5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, რითაც მათ და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. საპარლამენტო ოპოზიციამ ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, ქართულმა ოცნებამ კი „სოლიდარობა“ გამოუცხადა დასანქცირებულ მოსამართლეებს და ოპოზიციას საგამოძიებო კომიიის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავლენიანი მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების სანქცირება სისტემური პრობლემების კიდევ ერთი დადასტურებაა. თუმცა, საზოგადოებაში არსებობს კითხვები იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი, რა სამართლებრივი ან პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს სანქციებს საქართველოში. ახლა სწორედ ამ შეკითხვებს გვინდა ვუპასუხოთ.
როგორია ჩვენი კომენტარი?
ჩვენ სანქციებამდეც ვთვლიდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა, მათ შორის, დასანქცირებულმა მოსამართლეებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ. სწორედ ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი პასუხი და მთავარი მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ და სამართლებრივ მექანიზმებს, ისინი არსებობს, თუმცა პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, მათი წარმატებული ამოქმედების იმედი არ უნდა გვქონდეს.
რა უნდა ვიცოდეთ სანქციების ბუნებაზე?
აშშ იყენებს ყოვლისმომცველ, ტარგეტირებულ და სექტორალურ სანქციებს უცხო ქვეყნების, ინდივიდების, კომპანიებისა და სხვათა წინააღმდეგ, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. აშშ-ში სანქციებს, ბუნებრივია, სავალდებულო შინაარსი აქვს და მისი შემოღებაც შესაბამისი დასაბუთების, მტკიცებულებებისა და სარწმუნოობის მაღალი სტანდარტით ხდება. თუმცა, სანქციების ბუნებას მაინც მისი პოლიტიკური მახასიათებლები განაპირობებს. ის თავისთავად ვერ წარმოშობს რაიმე ფორმის სამართლებრივ პასუხიმგებლობას უცხო ქვეყანაში, თუმცა აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და მძიმე პრაქტიკული შედეგები სანქცირებული პირებისთვის. ის ასევე შესაძლოა გახდეს საგამოძიებო პროცესის დაწყების საფუძვლი.
რა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმები არსებობს კორუფციის ბრალდების შესასწავლად?
სასამართლო სისტემაში კორუფციის არსებობის შესახებ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებზე რეაგირების რამდენიმე მექანიზმი არსებობს, თუმცა როგორც ვთქვით პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში მათი გამოყენების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
- რეაგირება სასამართლოს მხრიდან
გაჟღერებული ბრალდებები, ნორმალურ ვითარებაში, უპირველესად თავად სასამართლოს რეაგირებას უნდა იწვევდეს. თუმცა, ვხედავთ რომ საკითხის შესწავლის ინტერესი არ არსებობს. სანქციების საფუძვლად ნახსენები ზოგიერთი მიზეზი ემთხვევა დისციპლინური გადაცდომის სახეებს, მაგალითად:
- კორუფციული საქმიანობა
- სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესითა და პოლიტიკური თუ სოციალური ზეგავლენით
- ერთი მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა
დისციპლინური პროცესის დაწყების საფუძველი კი გადაცდომის შესახებ საჯაროდ არსებული ინფორმაციაა, რაც ცალსახად სახეზეა. დისციპლინური პროცესი სრულად სასამართლოს შიგნით წარიმართება. მას იწყებს დამოუკიდებელი ინსპექტორი, შემდეგ საქმე გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია იღებს. იმ პირობებში როცა მძიმე კორუფციულ ბრალდებაში გავლენიანი ჯგუფის ლიდერი მოსამართლეები არიან მხილებული, ბუნებრივია ამ ორგანოების მიერ საკითხის ობიექტურად შესაწვლის მოლოდინი ვერ გვექნება.
- რეაგირება პროკურატურის მხრიდან
საკითხის სპეციფიკისა და ბრალდების სიმძიმის გათვალისწინებით, ზოგიერთი ეპიზოდი გამოძიების დაწყებას და პროცესში პროკურატურის ჩართვასაც შეიძლება მოითხოვდეს. კანონით გამოძიების დაწყება სავალდებულოა თუკი არსებობს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. მოსამართლეებზე ზეწოლის ან მძიმე კორუფციული ქმედებების შესახებ გაკეთებული განცხადებები სწორედ ასეთი ინფორმაციაა. პროკურატურის სისტემის პოლიტიზირების და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კრიზისის ფონზე, ბუნებრივია არც ამ მექანიზმის გამოყენების ალბათობაა მაღალი. აქ გასათვალისწინებლია ისიც, რომ მოქმედი მოსამართლეები სარგებლობენ იმუნიტეტით. მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობას მოითხოვს.
- რეაგირება პარლამენტის მხრიდან
ამ პროცესში ჩართვა და პოლიტიკური/კვაზი-სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება შეუძლია პარლამენტსაც, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გზით, რასაც საპარლამენტო ოპოზიცა ითხოვს. საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ თანამდებობის პირების კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაა. საგამოძიებო კომისია ოპოზიციის ხელში არსებული ინსტრუმენტია და მისი შექმნა 50 დეპუტატის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. თუმცა, ამ მექანიზმს თავისი სირთულეები აქვს. რამდენიმე დღეა ვხედავთ, რომ უმრავლესობა ოპოზიციას კომისიის შექმნის საშუალებას არ აძლევს. კომისიის ამოქმედების შემთხვევაშიც კი, ყველა ნაბიჯზე (დაკითხვა, ინფორმაციის შეგროვება და სხვა) საჭირო იქნება უმრავლესობის მხარდაჭერა, რისი პოლიტიკური ნებაც არ ჩანს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა ყოფილი ხელისუფლების პერიოდის შეფასებაც მოითხოვს, რისი ინტერესიც ამჟამინდელი ოპოზიციის ნაწილს შეიძლება არც ქონდეს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ყველა არსებულ მექანიზმს შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება.