პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ფინანსური ვალდებულებები და მასთან დაკავშირებული სასამართლო დავები
აგვისტო 16, 2023

ზოგიერთი ფიქრობს, რომ სასესხო ურთიერთობებში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, რადგან სესხის საკითხი ორ მხარეს შორის ინდივიდუალური ინტერესების საფუძველზე წყდება. თუმცა, ახლოდან დაკვირვებისას აშკარა ხდება, თუ რამდენი უსამართლობა და  „თაღლითობა“ იჩენს თავს ამ სფეროში მოწყვლადი ადამიანების ხარჯზე. სასესხო ურთიერთობების რეგულაცია და სასამართლო კონტროლი სწორედ იმისთვისაა აუცილებელი, რომ ისედაც რთულ სოციო-ეკონომიკურ სიტუაციაში საქართველოს მოქალაქეები უფრო არ დაზარალდნენ და უკანასკნელი ქონება არ დაკარგონ. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში სესხი თითქმის ყოველთვის უზარმაზარი რისკების მატარებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ახალი შესაძლებლობების მიღწევის მაგიერ, სესხის აღება საბაზისო საჭიროებების მოპოვების უკანასკნელ იმედად იქცევა. 

ამ რისკების რეალურობაზე იმ სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეთა სიმრავლეც მიუთითებს, რომლებიც საქართველოს სასამართლოებში განიხილება. 

ჩვენი კომენტარი

სასესხო ურთიერთობებში შესვლა, ცხადია, ვალდებულებების აღებასაც გულისხმობს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიიებს თუ კერძო პირებს, მოვალეთა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბერკეტები არ ჰქონდეთ. დაცვის ამ გარანტიას კი სასამართლო სისტემა უნდა ქმნიდეს.

რა უნდა ვიცოდეთ სესხის შესახებ?

  • სესხი არის თანხა, რომელსაც  ერთი პირი მეორისგან იღებს ვალის სახით;
  • თანხის გამსესხებელი შეიძლება იყოს: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი;
  • სესხის მიმღები, ანუ მოვალე ვალდებულია წინასწარ შეთანხმებულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, იგივე პროცენტი.

რისკი, რომ მოვალემ ეს ვალდებულება ვერ/არ შეასრულოს, განსაკუთრებით კი დიდი ოდენობით თანხის გაცემისას, ყოველთვის არსებობს. ასეთი შემთხვევებისთვის კანონმდებლობა თანხის გამსესხებლისთვის გარკვეულ გარანტიებს ქმნის. გამსესხებლის გარანტიას წარმოადგენს, მაგალითად, უძრავი ქონების, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვა, ესე იგი ვალის დაუბრუნებლობის შემთხვევაში: 

  • ქონება გაიყიდება, ხოლო თანხა გამსესხებელს დაუბრუნდება ან 
  • ქონება გამსესხებელის საკუთრებაში გადავა.

იპოთეკით დატვირთული ქონება ხშირად ადამიანების ერთადერთი საცხოვრებელია და უკვე ჩვეულ მოვლენადაა ქცეული, როდესაც ამგვარი სესხის გამო მთელ ოჯახს უწევს ქუჩაში დარჩენა.

რა არის მნიშვნელოვანი?

არსებული რეგულაციების გამო, ბანკებისგან სესხის აღება  კომპლექსური და რთული პროცესია. რთული სოციალური მდგომარეობა კი მოქალაქეებს უფრო სარისკო ალტერნატივის ძიებისკენ უბიძგებს. ერთ-ერთი ალტერნატივა ფიზიკური პირები, კერძო მევახშეები არიან. ისინი სესხის გასაცემად შემოსავლის დადასტურებას (ანუ გადახდისუნარიანობის შემოწმებას) არ ითხოვენ. ეს მათგან სესხის აღებს უფრო მარტივს, თუმცა პირობებს გაცილებით სახიფათოს ხდის. 

რა უნდა ვიცოდეთ მევახშეებთან ურთიერთობისას?

  • ფიზიკურ პირებს შორის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სესხის იპოთეკით დატვირთვა, ფაქტობრივად, აკრძალულია; 
  • ამიტომაც, მევახშეები მანიპულაციურად, ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას დებენ; 

რას ნიშნავს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება?

  • წინასწარ დათქმული ვადით, კონკრეტული თანხისა (სესხის) და ყოველთვიური პროცენტის გადახდის სანაცვლოდ, გამსესხებელი პირის საცხოვრებელს, თავის საკუთრებად იფორმებს;
  • ფაქტობრივად, სასესხო თანხით იგი ყიდულობს უძრავ ქონებას და საჯარო რეესტრში ფიქსირდება მესაკუთრედ;
  • რეალურად, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, არაერთ შემთხვევაში, მანიპულაციურად იდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რაც გულისხმობს მესაკუთრის უფლებას, შეთანხმებულ ვადაში  დაიბრუნოს ქონება საკუთრებაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ  თავდაპირველი  მესაკუთრე კარგავს ქონების გამოსყიდვის შესაძლებლობას; 
  • სამწუხაროდ, საქართველოში გახშირებულმა პრაქტიკამ გამოკვეთა, რომ მევახშეების მიერ სესხის გაცემის მთავარი მოტივი სწორედ ამგვარი შედეგის მიღწევაა, ანუ მათი მიზანი დაბალ ფასად  ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებაა. 

 

სასამართლოს როლი სასესხო ურთიერთობებში 

საცხოვრებელის დაკარგვასთან დაკავშირებული დავები ხშირად მიდის სასამართლომდე. მოვალეები ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების ბათილობას და სესხის ხელშეკრულების დადგენას ითხოვენ. თავის მხრივ კი, მევახშეები საცხოვრებლიდან მოვალეების დაუყონებლივი გამოსახლების მოთხოვნით მიმართავენ სასამართლოს. ამ ტიპის დავებში, მოვალეებს მევახშეებთან შედარებით, მძიმე ტვირთი აწევთ: უნდა ამტკიცონ, რომ მათი ნამდვილი ნება სასესხო ურთიერთობაში შესვლა და არა ქონების გასხვისება იყო; მაშინ, როცა მევახშეს ძალისხმევა არ სჭირდება იმის სამტკიცებლად, რომ მესაკუთრეა: საჯარო რეესტრის ამონაწერი ამისთვის საკმარისია. 

ეს პრობლემები, პირდაპირ ან ირიბად, უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს და ოჯახს შეხებია. სახელმწიფოს როლი სასესხო ურთიერთობების რეგულირებაში საკვანძოა, ასევე გადამწყვეტია სასამართლოს როლი ამგვარ ურთიერთობებში სუსტის დასაცავად. მომდევნო სტატიაში მოგიყვებით რა სტანდრტი დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ ფიზიკურ პირებს შორის სასესხო ურთიერთობებზე.  

სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი