პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვინ და რას აფასებს ვეტინგით?

ვეტინგის შესახებ მიმდინარე დისკუსიები საზოგადოებას უჩენს კითხვას, ვინ და რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს მოსამართლეები, რომელთაც დანიშვნამდე თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურა ერთხელ უკვე გაიარეს. ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხებთ.

ჩვენი კომენტარი

ვეტინგმა სასამართლოში სისტემური გამოწვევები უნდა დაძლიოს. ამიტომ, ვეტინგის ფორმები და მასშტაბები პრობლემების ადეკვატური და ეფექტიანი უნდა იყოს.

რა მიზანი აქვს ვეტინგს?

ვეტინგის საფუძველს რამდენიმე გარემოება ერთობლივად ქმნის. მაგალითად, ქვეყნებში, სადაც ვეტინგის გამოცდილება უკვე აქვთ, იყო შემდეგი გარემოებები:

  • დროთა განმავლობაში, საზოგადოებაში ბზარი გაუჩნდა რწმენას, საჯარო სამსახურისთვის აუცილებელ მოთხოვნებთან მოსამართლეთა შესაბამისობის შესახებ. გაღრმავდა უნდობლობა მათ დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიმართ, გავრცელდა კორუფცია და არაფორმალური გავლენები. მეტიც, გაჩნდა კავშირები დანაშაულებრივ ჯგუფებთან.
  • ამან ანგარიშვალდებულების მექანიზმების მოშლა გამოიწვია და მოსამართლე, რომელიც პრაქტიკაში დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, ხელშეუხებლობის დე ფაქტო და კონსტიტუციური გარანტიებით აღიჭურვა. გაჩნდა მოსაზრება, რომ მოსამართლეთა კომპეტენცია საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა.

რა მოწმდება ვეტინგის დროს?

  • ქონების დეკლარაცია, რამაც მოსამართლეთა/პროკურორთა პროფესიული კეთილსინდისიერების და კორუფციაში მათი შესაძლო ჩართულობის შესახებ უნდა შექმნას წარმოდგენა.

კომპეტენციასთან ერთად, კეთილსინდისიერება, საჯარო თანამდებობის დაკავების მინიმალური სტანდარტია. თავის მხრივ საჯარო მოხელეთა კეთილსინდისიერება კორუფციის გაჩენისა და გავრცელების საწინააღმდეგო პრინციპად ითვლება. ვეტინგის მიზნებისთვის, ქონების დეკლარაციის შემოწმების მასშტაბი შეიძლება გაფართოვდეს: გაიზარდოს შესამოწმებელი პირის ახლო ნათესავების წრე, რომლებიც ასევე დაექვემდებარებიან ქონების შემოწმებას, გამოიკითხონ დეკლარაციაში მითითებული პირები და სხვა.

  • პირადი ისტორია (ე.წ. background assessment), რაც შესაძლო არაფორმალური და დანაშაულებრივი კავშირების დადგენას ისახავს მიზნად.

ასეთი კავშირების დადგენის მეთოდი და საშუალებები საკმაოდ ფართოა. მაგალითად, ალბანეთის ვეტინგის აქტის თანახმად, დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩაითვლება შესამოწმებელი და ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირის ფოტოზე დაფიქსირებული შეხვედრა, მოწმის ჩვენება ასეთი შეხვედრის შესახებ, მათ შორის სხვაგვარი კომუნიკაცია, მათი ახლო ნათესავების მიერ ქონების, საჩუქრის, ფულის გაცვლა და სხვა.

  • კომპეტენცია და ეთიკა, რამაც მათი კვალიფიკაცია, ცოდნა, პროფესიული ქცევის ეთიკა უნდა განსაზღვროს.

ვეტინგის კომისია პროფესიული კომპეტენციის შემოწმებისას ეყრდნობა და იყენებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მოსამართლის/პროკურორის თანამდებობისთვის კანონით არის გაწერილი. მაგალითად, სამართლებრივი ნორმების ცოდნა და დასაბუთება, მხარის, მსხვერპლის უფლებების დაცვა და სხვ. ეთიკის შემოწმების პროცესი შეიძლება მოიცავდეს მოსამართლის მიერ პროფესიული ქცევის, ეთიკის წესების დარღვევის შემთხვევების, სიხშირის, ხარისხის, კორუფციაში ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართულობის შესწავლას და სხვა.

ვინ აფასებს?

ვეტინგს სპეციალური კომისიები ატარებს, რომელთა  შემადგენლობა განსხვავდება. მაგალითად, მოლდოვაში ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტები ვეტინგის კომისიაში თანაბარი რაოდენობით არიან. მხოლოდ ადგილობრივ ექსპერტებს ირჩევენ ალბანეთში, თუმცა მათზე რეკომენდაციას ევროკავშირის და აშშ-ს ექსპერტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფი გასცემს. კომისიის წევრები მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებისა და გამორჩეული პროფესიული რეპუტაციის მქონე პირებისგან შეირჩევა, რომელსაც ლეგიტიმაციას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი ანიჭებს.

რა ანიჭებს ლეგიტიმაციას კომისიის გადაწყვეტილებას?

აუცილებელია პროცედურული გარანტიების შექმნა, რათა თავად ვეტინგის შედეგი იყოს სამართლიანი და ლეგიტიმური. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ასეთ გარანტიებს ქმნის შესამოწმებელი პირის სამართლიანი განხილვის უფლების ელემენტები: წარადგინოს საკუთარი პოზიცია, დაიცვას თავი და ისარგებლოს შედეგის გასაჩივრების უფლებით. თავის მხრივ, კანონის თანახმად,  ვეტინგის კომისიის გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო მისი შემადგენლობა – კომპეტენტური. გადაწყვეტილების დასაბუთებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული დარღვევის ხარისხი და დაკავებულ პოზიციასთან მისი შეუსაბამობის მასშტაბი.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი