15 მაისს, მოსამართლეთა პროფესიულ დღეს, ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებისთვის მისალოცი წერილი გამოაქვეყნა. ის წერილში წერს, რომ სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედია.
რა არის სამართლიანობა “ქართული ოცნების” პრემიერისთვის?
ის, რომ მზია ამაღლობელს, პოლიციელის ლოყაზე შეხების გამო, თავდასხმას ედავებიან და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება? თუ ის, რომ პრემიერი, რომელსაც ამ საქმის მასალებთან შეხება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, მედიაში საუბრობს გამოძიების ვერსიებსა და დეტალებზე?
როგორ უნდა ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე მაშინ, როდესაც რეალური თავდამსხმელები და მოძალადეები, მზია ამაღლობელისგან განსხვავებით, ღირსების მედლებს და მადლობებს იღებენ უმაღლესი თანამდებობის პირებისგან? დასჯით კი, 6 თვის შემდეგაც არავინ დასჯილა.
როგორ უნდა ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილე 50-ზე მეტი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული დაუსაბუთებელი ბრალდებებით და საკამათო მტკიცებულებებით? ან იმ დროს, როდესაც, აქციებში მონაწილეობის გამო, სასამართლო კონვეიერული წესით აჯარიმებს ადამიანებს ათასობით ლარით, რაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის მთელი წლის ხელფასია?
როგორ უნდა ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე მაშინ, როდესაც ჭიათურა შიმშილის პირასაა და ყურადღების ნაცვლად ხელისუფლებისგან რეპრესიას იღებს? რა არის სამართლიანი იმაში, რომ დღეს 4 ჭიათურელი სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეშია, 3 მოშიმშილე კი კანცელარიის წინ უშედეგოდ ითხოვს პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას?
კობახიძე წერილში ასევე წერს, რომ სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით ოცნებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რამაც გაზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობა.
როგორია სინამდვილეში ქართული სასამართლო დღეს?
ოცნებასთან აქტიურად მოთანამშრომელი, დადუმებული ან განდევნილი. ქართულმა ოცნებამ და მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა, ეპიზოდური დაძაბულობების შემდეგ, მოახერხეს საერთოს პოვნა და მის გარშემო გაერთიანება. სინამდვილეში, ირაკლი კობახიძის მიერ, 2019 წელს, მოსამართლეებზე ნათქვამი ფრაზა - “ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს” - სწორედ ამ საერთოს პოვნას ადასტურებს. ეს საერთო კი საკუთარი ძალაუფლების დაცვის ინტერესია. ეს ურთიერთობა სარგებლიანობის ლოგიკაზე დგას, რომელშიც ოცნებამ უნდა მიიღოს ის, რაც სასამართლოსგან სჭირდება, სანაცვლოდ კი დააბრუნოს კარიერული უსაფრთხოება და უვადო პრივილეგიები.
ამ ურთიერთსარგებლიანობის ნაწილია არამარტო ოცნებასთან აქტიურად მოთანამშრომლე მოსამართლეების, არამედ იმ მოსამართლეების კარიერული უსაფრთხოების დაცვაც, რომლებიც ამ თამაშის წესებს მიიღებენ, გაჩუმდებიან და პოზიციას არ გამოხატავენ. ის კი, ვინც ამ შეთანხმებას უღალატებს, კითხვას დასვამს ან საერთოსგან განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, გაირიყება ან საერთოდაც სისტემის გარეთ აღმოჩნდება. ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი მხოლოდ ქართული ოცნების შიგნით არ მიმდინარეობს, წლებია სასამართლოც იწმინდება კრიტიკული აზრისგან.
მისალოც წერილში ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალურად ხელმისაწვდომ სიკეთედ იქცა და მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში იღებენ.
ვისთვის არის სამართლიანი სასამართლო ხელმისაწვდომი?
ზეწოლისგან სრულად თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არასდროს გვქონია და არც ახლა გვაქვს. ყველა ხელისუფლების დროს არსებობდა გარკვეული კატეგორიის საქმეები, რომლის მიმართაც ხელისუფლებას, ბიზნესს, სხვა გავლენიან ინსტიტუტებს ან ჯგუფებს ჰქონდათ ინტერესი. სასამართლო არასდროს ყოფილა ინსტიტუციურად იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელი, რომ ამ ჯგუფების გავლენებისგან თავი დაეცვა. ასეთი სასამართლოს შექმნა არცერთი ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა.
წარსულის მსგავსად, დღესაც, სასამართლო ზეგავლენისგან თავისუფალია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც განსახვილველ საქმეზე არ არსებობს არც პოლიტიკური და არც მსხვილი ფინანსური ინტერესი. ასეთი შემთხვევების რაოდენობა კი იცვლება პოლიტიკური რეჟიმის ბუნებასთან და ძალაუფლების კონსოლიდაციის ხარისხთან ერთად. თუ რამდენიმე წლის წინ ასეთი შემთხვევები უფრო მრავლად იყო, დღეს ცხადია ეს წრე ვიწროვდება და შესაბამისად იზრდება საქმის შედეგების მიმართ ინტერესიც.
ამიტომაც, დღეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მხოლოდ პოლიტიკური მანიფესტაციების დროს დაკავებული ადამიანების პრობლემა კი არ არის, ეს უფლება შეზღუდულია მათთვისაც, ვინც საკუთარი საარსებო გარემოს გადარჩენისთვის, მდინარეების და ტყეების გასხვისების ან თუნდაც საცხოვრისიდან გამოსახლების წინააღმდეგ იბრძვის, რადგან ამ საქმეების უკან მსხვილი ფინანსური ინტერესი დგას.
მისალოც წერილს ირაკლი კობახიძე მადლობით ასრულებს. საგულისხმოა, რომ ის მოსამართლეებს მადლობას პატრიოტიზმისთვის უხდის. სინამდვილეში სწორედ ეს დასასრული ამბობს წერილის მთავარ სათქმელსაც.
რას ნიშნავს მოსამართლის “პატრიოტიზმი”?
“ქართული ოცნების” პროპაგანდამ პატრიოტებად და მოღალატეებად დაყო არამარტო საზოგადოება, არამედ მოსამართლეებიც. ამ დაყოფაში „პატრიოტიზმი“ ქართული
ოცნებისთვის მოკავშირეობას, მის აქტიურ ან მდუმარე მხარდაჭერას ნიშნავს, რადგან „მოღალატეა“ ყველა, ვინც ოცნებას ეწინააღმდეგება. ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ სტრატეგიის, რომლითაც ქართულმა ოცნებამ საკუთარი თავი სახელმწიფოს გაუთანაბრა, დღეს კი გვეუბნება, რომ ყველა ვინც მას უპირისპირდება, სინამდვილეში უპირისპირდება ქვეყანას.
სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ მან ძალაუფლება აკონტროლოს. ამისთვის საჭიროა, რომ ის თავად არ გახდეს ძალაუფლების მოკავშირე და თანამზრახველი. პატრიოტიზმისთვის გადახდილი მადლობა კი სინამდვილეში „ქართულ ოცნებასთან“ მოკავშირეობისთვის გადახდილი მადლობაა.