პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„რბილი ევროსკეპტიციზმი“ და „მყარი ატლანტიციზმი“ – რას უნდა ელოდოს საქართველო იტალიის ახალი მთავრობისგან
ოქტომბერი 25, 2022

25 სექტემბერს იტალიის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა ალიანსმა, რომელსაც სათავეში ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონის პარტია, „იტალიის ძმები” უდგას. კოალიციაში, ასევე, არიან სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალია” და მემარჯვენე პოპულისტური „ლიგა”, რომლის ლიდერიც ევროსკეპტიციზმით გამორჩეული ფიგურა – მატეო სალვინია. ახალი კაბინეტი 22 ოქტომბერს ოფიციალურად დამტკიცდა

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

გამარჯვებული კოალიცია იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე მმართველი ძალაა. ძალაუფლება მათ ხელში საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ისტორიულად უაღრესად პროევროპულია, ეს კი თავისთავად აისახება საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ჩვენი კომენტარი

მიუხედავად ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მოსალონდელი ცვლილებებისა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ჯორჯია მელონის მთავრობას აიძულებს, იტალიის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს მნიშვნელოვნად არ გადაუხვიოს.

იტალიის საგარეო პოლიტიკის ტრადიციული საყრდენები

იტალიის საგარეო პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამ საყრდენზე დგას. ესენია:

  1. ინტერნაციონალიზმი - ეს გულისხმობს აქტიურ ჩართულობას სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების საქმინობაში და საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის პატივისცემას;
  2. ევროპეანიზმი - იტალია ევროპის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ის ევროპის საშინაო პოლიტიკაში ისტორიულად ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია;
  3. ატლანტიციზმი - ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე მჭიდრო პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები აქვს როგორც აშშ-სთან, ისე ნატოსთან.

აქამდე, მიუხედავად მთავრობების ცვლილებისა, როგორც წესი, საგარეო პოლიტიკის ეს სამი საყრდენი მტკიცედ ნარჩუნდებოდა. ვფიქრობთ, რომ ახალ რეალობაშიც ძირითადი ორიენტირები უცვლელი დარჩება, თუმცა არსებობს წინაღობები, რომლებიც საფრთხეს ქმნის. 

ურთიერთობები ევროკავშირთან: შერბილებული ევროსკეპტიციზმი? 

ჯორჯია მელონი, რომელიც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ულტრამემარჯვენე შეხედულებებით და ფაშიზმის მემკვიდრეობისადმი სენტიმენტებით გამოირჩეოდა, ბოლო დრომდე მყარ ევროსკეპტიკოსად გვევლინებოდა. ევროსკეპტიკოსია მისი კოალიციური პარტნიორი, მემარჯვენე პოპულისტი, მატეო სალვინიც.

2019 წლამდე მოქმედი პრემიერი ითხოვდა ევროზონის დაშლას და ბრიუსელის ბიუროკრატებს „გლობალური ფინანსური ელიტისგან მართულ აგენტებად” მოიხსენიებდა. ის მწვავედ აკრიტიკებდა ევროპის ცენტრალურ ბანკს და მას „მევახშეებისა და ლობისტების ადგილს” უწოდებდა.

თუმცა მელონიმ ევროსკეპტიკური რიტორიკის შერბილება ჯერ კიდევ 2019-2020 წელს დაიწყო, როცა ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ფრაქციის ლიდერად აირჩიეს. ამას დაემატა მწვავე ენერგოკრიზისი, მაღალი ინფლაცია, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ევროკავშირის მიერ იტალიისთვის გამოყოფილი პოსტკოვიდური დახმარებები. ამ ყველაფრის ფონზე მელონის პოზიცია კიდევ უფრო შერბილდა. 

მელონიმ იგრძნო ახალი კონტექსტი: ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა დამოკიდებულია ევროკავშირის 200 მილიარდიან დახმარების პაკეტზე, რომელსაც პოსტკოვიდური ეკონომიკის სტაგნაციიდან გამოყვანა შეუძლია. გასათვალისწინებელია იტალიის ვალიც, რომელიც დაახლოებით 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. თუ გლობალურ კრიზისს გავითვალისწინებთ, ახალ მთავრობას, ევროკავშირთან მჭიდრო ფინანსური თანამშრომლობის გარეშე, არ შეუძლია შიდა ეკონომიკური პრობლემების დაძლევა.

უნდა გავითვალისწინოთ ამომრჩევლების დამოკიდებულებაც ევროკავშირის მიმართ: კვლევების თანახმად, მოქალაქეთა 58%-ს სურს ევროკავშირში დარჩენა, ეს კი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 14%-ით მეტია. გარდა ამისა, მელონის აუცილებლად მოუწევს მისი მხარდამჭერი იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ინდუსტრიული ქალაქების ინტერესების გათვალისწინებაც, რომელთაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვთ გერმანულ კაპიტალთან. ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობა კი პირდაპირ აისახება ამ ქალაქების შემოსავლებზე.

შესაძლოა, ბრიუსელთან კონსტრუქციული ურთიერთობის გარანტი გახდეს იტალიის ახლადარჩეული საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, ბერლუსკონის „ფორცა იტალიას” და ევროპის სახალხო პარტიის წევრი, პროევროპელი ანტონიო ტაიანი, რომელიც ძლიერი ევროკაშირის იდეის ლობირებით გამოირჩევა. მან პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან უკვე გამართა და მას კიდევ ერთხელ აღუთქვა სრული მხარდაჭერა. ტაიანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალია კიდევ უფრო გააღრმავებს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობებს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დასავლელ პარტნიორებთან ერთად დადგება

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრიუსელთან ურთიერთობის დალაგების სტრუქტურული სტიმულების მიუხედავად, მელონისა და ევროკავშირს შორის უთანხმოება ეროვნული სამართლის ევროკავშირის სამართალზე უპირატესობის, სამოქალაქო უფლებების, კანონის უზენაესობის და საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხების შესახებ გარდაუვალი ჩანს.

შესაძლოა, ამ უთანხმოებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მიერ იტალიისთვის ფინანსური დახმარების შემდგომი ტრანშების გაცემაზე. საბოლოოდ, როგორც ჩანს, მელონის მოუწევს წინამორბედ მარიო დრაგისეულ პოლიტიკურ პრაგმატიზმსა და ტრამპ-ორბანისეულ კონსერვატიზმს შორის მანევრირება, რათა, ერთი მხრივ, ეფექტურად უპასუხოს არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, ხოლო, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს რადიკალური კონსერვატიული დღის წესრიგი. 

ურთიერთობები აშშ-თან, ნატოსთან და უკრაინასთან: მყარი ატლანტიციზმი? 

ჯორჯია მელონი თავს გულმხურვალე ატლანტიცისტად მიიჩნევს. მიუხედავად წარსულში გაკეთებული პრორუსული განცხადებებისა (2014 წელს მელონიმ ყირიმის „რეფერენდუმი” გაამართლა), ახლა მან მკაცრად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინას უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა. მელონიმ კიევს იარაღის შეუფერხებლად მიწოდების გაგრძელების პირობაც მისცა. ამავე დროს, მისი პარტიის საარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, რომ იტალიამ უნდა გააძლიეროს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. მელონის განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიასთან და ამერიკელ კონსერვატორებთან. განსხვავებით რესპუბლიკელებისგან, ამერიკელი დემოკრატები საფრთხედ აღიქვამენ მელონის ხელისუფლებაში მოსვლას. 

მელონის ატლანტიციზმს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წინაღობები შეხვდეს ქვეყნის შიგნით. კერძოდ, საფრთხეს შეიცავს შიდაალიანსური დაპირისპირებები. პრემიერისგან განსხვავებით, მის პარტნიორებს კოალიციაში მეგობრული ურთიერთობა აქვთ პუტინთან და გამოირჩევიან პრორუსული რიტორიკით.

მაგალითად, სალვინის მხარდამჭერ ბიზნესებს მჭიდრო, პარტნიორული კავშირები აქვთ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებთან, ხოლო თავად ის მკაცრად ეწინააღმდეგებოდა სანქციების დაწესებას და ევროპარლამენტში პუტინის გამოსახულებიანი მაისურითაც კი წარსდგა. რაც შეეხება ბერლუსკონის, მან რამდენჯერმე ღიადაც დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება პუტინის, როგორც „ომში ჩათრეული მსხვერპლის”, მიმართ, რომელსაც „რუსმა ხალხმა და თავისმა მაღალჩინოსნებმა უბიძგეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისაკენ”. მიუხედავად ამგვარი რიტორიკისა, ბერლუსკონი და სალვინი მაინც ცდილობენ, მეტ-ნაკლებად დისტანცირდნენ პუტინისაგან და რუსეთის საერთაშორისოდ შელახულ რეპუტაციას საკუთარიც არ გადააყოლონ. 

რას ნიშნავს საქართველოსთვის მელონის გამარჯვება? 

მელონის პოლიტიკას შეგვიძლია ვუწოდოთ „რბილი ევროსკეპტიციზმი“ და „მყარი ატლანტიციზმი“. როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოზე? როგორც წესი, ევროსკეპტიკოსები ევროინტეგრაციას და ევროკავშირის გაფართოებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ორბან-კაჩინსკის უნგრულ-პოლონურმა მემარჯვენე პოპულისტურმა ალიანსმა ეს ტრადიცია ამოაყირავა. ვიქტორ ორბანი აქტიურად უჭერს მხარს დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭებას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპის კავშირში გაერთიანებასაც. ევროპელი მემარჯვენე პოპულისტი ლიდერები ცდილობენ, ბრიუსელის, ბერლინისა და პარიზის წინააღმდეგ ევროკავშირის შიგნით ალტერნატიული აღმოსავლეთ ევროპული ალიანსი შექმნან. 

თუ მელონის კაბინეტი ამგვარ ევროსკეპტიციზმს აირჩევს, მოსალოდნელია, რომ იტალიას არ ექნება პრინციპული წინააღმდეგობა აღმოსავლეთით გაფართოებაზე. მეტიც, შესაძლოა, ამ პროცესს მხარი ახალმა კაბინეტმა აქტიურადაც კი დაუჭიროს. არსებობს მეორე ვარიანტი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ბრიუსელი მელონის შედარებით ზომიერი პოლიტიკის რელსებზე გადაყვანას. ამ შემთხევაშიც ის არ იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მოწინააღმდეგე. 

რაც შეეხება ატლანტიციზმს: თუ ახალი კაბინეტი ნატოსა და აშშ-სთან სანდო სტრატეგიულ პარტნიორობას დაამყარებს, ეს ნატოს სამხრეთი ფლანგის უფრო მეტად გაძლიერებასა და ნატო-იტალიის თავდაცვის პოლიტიკის თანხვედრას გამოიწვევს. შიდა წინააღმდეგობებისგან დაცლილი ევროატლანტიკური სივრცის არსებობა საქართველოს ამ სივრცეში ინტეგრირების შანსებს ზრდის. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს