პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში – როგორ შეიძლება ვუპასუხოთ ამ გამოწვევას?
ოქტომბერი 18, 2022

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მისივე მოქალაქეების ნაწილს უბიძგა საცხოვრებლად სხვა ქვეყნების ძებნა დაეწყოთ. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გახდა, რაც საქართველოს განსაკუთრებით მწვავედ შეეხო. ამის ერთი მიზეზი სახმელეთო საზღვრი, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივეა.

რა პირობები ხვდებათ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?

  • ცალმხრივი უვიზო მიმოსვლა – რაც მათ შესაძლებლობას აძლევს საქართველოში 1 წლით დარჩნენ;
  • ამ ვადის გასვლის შემდეგ, შეუძლიათ, სიმბოლურად, გადაკვეთონ უახლოესი საზღვარი და შემობრუდნენ – 1 წლის ათვლა კი თავიდან დაიწყება.

ეს რეჟიმი იდეალურ პირობებს ქმნის მათთვის, დარჩნენ აქ რა ვადითაც სურთ, ან გამოიყენონ საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა.

მიგრანტთა პირველი ტალღა

სანამ ანალიზზე გადავალთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ:

  • 2022 წლის მონაცემებს ვადარებთ 2019-ისას და პანდემიის გათვალისწინებით მხედველობაში არ ვიღებთ 2020-2021 წლებს.
  • 2019 წელიც განსაკუთრებულია. ივნისის ბოლომდე, გასულ წლებთან შედარებით განუხრელად იზრდებოდა რუსეთიდან საზღვრის კვეთის შემთხვევები, თუმცა ივნისში, გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენების გამო რუსეთმა გააუქმა  საქართველოსთან პირდაპირი ფრენები, რამაც გამოიწვია  2018 წლის ივლისსა და აგვისტოსთან შედარებით ნაკადების შემცირება.

რიცხვებში:

  • ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა აქართველოს საზღვარი 796 638-ჯერ გადაკვეთეს.
  • ეს 2019 წლის მარტი-აგვისტოს ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით ნაკლებია
  • თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რა მიზნები აქვთ ამ ადამიანებს, ტურისტული თუ გრძელვდიანი.
  • 2019 წელს მარტი-ივნისის პერიოდში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 33 029 დარჩა საქართველოში, ხოლო 2022 წლის იგივე პერიოდში - 49 505.

მიგრანტთა მეორე ტალღა

  • 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა. აქედან მალევე რუსეთის მოქალაქეებმა სხვადასხვა გზით სცადეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა. პირველი ტალღის მიგრანტებისგან განსხვავებით, მათმა ძირითადმა ნაწილმა, ამისთვის ლარსის საზღვარი გამოიყენა.
  • 17-22 სექტემბრის პერიოდში დღიურად საქართველოში შემოდიოდა დაახლოებით იმდენივე რუსეთის მოქალაქე, რაც წინა თვეებში (საშუალოდ 6500 – 7000 პირი).
  • მნიშვნელოვანია, რომ ამავე პერიოდში ქვეყანას რუსეთის იმაზე მეტი მოქალაქე ტოვებდა, ვიდრე შემოდიოდა.
  • სურათი მკვეთრად იცვლება 23 სექტემბრიდან, როცა წინა დღეებთან შედარებით ეს რიცხვი 50%-90%-ით გაიზარდა, ხოლო პიკს 25 სექტემბერს მიაღწია, როცა საზღვარი რუსეთის 11 143 მოქალაქემ გადმოკვეთა.
  • 30 სექტემბერს კი შსს-მ გამოაქვეყნა ბოლო დღეების სტატისტიკა და განაცხადა, რომ ლარსის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების ნაკადმა საგრძნობლად იკლო და იქამდე არსებულ საშუალო მაჩვენებლს დაუბრუნდა.

რა არის პრობლემა?

მიგრანტების შესახებ ინფორმაციის არ არსებობა - სახელმწიფო არ აგროვებს მონაცემებს რა მიზნით შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, რა ვადით აპირებენ დარჩენას, რას საქმიანობენ, რა სახსრებით აპირებენ საქართველოში დარჩენას. ამის გამო სურათის სრულად დანახვის შესაძლებლობა არ გვაქვს, რაც პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას ართულებს, მიგრაციას კი უკონტროლოს ხდის. 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხი - არსებული რეგულირების პირობებში შეუძლებელია გაარკვიო ვინ კვეთს საზღვარს, შესაძლოა მათი გარკვეული ნაწილი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდეს; 

ეკონომიკური და სოციალური საკითხები - რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოყვა რუსული კაპიტალი და საქართველოს ღარიბი მოსახლეობა სრულიად უთანასწორო პირობებში აღმოჩნდა ამ კაპიტალთან. 

რუსეთის მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე მნიშვნელოვნად მაღალია. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჯამურად 1.88 მილიარდი ლარის აქტივებია (70%-ზე მეტი დოლარში) რაც 170%-ით მეტია ომამდე პერიოდთან, 2022 წლის იანვარში არსებულ მონაცემებთან შედარებით. 

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის 6400 მოქალაქემ დაარეგისტრირა ბიზნესი საქართველოში, რაც მათ სახელზე გასულ 2012-2021 წლებში რეგისტრირებული (13 500-მდე) ბიზნესების ნახევარია. ეს კიდევ ერთ ინდიკატორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ შემომსვლელთა ნაწილს გრძელვადიანი მიზნები აქვს საქართველოში. 

საბინაო კრიზისი - თბილისში ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს. სტუდენტები, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა, რომლებსაც დედაქალაქში საკუთრებაში არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ქირის გადახდა უწევთ. განსაკუთრებით, სწორედ მათ შეეხოთ ახალი რეალობა. ამ ფონზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გახდა ერთ-ერთი ფაქტორი ბინებზე ფასების ზრდის. აგვისტოს თვის მონაცემებით, თბილისის ზოგიერთ უბანში ქირა საშუალოდ 70%-ით გაძვირდა. მარტის შემდეგ 11%-ით გაიზარდა გასაყიდ ბინებზე ფასებიც, რაც წლის დასაწყისში არ იყო მოსალოდნელი. ომის დაწყებიდან 7 თვის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 3319 მოქალაქემ დაირეგისტრირა საკუთრება. ამდენად, თვეში საშუალოდ რუსეთის 475 მოქალაქე იძენდა უძრავ ქონებას, რაც 2019 წლის (რა დროსაც პიკი დაფიქსირდა) საშუალო თვიურ მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. 

რა შეიძლება გაკეთდეს? 

შექმნილ ვითარებაში მთავრობა ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები რაც დაარეგულირებს არსებულ ქაოსურ ვითარებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველომ უნდა იფიქროს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე, უახლოეს მომავალში კი შეგვიძლია ჩვენი სპეციფიური ვითარების გათვალისწინებით გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები (აქვე გასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ განხილული მექანიზმების ჩამონათვალი არც ამომწურავია და არც საბოლოო):

  • შესაძლებელია მოგზაურობის დაწყების წინ ელექტრონული ანკეტების შევსების ვალდებულების შემოღება, სადაც მოგზაურობის მიზნებსა და ვადებზე, ასევე საცხოვრებლის შესახებ მონაცემების შევსება იქნება საჭირო;
  • უვიზო მიმოსვლის პირობებში ქვეყანაში დარჩენის დრო წელიწადში 90 ან 60 დღემდე შეიძლება შემცირდეს;
  • ამ ვადის გასვლის შემდეგ აუცილებელი უნდა გახდეს ბინადრობის ნებართვის მიღება, რასაც თავის მხრივ დასჭირდება: ა) დარჩენის მიზნების განსაზღვრა; ბ) შემოსავლების დადასტურება; გ) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და სხვ.;
  • ქონების რეგისტრაცია შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის; 
  • ხანგრძლივი ვადით ბინის ქირაობის უფლება, ასევე, მხოლოდ ბინადრობის უფლების, ან სამუშაო ვიზის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა მიენიჭოს; 
  • უნდა გადაიხედოს ბიზნესის რეგისტრაციის საკითხი და ამ უფლებით მხოლოდ წინა პუნქტში მითითებული პირები უნდა აღიჭურვონ;
  • მუშაობის უფლებაც მხოლოდ ასეთ პირს უნდა მიეცეს.

ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ:

  • დაიკლებს მიგრანტთა ნაკადი;
  • დარეგულირდება ამჟამინდელი ქაოტური ვითარება;
  • ადგილობრივ მოსახლეობასა და რუსეთის მოქალაქეებს შორის არსებული ეკონომიკური უთანასწორობა  შემცირდება;
  • სახელმწიფოს შეინარჩუნებს შესაძლებლობას ჰუმანიტარული მიზნებით ქვეყანაში შემოუშვას კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირები. 
მასალა მოამზადეს
ანა გვალია
ანა გვალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი