პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მიგრაციის პოლიტიკა და სახელმწიფოს როლი მიგრაციული პროცესების მართვაში

მიგრაციის პროცესების მართვაში სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი ენიჭება. სახელმწიფოები თავად წყვეტენ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს. ეს, ძირითადად,  ქვეყანაში შემომსვლელ იმიგრანტებს ეხება, თუმცა მიგრაციის მართვა მოიცავს ქვეყნის დატოვების, ემიგრაციის, საკითხებსაც. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

  • მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს შრომითი მიგრანტია;
  • თუ სტატისტიკურ მონაცემებ დავეყრდნობით, ტენდენცია მზარდია და ახლო მომავალში ემიგრაციის ტალღა არ შემცირდება. 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას აკეთებს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად მაშინ, როდესაც მათ უწევთ ქვეყნის დატოვება და სამუშაოდ უცხო ქვეყანაში გამგზავრება.  

ჩვენი კომენტარი

  • საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმება სახელმწიფომ მიგრაციის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად აქცია და დასახა ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთგვარ გზად;

თუმცა, საზღვარგარეთ მუშაობის მსურველებს სათანადოდ ვერ მიაწოდა ინფორმაცია, როგორ პირობებში მოუწევდათ მუშაობა და არც ქმედითი ბერკეტები აღმოაჩნდა მათ დასაცავად.

რა უნდა ვიცოდეთ?

საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. კომისიის პრიორიტეტებია:  

  • მოქალაქეების გადინების დარეგულირება;
  • ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა და არალეგალური მიგრაციის შემცირება; 
  • უცხო ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების, მათ შორის, შრომითი უფლებების დაცვა;
  • ემიგრანტების დაბრუნების ხელშეწყობა;
  • უკვე დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაცია.

2015 წელს პარლამენტმა მიიღო „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე ნაწილობრივ დარეგულირდა ემიგრანტთა შრომითი მოწყობა და მათი შრომითი უფლებები. 

ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტებზე დაიწყო მუშაობა. მესამე სამოქმედო გეგმა 2021-2030 წლებისთვისაა გაწერილი და ძირითადი აქცენტი კვლავ ლეგალურ მიგრაციასა და მიგრანტთა ინტეგრაციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე კეთდება.

პრაქტიკაში

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც 2017 წლიდან შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ შესვლა და გარკვეული პერიოდით (90 დღე ყოველი 180 დღიდან) დარჩენა შესაძლებელი გახადა. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, მაქსიმალურად შეეზღუდა არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართულებით, თუმცა, ამავდროულად, გაჩნდა ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობები.

დღესდღეობით: 

ქართველებს ლეგალურად დასაქმება შეუძლიათ:

  • გერმანიაში (სეზონური დასაქმება);
  • პოლონეთში (წლის განმავლობაში 6 თვემდე დასაქმება);
  • თურქეთში (სეზონური დასაქმება).

მოლაპარაკებები დასრულებულია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ჯერ არ მიუღია ქართველი მიგრანტები ისრაელსა და ბულგარეთს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც, საფრანგეთთან, ესპანეთსა და პორტუგალიასთან

სირთულეები 

  • საზღვარგარეთ დასაქმების მსურველთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ლეგალურად დასაქმებულთა რაოდენობა. მაგალითად, გერმანიაში დასაქმების 99 000-მდე მსურველიდან, მხოლოდ 299 ადამიანი დასაქმდა;
  • სახელმწიფოს მხრიდან მოწყობის (დასაქმების) ქვეყანაში ვერ ხდება შრომითი საქმიანობის რეგულირება და დასაქმებულთა უფლებების დაცვა; 
  • მაგალითად, თურქეთში ხშირია არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და ამაზე შრომითი მიგრანტები ხშირად საუბრობენ.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ანა გვალია
ანა გვალია
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი