იმისთვის, რომ მათ ძველი წესის შესაბამისად გაეგრძელებინათ უფლებამოსილების განხროციელება, უნდა წარედგინათ შესაბამისი თხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა გადამდგარიყვნენ. გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიური უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტს მიენიჭა. მას, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, უნდა გამოეთხოვა მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს პოზიცია, რომელიც, თავის მხრივ, მოსამართლისთვის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობას „მართლმსაჯულების სისტემის ინტერესების“ გათვალისწინებით აფასებდა. შეცვლილმა კანონმა გავლენა მოქმედ მოსამართლეთა თითქმის 40%-ზე მოახდინა. 

რა თქვა ევროკავშირის სასამართლომ?

პირველ ეტაპზე სასამართლომ, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, ფაქტობრივად დაავალდებულა პოლონეთი, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე ძველი რეგულაცია აღედგინა, მანამდე კი დაუშვებლად მიიჩნია ნებისმიერი მოსამართლის გათავისუფლება. შემდგომ, 2019 წელს, მიღებული გადაწყვეტილებით კი სასამართლომ აღნიშნა:

  • მართლმსაჯულების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა წევრი სახელმწიფოების პრეროგატივაა, თუმცა ისინი ამ სფეროში შეუზღუდავ ძალაუფლებას არ ფლობენ;
  • წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, უზრუნველყონ მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და მისი დამოუკიდებლობის დაცვა.

სასამართლოს განმარტებით, პოლონეთში „რეფორმის“ პროცესი ლეგიტიმურ მიზნებს არ ემსახურებოდა. ის აჩენდა სერიოზულ კითხვებს, რომ „მისი მიზანი მოსამართლეთა კონკრეტული ჯგუფის სისტემისგან ჩამოშორება იყო.“ შესაბამისად, სასამართლომ პოლონეთის მხრიდან ევროკავშირის ხელშეკრულებისა და ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის დარღვევა დაადგინა.

საყურადღებოა, რომ სასამართლომ საკანონმდებლო ცვლილებები „რეფორმის“ საერთო სულისკვეთებისა და „დაფარული მიზნების“ შუქზე განიხილა და არა ტექნიკურ, ვიწრო-სამართლებრივ დეტალებზე აქცენტირებით. ეს მიდგომა კი გადამწყვეტია დემოკრატიული უკუსვლების გამოსავლენად და მის შესაჩერებლად. 

საქმე #2: შეტევა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე უნგრეთში

როგორი იყო საქმის კონტექსტი?

უნგრეთის წინააღმდეგ განხილული საქმე ეხებოდა ე.წ. გამჭვირვალობის კანონს, რომელიც ცოტა ხნის წინ განხილვის საგნად იქცა საქართველოშიც და პარლამენტს, 7-8 მარტის საპროტესტო აქციების შედეგად, მასზე უარის თქმა მოუწია. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა უნგრეთში, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, 2017 წელს მიღებული რეგულაციით, დამატებითი სამართლებრივი შეზღუდვების, ვალდებულებებისა და პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, როგორც „უცხოეთიდან დაფინანსებულები.“

რა თქვა ევროკავშირის სასამართლომ?

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, როგორც დემოკრატიისა და საჯარო ცხოვრების ფუნდამენტზე. მისი თქმით, უნგრული კანონი დაუსაბუთებლად ზღუდავდა ამ უფლებას და, შესაბამისად, ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგებოდა. ე.წ. გამჭვირვალობის კანონი დისკრიმინაციულ რეჟიმს უწესებდა უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს კაპიტალის თავისუფალი ბრუნვის გაუმართლებელი შეზღუდვით. კანონი ასევე არღვევდა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებს. შედეგად, ის რაც უნგრეთში შიდა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა პროცესებმა ვერ შეაჩერა, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. 

საინტერესოა, რომ ევროპულმა კომისიამ და პარლამენტმა, 15 სახელმწიფოსთან ერთად, უნგრეთის წინააღმდეგ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს მიმართეს კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით.  საქმე ეხება 2021 წელს უნგრეთში მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს „ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის პროპაგანდას.“ ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

საქმე #3: ფინანსური ბერკეტები ანტიდემოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ

როგორი იყო საქმის კონტექსტი?

ევროპული პარლამენტის და საბჭოს 2020 წლის რეგულაციით, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ევროკავშირმა შეიძლება შეუჩეროს საბიუჯეტო სახსრების დაფინანსება ან გადაუვადოს გარკვეული პროგრამებისთვის თანხის გადარიცხვა. კანონის უზეანესობის პრინციპების დარღვევა მოიცავს:

  • მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნას;
  • საჯარო პირების უკანანო და თვითნებური გადაწყვეტილებების გამოუძიებლობას; 
  • სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობას და სხვ.

რას აპროტესტებდნენ პოლონეთი და უნგრეთი?

პოლონეთი და უნგრეთი ერთობლივ საჩივარში მიუთითებდნენ, რომ 2020 წელს მიღებული რეგულაცია:

  • შეუსაბამოდ ზრდიდა ევროკავშირის სტრუქტურების ძალაუფლებას წევრ სახელმწიფოებზე;
  • არღვევდა სამართლებრივი სიცხადის პრინციპებს, ანუ ბუნდოვანი იყო, კონკრეტულად რომელ შემთხვევებში შეეძლო ევროკავშირს ფინანსური ბერკეტების გამოყენება წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.

რა თქვა ევროკავშირის სასამართლომ?

სასამართლომ 2022 წელს გამოტანილ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია საზიარო ვალდებულებებზე - კანონის უზენაესობასა და სოლიდარობაზე - და რომ ეს პრინციპები „ევროკავშირის იდენტობას განსაზღვრავს.“  ევროკავშირს კი უნდა შეეძლოს მათი დაცვა. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ამ ღირებულებებთან შესაბამისობა მხოლოდ ფორმალური წინაპირობა არ არის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელსაც სახელმწიფოები  არაფრად ჩააგდებენ წევრობის მიღების შემდეგ.

შეჯამება

სამივე განხილულ საქმეში ევროკავშირის სასამართლომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მტკიცე ნება გამოამჟღავნა. ფაქტობრივად, უნგრეთისა და პოლონეთის ულტრამემარჯვენე მთავრობების პოლიტიკის შეკავების უნარი, ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მეტად სწორედ სასამართლოს აღმოაჩნდა. ამ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ერთი მხრივ, ის გვახსენებს, რომელ ღირებულებებზე დგას ევროკავშირი, როგორც სახელმწიფოთაშორისი ერთობა, და რომელი პრიციპების ერთგული უნდა იყოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე; მეორე მხრივ, ევროკავშირის სასამართლოს პრეცედენტები ქმნის დაცვის ერთგვარ გარანტიას, რომ ევროკავშირის წევრობა ამ ღირებულებებს ჩვენი ქვეყნისთვისაც განამტკიცებს და ანტიდემოკრატიული პროცესების განვითარების შანსებს შეამცირებს.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი