სპეციალიზებული სასამართლო მართლმსაჯულების სისტემის ნაწილია და მისი ამოცანაა, განიხილოს სპეციფიკური საკითხები, მაგალითად, სოციალური, შრომითი ან ფინანსური დავები. სპეციალიზებული სასამართლო ძირითად იქმნება ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც გამოირჩევა კომპლექსურობით და მოითხოვს განსხვავებულ ცოდნას, გამოცდილებას და, შესაძლოა, პროცედურებსაც.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
მართლმსაჯულების სპეციალიზაციას შეუძლია, მაგალითად, შრომითი ან გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით ხელი შეუწყოს პროგრესული სამოსამართლო პრაქტიკის განვითარებას საქართველოში.
ჩვენი კომენტარი
სპეციალიზებული სასამართლოების ჩამოყალიბება, გამოწვევების მიუხედავად, მიიჩნევა ერთ-ერთ ნაცად და გამოსადეგ მექანიზმად კომპლექსური სამართლებრივი დავების განსახილველად, სასამართლოების განსატვირთად და მათი ეფექტიანობის გასაზრდელად.
როდის ხდება სპეციალიზაცია საჭირო?
მართლმსაჯულების სპეციალიზაცია საჭირო ხდება მაშინ, როცა კანონმდებლობა და ეკონომიკური ურთიერთობები უფრო კომპლექსური და სპეციფიკური ხასიათისაა.
ამას შეიძლება განაპირობებდეს შიდა ან გარე ფაქტორებიც:
- შიდა ფაქტორებში სასამართლოების ინსტიტუციურ და რესურსულ გამოწვევებს გულისხმობენ, რომლებიც სპეციალიზაციის გზით შეიძლება გადაიჭრას;
- გარე ფაქტორები კი საზოგადოების მოთხოვნილებას მიემართება, როცა ხალხს უჩნდება ინტერესი, სპეციფიკური შემთხვევები სპეციალიზებული ცოდნის მქონე მოსამართლეებმა უფრო ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმებით განიხილონ.
რა მიიჩნევა სპეციალიზებული სასამართლოს უპირატესობებად?
მიიჩნევა, რომ სპეციალიზებულ სასამართლოს შემდეგი უპირატესობები აქვს:
- სპეციალიზებული მართლმსაჯულება უფრო ეფექტიანი და დროში მოქნილია. შესაბამისად, ეს მექანიზმი სტანდარტული სასამართლოების განტვირთვასაც ემსახურება;
- სპეციალიზაცია კომპლექსური სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაა. შესაბამისად, ის ზრდის ხარისხიანი გადაწყვეტილებების გამოტანის ალბათობას;
- სპეციალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი სამოსამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც სამართლებრივი დავების შესაძლო შედეგს მხარეებისთვის მეტად განჭვრეტადს ხდის და ამცირებს გასაჩივრების მაჩვენებელს.
როგორ იქმნება სპეციალიზებული სასამართლოები?
სასამართლოების სპეციალიზაციის სამ ფორმას განარჩევენ:
- განცალკევებული სასამართლო - ამგვარი სასამართლოები შეიძლება ორგანიზაციულად სტანდარტული სასამართლო სისტემის ნაწილი იყოს ან ჰქონდეს დამოუკიდებელი სისტემა და სტრუქტურა, მათ შორის, საკუთარი სააპელაციო ინსტანციაც. მაგალითად, გერმანული მოდელი, რომელიც შედგება როგორც ძირითადი განყოფილებების (სამოქალაქო, სისხლის და საოჯახო), ასევე სპეციალიზებული შტოებისაგან (ადმინისტრაციული, სოციალური, შრომითი, ფინანსური და ინტელექტუალური საკუთრების). თითოეული გულისხმობს სპეციალიზებულ პირველ ინსტანციას და სააპელაციო დონეებს, დამოუკიდებელი ორგანიზაციული მოწყობითა და ფინანსური სახსრებით;
- სასამართლოს შიგნით არსებული განცალკევებული განყოფილება - ბევრ ქვეყანაში მისი ჩამოყალიბება თავად სასამართლოს შიდა აქტებითაა შესაძლებელი და არ მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებებს. საკუთარი მოსამართლეების გარდა, ამგვარ განყოფილებას თუ შტოს შეიძლება ჰყავდეს თავისი თანამშრომლები, ჰქონდეს სასამართლო დარბაზები ან სპეციალური შენობა;
- სპეციალური ექსპერტიზის მქონე მოსამართლეების მომზადება - ზოგჯერ სასამართლოში საკმარისი რაოდენობის სპეციფიკური საქმეები არ შედის. ასეთ დროს ინდივიდუალური მოსამართლეები შეიძლება განაწილდნენ დროებით შექმნილ პანელებში. ამგვარ პანელებში სპეციალური ექსპერტიზის მქონე მოსამართლეს დამატებითი როლი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, მომხსენებლი მოსამართლის.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს