პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვის არ მიუწვდება ხელი სოციალურ დაცვაზე?
მაისი 30, 2024

ქვეყანაში სოციალური დაცვის მექანიზმები არ არის სისტემური და უმეტესად ფრაგმენტულია. არაფორმალურ შრომაში დასაქმებული ადამიანებისთვის ეს პრობლემა კიდევ უფრო მძიმედ დგას, ვინაიდან ისინი შეღავათებისა და სოციალური დაცვის მიღმა არიან. ამასთან, ზოგჯერ ფორმალურ სექტორში დასაქმებულსაც არ აქვს წვდომა სოციალური დაცვის გარკვეულ ინსტრუმენტებზე.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ დასაქმების სხვადასხვა სექტორში სოციალური დაცვის რა მექანიზმებზე მიუწვდებათ მშრომელებს ხელი, რათა განვსაზღვროთ, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და ვიცოდეთ, სად არის საჭირო მუშაობა.

ჩვენი კომენტარი

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მშრომელებს, განურჩევლად შრომის სექტორისა, სოციალური დაცვის ინსტრუმენტებზე მიუწვდებოდეთ  ხელი.

რა უნდა ვიცოდეთ?

მშრომელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სოციალურ დაცვაზე ხელმისაწვდომობაა.  დასაქმების გარკვეულ სფეროებში მშრომელებს ნაწილობრივ ან საერთოდ არ აქვთ წვდომა ისეთ საბაზისო უფლებებზე, როგორიცაა: ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტული შვებულება და მისი ანაზღაურების საკითხი, ჯანმრთელობის დაზღვევა, დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის თანახმად შვებულება (ე.წ. ბიულეტენი) და სხვა.

რა მდგომარეობაა შრომის სხვადასხვა სექტორში?

საშინაო შრომის (მაგ. ძიძები და დამხმარეები) სფეროსთვის უფრო მეტად დამახასიათებელია ყველა სახის სიკეთეზე წვდომის შეზღუდვა.

  • გამოწვევაა შრომითი ხელშეკრულების არარსებობა. საოჯახო შრომაში ჩართული ადამიანების უმრავლესობას აქვს მხოლოდ ზეპირი შეთანხმება ოჯახებთან, ასევე, მათზე არ ვრცელდება შრომის კოდექსის მოქმედება. ეს იწვევს იმ სოციალურ ბენეფიტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობა სხვა მშრომელებისთვის ითვალისწინებს. მაგალითად როგორიცაა: ანაზღაურებადი შვებულება, ბიულეტენი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ნორმირებული სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა და ა.შ. საოჯახო მშრომელები, რიგ შემთხვევაში, სარგებლობენ ზოგიერთი ამ უფლებით, თუკი ამაზე შეთანხმებას დამსაქმებელთან შეძლებენ, თუმცა, ეს ფაქტორი მაინც გამოწვევად რჩება, რადგან ყველა დამსაქმებელი ვერ ხედავს ამის საჭიროებას ან არ აქვს მისი უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

გიგ-ეკონომიკაც, ასევე ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მშრომელებს ტოვებს სოციალური დაცვის სისტემის მიღმა.

  • გამოწვევაა შრომითი ხელშეკრულების არარსებობა, ვინაიდან პლატფორმულ შრომაში ჩართულ ადამიანებს (მაგ. კურიერები) აქვთ პარტნიორული (და არა შრომითი) ხელშეკრულება. შესაბამისად, დამსაქმებელი ამ პირებთან მიმართებით არ იღებს არანაირ შრომით-სამართლებრივ ვალდებულებას. ეს იწვევს გიგ-მშრომელების ისეთი სოციალურ სიკეთეების მიღმა დატოვებას, როგორებიცაა შვებულება, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამუშაო საათების განსაზღვრა, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, დაცულობა უსამართლო დათხოვნისგან და ა.შ.

სოციალური დაცვა პრობლემურია მოპოვების სექტორშიც. მაღაროებში დასაქმებულებს წვდომა არ აქვთ ისეთ ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რომელიც მათ რეალურ საჭიროებას დააკმაყოფილებს.

ეს საკითხი გამოიკვეთა ტრანსპორტის სექტორშიც. მეტროში დასაქმებულებს მიწის ქვეშ საათების გატარება უწევთ, რაც იწვევს გარკვეული ტიპის დაავადებებს, ნაადრევ შრომისუნარიანობის დაკარგვას და ფიზიკურ სისუსტეს. საქართველოში შესწავლილიც არ არის თუ რა ტიპის პროფესიული დაავადებები ახასიათებს ამ საქმეს, შესაბამისად, არ არსებობს ადეკვატური მკურნალობის, შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევისა თუ პრევენციის ზომები.


წინამდებარე სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი