პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა არის და რაში გვჭირდება საარსებო მინიმუმი?
ივლისი 25, 2022

საარსებო მინიმუმი არის თანხა, რომელიც ყოველთვიურად სჭირდება ადამიანს ღირსეული ცხოვრებისთვის. ის ერთგვარი ორიენტირია, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამასა და სოციალურ პოლიტიკაზე მუშაობისას უნდა იყენებდეს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა:

  • საქართველოში 175 000-მდე ოჯახი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს. ამასთანავე, ფაქტობრივად არ არსებობს მინიმალური ხელფასი და ბევრი დასაქმებული თუ თვითდასაქმებული ადამიანი ძალიან მცირე ანაზღაურებაზე მუშაობს.
  • ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა კოვიდ-19-ის პანდემიამ, როდესაც ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. 
  • ბოლო წლის განმავლობაში, ინფლაციის გამო, სახელმწიფოს მიერ გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმი 206 ლარიდან 241 ლარამდე გაიზარდა.

ჩვენი კომენტარი:

სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, თუმცა დღეს სახელმწიფო ან საერთოდ არ ეყრდნობა ამ მონაცემს, ან ეყრდნობა ფრაგმენტულად. მაგალითად, მინიმალური ხელფასი დღესაც 20 ლარია, რაც დღეს არსებული საკამათო და ხარვეზიანი საარსებო მინიმუმის 8%-ია.

რა უნდა ვიცოდეთ?

საქართველოს კანონმდებლობით საარსებო მინიმუმი უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის მინიმალურ ფიზიოლოგიურ და სოციალურ საჭიროებებს.

  • საარსებო მინიმუმში ორი კომპონენტია: საკვები და სხვა აუცილებელი პროდუქტები;
  • შესაბამისად, ის უნდა მოიცავდეს: ადეკვატურ კვებას, საცხოვრებელს, ტანსაცმელს, კომუნალურ და სამედიცინო ხარჯებს, არასასურსათო პროდუქტებს, ტრანსპორტირებას.

რისთვის უნდა იყენებდეს სახელმწიფო საარსებო მინიმუმს?

საარსებო მინიმუმის დანიშნულებას, ფუნქციებს და მიზანს აღწერს კანონი, რომლის თანახმადაც, საარსებო მინიმუმი უნდა გამოიყენებოდეს სოციალური პოლიტიკის გასატარებლად, კერძოდ:

  • ხელფასების, პენსიების და სხვა შემწეობების მინიმალური ოდენობის განსასაზღვრად;
  • სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სარეიტინგო ქულის გამოსათვლელად; 
  • მინიმალური შემოსავლის განსასაზღვრად.

თუმცა სახელმწიფო ამას არ აკეთებს.

მაგალითად: საქართველოში  მინიმალური პენსია 260 ლარია, რაც ნიშნავს, რომ ის დღევანდელ საარსებო მინიმუმთან ძალიან ახლოსაა.

  • თუ გავითვალისწინებთ პენსიონერთა მაღალ სამედიცინო ხარჯებს და იმ ფაქტს, რომ პენსიონერთა ნახევარს (400 ათასზე მეტ პენსიონერს) აღებული აქვს საპენსიო სესხი, გამოდის, რომ პენსიონერთა დიდ ნაწილის თვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია.

ასევე: სახელმწიფო მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებით რეგულირდება და აბსურდული თანხა, თვეში 20 ლარია. პრაქტიკაში კი ბევრ ადამიანს თვეში საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი აქვს.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
მიხეილ სვანიძე
მიხეილ სვანიძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი