პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
2022 წლის მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკა და სოციალურად დაუცველები
აგვისტო 30, 2022

დასაქმების გასააქტიურებელი პროგრამების ფრაგმენტები საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს და ამისათვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურადაა თანხები გამოყოფილი. თუმცა, ამ პროგრამებში მუდმივად შედის ცვლილებები, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს ერთი პოლიტიკის გრძელვადიან გეგმას.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • დასაქმების გასააქტიურებელი პროგრამები საჭიროა, რათა სახელმწიფომ შესთავაზოს ინდივიდებს დასაქმების ისეთი გზები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ღირსეულ ანაზღაურებასა და ნაკლებ კონკურენციაზე.
  • თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ითვალისწინებდეს დასაქმებისა და კარიერული განვითარების გრძელვადიან გეგმას.

ჩვენი კომენტარი

  • საქართველოში სოციალური პოლიტიკა ფრაგმენტულია;
  • შეუძლებელია ივარაუდო, როგორ შედეგს გამოიღებს ესა თუ ის ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში;
  • რადგან, არ არის უზრუნველყოფილი პროგრამების მდგრადობა და სახელმწიფო პოლიტიკის ნაცვლად დამოკიდებულია კერძო ინიციატივებზე;
  • ეს კი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარების კეთილდღეობას.

კონტექსტი

  • 2021 წელს მაშინდელმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სოციალური კოდექსის მიღებაზე მუშაობის დაწყება დააანონსა. მისი განცხადებით, რეფორმა 2023 წელს უნდა დასრულდეს.
  • პარალელურად, 2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დასაქმების შესახებ განაცხადა.

2022 წლის დასაქმების ხელშემწყობ პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივიდან გამომდინარე, შეიქმნა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაც, რაც: 

  • სოციალურად დაუცველებს საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის რისკის გარეშე.
  • თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას სთავაზობს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს, როგორ რთავს მათ პროგრამაში, სად ასაქმებს და რამდენად მდგრადია ეს სამუშაოები.

რა უნდა ვიცოდეთ?

დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველმა უნდა აირჩიოს დასაქმების გზებიდან ერთ-ერთი:

  • სოციალურად დაუცველები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები, ჩაერთონ საზოგადოებრივ სამუშაოებში და მიიღონ თვეში 300 ლარიანი ანაზღაურება;
  • პროგრამა არაფორმალურად დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს სთავაზობს ან ხელშეკრულების გაფორმებას დამსაქმებელთან, ან ინდ. მეწარმედ/მცირე ბიზნესის მფლობელად დარეგისტრირებას;
  • სოციალურად დაუცველები დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.

საზოგადოებრივი სამუშაო - ქვეპროგრამის მიხედვით, არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და მისი მიზანია ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოს შესრულება.

საზოგადოებრივი სამუშაოების სახეობებს ჯანდაცვის მინისტრი განსაზღვრავს. 

უფრო დეტალურად: 

  • ამ პროგრამაში მონაწილეობის შედეგად სოციალურად დაუცველები 4 წლის განმავლობაში თავისუფლდებიან გადამოწმებისგან, რაც ნიშნავს, რომ ისინი გარანტირებულად მიიღებენ შემწეობას; 
  • ხოლო თუ უარს იტყვიან პროგრამაში მონაწილეობაზე, ისინი კვლავ ყოველწლიურად გადამოწმდებიან. 

     მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სოციალური გასაცემის სიმცირე - 300 ლარი, რომელიც მცირედით აღემატება საარსებო მინიმუმს.  ქვეპროგრამით განსაზღვრული არ არის, დასაქმებულები მინიმუმ რამდენი ხნით დასაქმდებიან ერთი სოციალური ხელშეკრულების ფარგლებში. უცნობია შრომის პირობები. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული პირებისთვის ქვეპროგრამით არც კარიერული განვითარების გეგმა არ არის განსაზღვრული.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი