ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკის განსაზღვრაში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო ცენტრალურ როლს ასრულებს. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ გააფართოვა სასამართლოს განმარტებებმა პაციენტის უფლებების დაცვის სტანდარტი ევროკავშირში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ევროკავშირის სასამართლო, როცა ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოების ვალდებულებებს განსაზღვრავს, პაცინეტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას უპირატესად ითვალისწინებს. ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პაციენტის უფლებების სასიკეთოდ გადაწყვეტილი პრაქტიკის ცოდნა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს.
ჩვენი კომენტარი
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო სახელმწიფოებს არ უტოვებს ფართო არჩევანს, თავად გადაწყვიტონ მოქალაქეების სხვა სახელმწიფოში მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი და ამ მიმართულებით ცხად სტანდარტს უწესებს წევრ ქვეყნებს.
რა უნდა ვიცოდეთ?
ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკამ სხვა სახელმწიფოში ჯანდაცვის სერვისების შეუფერხებელი მიწოდება და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მნიშვნელოვან საკითხად აქცია. სასამართლოს პრაქტიკაც სწორედ მის ირგვლივ განვითარდა.
რას გულისხმობს ეს?
სასამართლოს წინაშე არაერთხელ დაისვა შეკითხვა, როგორ უნდა მომხდარიყო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, როცა ევროკავშირის მოქალაქე ჯანდაცვის სერვისს არა საკუთარ, არამედ სხვა წევრ სახელმწიფოში იღებდა. ამ მსჯელობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წინასწარი ავტორიზაციის ცნებას. ავტორიზაცია არის სადაზღვევო ორგანიზაციის ერთგვარი წინასწარი ნებართვა, რომელიც პაციენტის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას უკავშირდება.
სასამართლომ ადრეულ ეტაპზევე განმარტა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად ამგვარი ნებართვის მოთხოვნა პაციენტის ჯანდაცვის სერვისზე წვდომას ან სამედიცინო დანიშნულების პროდუქტის შეძენას გაუმართლებლად აბრკოლებდა.
მოგვიანებით, სასამართლომ პრაქტიკული მნიშვნელობის სხვა საკითხებზეც იმსჯელა, მაგალითად, ამგვარი ნებართვის დაგვიანებით გაცემისა და გაცემაზე უარის შესახებ და დაადგინა:
დაუშვებელია უარი იმ მოტივით, რომ გარკვეული დროის შემდეგ პაციენტს საკუთარ ქვეყანაშიც შეუძლია სერვისის მიღება, თუმცა მკურნალობის დაყოვნება პაციენტის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს;
დაუშვებელია უარი ხარჯების ანაზღაურებაზე, თუ საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვა შეცდომით არ გაიცა ან გაიცა დაგვიანებით (მაგ., მკურნალობის შემდეგ).
ევროკავშირის სასამართლო მნიშვნელოვან განმარტებებს აკეთებს სხვა ქვეყანაში ყოფნისას გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების საკითხებზეც. სასამართლო აღნიშნავს, რომ:
ხარჯები უნდა დაიფაროს წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე;
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება პაციენტს მაშინაც უნარჩუნდება, როცა ექიმები, პაციენტის გადაუდებელი სამედიცინო ჩვენების გამო, მას სამკურნალოდ რომელიმე არაწევრ ქვეყანაში გადაიყვანენ.
მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების პოლიტიკის შემუშავებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკრიმინაციული მიდგომის აკრძალვა. მაგალითად, სასამართლოს განმარტებით, დაუშვებელია, ანაზღაურების საკითხზე უარი ეთქვას კონკრეტულ ჯგუფს (მაგ., ბავშვებს) ან ყურადრება გამახვილდეს იმაზე, პაციენტს სერვისი კერძო კლინიკაში მიეწოდა თუ საჯაროში.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს