ვეტინგის საფუძვლები საქართველოს სასამართლოში
საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობა მართლმსაჯულების გაჯანსაღება და ამ მიზნით სასამართლოში ვეტინგის ჩატარებაა. სტატიაში იმ გამოწვევების ნაწილს მოვუყრით თავს, რომლებიც სასამართლოში ვეტინგის ჩატარების საჭიროებაზე მიუთითებს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ვეტინგის შესახებ რეკომენდაციას წინ უძღოდა არაერთი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება იმაზე, როგორ ძლიერდებოდა სასამართლოებში მოსამართლეთა ერთი ჯგუფის გავლენები, ხელისუფლებასთან მათი კავშირები, როგორ მოიშალა ანგარიშვალდებულების სისტემა და გააქტიურდა საუბარი კორუფციაზე.
ჩვენი კომენტარი
2012 წლამდე საქართველოს სასამართლოში მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნეოდა, თუმცა, ის მალევე შეიცვალა. სასამართლო და ხელისუფლება „თანამშრომლობის“ რეჟიმზე გადავიდნენ. პოლიტიკური მხარდაჭერით გაძლიერდა მოსამართლეთა ერთი ჯგუფი, რომელმაც სრული კონტროლი მოიპოვა სასამართლოზე და შექმნა მის მიმართ ლოიალობაზე აგებული მართვის მოდელი. ამ პროცესებს მართლმსაჯულების მდგომარეობის მიმართ შეფასებების სამართლიანად დამძიმება მოჰყვა. პრობლემების მასშტაბის გათვალისწინებით, დღეს სისტემის გაჯანსაღება განსაკუთრებული მექანიზმების გამოყენების გარეშე შეუძლებელია.
საგამოცდო ტესტების საქმე
2016 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, სამოსამართლეო გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტების წინასწარ გამჟღავნების შესახებ განაცხადა. მამუკა ახვლედიანის განცხადებას, ამ ფაქტის გამოძიების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, პროცედურული დარღვევებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. საგამოცდო ტესტების შესაძლო გამჟღავნებაზე პასუხები კი გამოძიებას ამდენი წლის შემდეგაც არ აქვს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა
2018 წელს თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე. მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მისი დაპირისპირების შესახებ არაერთი ეჭვი არსებობდა. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება, მანამდე კი სააპელაციო სასამართლოში დასანიშნად ლევან მურუსიძის კანდიდატურისთვის მხრის არდაჭერა, სისტემაში არაფორმალური პროცესების შესახებ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებდა.
სახელმწიფო ქონების სავარაუდო გამოყენება
2016 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძეს, ინტერესთა კონფლიქტის უგულებელყოფას და სახელმწიფო ქონების უკანონოდ გამოყენებას ედავებოდნენ. ეს საკითხი დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. საყურადღებოა, რომ მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის საფუძვლით, 2023 წელს, სხვა სამ მოსამართლესთან ერთად, ვალერი ცერცვაძეს აშშ-ს ხელისუფლებამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
შესაძლო გარიგებები მოსამართლეებთან
2018 წელს სტუდია მონიტორის მომზადებულ მასალაში საუბარი იყო ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებთან გარიგების/მათი დამორჩილების შესაძლო სქემაზე. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ, სამი მოსამართლის მიმართ გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. თუმცა, გამოძიება მალევე შეწყდა, რაც 2013 წლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებთანაც იყო დაკავშირებული.
კითხვები სავარაუდო დაუსაბუთებელი ქონების შესახებ
2022 წელს გამოქვეყნდა სტუდია მონიტორის რეპორტაჟი ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის სავარაუდო დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. 2024 წელს სტუდია მონიტორმა ლევან მურუსიძის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაზე კიდევ ერთი მასალა მოამზადა. საგულისხმოა, რომ 2024 წელს, მოსამართლეთა ნაწილმა, რომელთა შორის სწორედ მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძეც იყვნენ, სასამართლოს გზით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი შეაჩერა.
უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ლოიალური კადრებით
2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა დაიწყო, რაც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესების თანხვედრაში მყოფი კანდიდატების შერჩევით დასრულდა. გამოაშკარავდა საბჭოს ორი მოსამართლე წევრის ინტერესთა კონფლიქტი ორ კანდიდატთან მიმართებით. კანდიდატებს მხარი დაუჭირა არამოსამართლე წევრმა, ზაზა ხარებავამაც, რომლისთვისაც უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა პარლამენტს მიმართეს. ორგანიზაციები თვლიდნენ, რომ ის არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარადგინა. რეაგირების გარეშე დარჩა ყოფილი გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის შესახებ შეკითხვებიც.
უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ასეთი პროცესი და შესაბამის რეფორმებზე უარი ქვეყანას ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გაცემაზე უარის ფასად დაუჯდა.
უზენაესი სასამართლოს ხარვეზებით დაკომპლექტება წელსაც გაგრძელდა. 2024 წლის 21 მაისის განკარგულებით იუსტიციის საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის კანდიდატურა დაამტკიცა. 30 მაისს საბჭომ განცხადებების მიღება კიდევ ერთი მოსამართლის შესარჩევად, ეკატერინე გასიტაშვილის ადგილზე გამოაცხადა. მას უფლებამოსილება 1 წლის შემდეგ ეწურება. წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საბჭო განცხადებების მიღებას მოსამართლეთა ვადის ამოწურვამდე თითქმის ერთი წლით ადრე იწყებს, რაც ბუნებრივია, საეჭვო გადაწყვეტილებაა და მიუთითებს პროცესის ხელოვნური დაჩქარების სურვილზე.
განსხვავებული ხმების განდევნა სასამართლოდან
განსხვავებული აზრის დევნის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ადრეული გამოვლინება 2015-2016 წლებში, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის და მოსამართლეთა ასოციაციის აქტიური წევრის ბაია ბაქრაძის განმეორებით დანიშვნაზე დაუსაბუთებელი უარი იყო. საბჭოს ეს პოზიცია, სავარაუდოდ, განპირობებული იყო მაია ბაქრაძის აქტიურობითა და კრიტიკული მოსაზრებებით. მის მიმართ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაზე სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს.
გადანიშვნაზე უარის საფუძვლად, საბჭოსადმი ერთგულების კრიტერიუმზე მიუთითებდა, ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვაც, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი. ანას განცხადებით, მან სწორედ ერთგულების კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა, რის შესახებაც ლევან მურუსიძემ პირადად უთხრა.
2021 წელს გაიზარდა განსხვავებული აზრის გამო მოსამართლეზე ზემოქმედების საკანონმდებლო ბერკეტებიც. ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინება საბჭოს თვითნებური გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე დამძიმდა დისციპლინური კანონმდებლობა. მოსამართლეთა ნაწილმა საკანონმდებლო ცვლილებების კონსტიტუციურობაზე დავა წამოიწყო. საყურადღებოა, რომ კრიტიკა ღიად გამოხატა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გიორგაძემაც. 2023 წელს, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, იგი საბჭომ უვადოდ აღარ გააწესა. სავარაუდოდ, საბჭოს ეს გადაწყვეტილება სწორედ მისი კრიტიკული აზრის გამოხატვას უკავშირდება.
უკონკურენტო „არჩევნები“
2022 წელს, იუსტიციის საბჭომ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, უკონკურენტო შერჩევისას კვლავ გავლენიანი ჯგუფის ლიდერი, მიხეილ ჩინჩალაძე, აირჩია. მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წლიდან, პარლამენტის მიერ რეგლამენტის დარღვევით მიღებული კანონის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.
ამავე წელს უკონკურენტო არჩევნების შედეგად, მოსამართლეთა კონფერენციის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭოში დაბრუნდნენ ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. საყურადღებოა, რომ იმ დროისთვის საბჭო მოსამართლე წევრებით სრულად იყო დაკომპლექტებული. თუმცა, კონფერენციის დღემდე ორმა მათგანმა თანამდებობა მოულოდნელად, ვადაზე ადრე დატოვა.
საბჭოს წევრთა არჩევის უკონკურენტო და გაუმჭვირვალე პროცესი გააკრიტიკეს ევროკავშირმა და აშშ-ს საელჩომ. მათ კრიტიკას გამოეხმაურა და გადაჭარბებულად შეაფასა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც ტექნიკური ფუნქციის ორგანოა და მოსამართლეთა კორპუსის სახელით საუბრის უფლებამოსილება არ გააჩია. თავის მხრივ, ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას 16 მოსამართლე ღიად გაემიჯნა, რაც სასამართლოში უთანხმოების ამ მასშტაბით გამოვლინების იშვიათი და გამონაკლისი შემთხვევა იყო.
საბჭოს დაკომპლექტება
2023 წელს, საპარლამენტო უმრავლესობამ, ოპოზიციასთან მიღწეული საეჭვო გარიგების შედეგად, მისთვის სასურველი 5 არამოსამართლე წევრი იუსტიციის საბჭოში აირჩია. წლების განმავლობაში ეს პოზიციები ვაკანტური იყო, რადგან უმრავლესობას მათ დასანიშნად ხმები არ ჰყოფნიდა. ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატებისთვის ზოგიერთი ოპოზიციონერის მოულოდნელი მხარდაჭერა, ფარული გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებდა. არჩევის დღიდან, არამოსამართლე წევრებს არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე კრიტიკული და უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია არ გამოუხატავთ, რაც მოსალოდნელიც იყო.
მოსამართლეებზე ზეწოლა
2022 წელს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, გავლენიანი მოსამართლეების მხრიდან მის მიმართ ზეწოლის პრაქტიკაზე საჯაროდ ალაპარაკდა. თუმცა მის განცხადებებს სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. 2024 წლის ივნისში ბესარიონ ალავიძემ კვლავ გაიხსენა ზეწოლის და კლანური მმართველობის შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადებები დანაშაულზე მიუთითებდა, ამ დრომდე ეს შემთხვევა გამოუძიებელია.
საგულისხმოა, რომ ეს არ არის ერთი, იზოლირებული შემთხვევა. სახალხო დამცველი, 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში სამოსამართლო საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ზეწოლის შესახებ კიდევ რამდენიმე მოსამართლის შემთხვევაზე წერდა. არცერთი ეს საქმე გამოძიებული არ არის.
სამოქალაქო საზოგადოება მსგავსი ფაქტების შესასწავლად პარლამენტისგან საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვდა. საგამოძიებო კომისიის შექმნა, საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კონსტიტუციის დარღვევით დაბლოკა და ოპოზიციას ამ მექანიზმის გამოყენების საშუალება არ დაუტოვა.
დამოუკიდებელი, განსხვავებული აზრის დევნად შეფასდა ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქურის ვადაზე ადრე ჩანაცვლება.
აშშ-ს სავიზო შეზღუდვები მოსამართლეებს
2023 წელს, ვალერიან ცერცვაძესთან ერთად, კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო, აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა გავლენიანი ჯგუფის ლიდერებს – ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და მიხეილ ჩინჩალაძეს. საკითხის სიმძიმის მიუხედავად, ქვეყნის შიგნით ამ ფაქტს არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. ვალდებულების მიუხედავად, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიების გამო, საკითხის შესწავლა არც დამოუკიდებელ ინსპექტორს დაუწყია. სათანადო რეაგირების ნაცვლად, საზოგადოებამ დასანქცირებული მოსამართლეების მიმართ სახელმწიფოს პირდაპირი მხარდაჭერა იხილა. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიმართ ხელისუფლების მხარდაჭერა ვნახეთ მაშინაც, როცა ვეტინგის აუცილებლობის შესახებ ევროკავშირის მოწოდების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საბჭოს წევრებს შეხვდა.
დისციპლინური პასუხისმგებლობის მოშლილი სისტემა
დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა ზოგიერთი მოსამართლის შემთხვევაში სრულიად უმოქმედოა, მოსამართლეთა ნაწილისთვის კი, რომლებიც გავლენიანი ჯგუფისთვის არასასურველ აზრს გამოხატავენ, ის მუდმივი წნეხისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმია.
2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი წერდა დამოუკიდებელი ინსპექტორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ტვირთზე, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეისწავლოს მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების შემთხვევები. საყურადღებოა ისიც, რომ ინსპექტორის მომზადებულ დასკვნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კანონის დარღვევით, წლების განმავლობაში არ განიხილავს. ამით მოსამართლეთა ნაწილის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას განზრახ აფერხებს.