პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რას გვთავაზობს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება?
იანვარი 25, 2023

რას გვთავაზობს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება?

ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება არის კონცეფცია, რომელმაც უნდა შეცვალოს მართლმსაჯულებაზე მუშაობის აქამდე მოქმედი მოდელი. მისი მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის შუაგულში დაინახოს ხალხი და არა ინსტიტუტები. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების ინსტიტუტები ვერ პასუხობს მოსახლეობის წინაშე არსებულ მოთხოვნებს. კერძოდ, პრობლემების  10%-ზე ნაკლები გვარდება მართლმსაჯულების სისტემების მიერ. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 2/3-ს სათანადოდ არ მიუწვდება ხელი მართლმსაჯულებაზე. სიღარიბე, ძალადობა, უთანასწორობა პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის.  

ჩვენი კომენტარი

ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება ღირებული კონცეფციაა, რადგან ის ცდილობს, დაინახოს არა ინსტიტუტების, არამედ, უპირატესად, ადამიანის საჭიროებები მართლმსაჯულების სისტემაში. მიუხედავად ამისა, ეს კონცეფცია იზოლირებულად არ უნდა განიხილებოდეს და ის უფრო ფართო პოლიტიკური მიდგომის ნაწილი უნდა იყოს.

რას გულისხმობს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება?

ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულება ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების საჭიროებებზე, მაგალითად: ჯანმრთელობის, სოციალური, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ტიპის საკითხებზე, რომლებსაც სამართლებრივი განზომილება აქვს. ეს მიდგომა ცდილობს, წინ წამოწიოს სოციალური, ეკონომიკური, გენდერული ბარიერები, რომლებიც აფერებს სამართლებრივი სისტემებით სარგებლობას.

რა ელემენტებისგან შედგება ახალი მიდგომა? 

ახალი კონცეფცია მოიცავს:

მტკიცებულებებსა და კვლევაზე დაფუძნებულ მუშაობას სამართლებრივი საჭიროებების გამოსაკვეთად

  • თანასწორობასა და ინკლუზიას სოციალურად, ეკონომიკურად მარგინალიზებული ან სხვაგვარად მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების დასაძლევად; 
  • ხელმისაწვდომობას არსებული ბარიერების აღმოსაფხვრელად;
  • პრევენციას, პროაქტიულობას, დროულობას, რაც გულისხმობს არამხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი საკითხის დროულ გადაწყვეტას, ასევე იმ სისტემური მიზეზების აღმოფხვრას, რომლებიც პრობლემას იწვევს;
  • ადგილობრივ გარემოებებთან და ინდივიდუალურ საჭიროებებთან მორგებას;
  • ადამიანების და მათი სამართლებრივი შესაძლებლობების გაძლიერებას;
  • ინტეგრირებულ სერვისებს, რომლებიც ადამიანის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სხვა პრობლემების გადაჭრასაც გულისხმობს;
  • სამართლიანობას და შედეგზე ორიენტირებულობას, რაც არა მხოლოდ სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაზე, არამედ შედეგის სამართლიანობაზეც აკეთებს აქცენტს;
  • ეფექტიანობას, რაც სისტემის მუდმივ განვითარებას ითხოვს.
  • რას უკავშირდება ახალი კონცეფციის გავრცელება?

წლების განმავლობაში, როცა მართლმსაჯულებაზე მსჯელობდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ ინსტიტუტებსა და პროვაიდერებზე. ეს, .. ზემოდან ქვემოთ, მიდგომა მხოლოდ ნაწილობრივ აღმოჩნდა ეფექტიანი. მართლმსაჯულების ფორმალურმა სისტემამ ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებს სათანადოდ ვერ უპასუხა. ახალი მიდგომა წარმოადგენს რეაქციას გლობალურ პრობლემაზე, რომელიც მართლმსაჯულებით სრულფასოვანი სარგებლობის კრიტიკულ სიმცირეზე მიუთითებს. ის ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსაც, რომელთა მიხედვით, 2030 წლისთვის მართლმსაჯულებაზე ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი. 

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი