სასამართლოს გზით უფლებების დაცვას ფინანსური ხარჯები ახლავს თავს. ზოგჯერ კი ეს გარდაუვალი ხარჯები მოქალაქეს სამართლებრივი დავისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს და პრობლემების ამ გზით გადაჭრაზე უარს ათქმევინებს. ეს სტატია სწორედ სასამართლო დავასთან დაკავშირებულ ხარჯებს მიმოიხილავს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
პრობლემების სასამართლოს გზით გადაჭრას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის სხვადასხვა სირთულე ახლავს. თუმცა, სასამართლო ხარჯები მოსახლეობის 35%-ისთვის მთავარი ბარიერია. ეთნიკური უმცირესობები საქართველოში სოციალურად და ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მიიჩნევა და ამდენად, მათთვის მართლმსაჯულებაზე წვდომა კიდევ უფრო გართულებულია.
ჩვენი კომენტარი
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ფართო ცნებაა და ის ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს მართლმსაჯულებაზე თანასწორი წვდომა, პირის სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად.
რა უნდა ვიცოდეთ სასამართლო ხარჯების შესახებ?
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ხარჯების ორი კატეგორია:
- სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებულ ხარჯები;
- საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
- სასამართლოსთვის მიმართვა ფასიანია. იმის მიხედვით, თუ რას უკავშირდება დავა, პირი კონკრეტულ, კანონით განსაზღვრულ თანხას, სახელმწიფო ბაჟს იხდის. პირველ ინსტანციაში ბაჟი არ აღემატება 3 000-5 000 ლარს. მაგისტრატი მოსამართლის განსახილველი საქმეებისთვის ეს თანხა ნახევრდება. სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებისთვის მიმართვის ფასი კი გაცილებით მაღალია.
არსებობს გამონაკლისებიც, რომლებიც პირს ბაჟის გადახდისგან ათავისუფლებს. მაგალითად:
- დავის კატეგორია − დავა ალიმენტის დაკისრების თაობაზე გათავისუფლებულია ბაჟისგან;
- სოციალური სტატუსი − სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი გათავისუფლებულია ბაჟისგან.
- საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაღება კი მხარეს შეიძლება დასჭირდეს მოწმის, ექსპერტის, კონკრეტული დარგის სპეციალისტისთვის ან, მაგალითად, სასამართლოში წარსადგენი არაქართულენოვანი დოკუმენტების თარგმანისთვის.
შესაძლებელია სასამართლოს ხარჯების შემცირება?
სასამართლოს უფლება აქვს გადაუვადოს, ნაწილობრივ ან მთლიანად გაათავისუფლოს პირი ბაჟის და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდისგან. თუმცა, ასეთი აუცილებლობა უტყუარი მტკიცებულებებით პირმა თავად უნდა დაასაბუთოს.
გასათვალისწინებელია, რომ გასაწევი ხარჯები ბაჟით, ექსპერტებისა და დოკუმენტების თარგმნისთვის გადასახდელი თანხით არ ამოიწურება. იგი არასასამართლო ხარჯებსაც მოიცავს და მათ შორის, უპირველესად, ადვოკატის მომსახურებას. იურიდიული მხარდაჭერა მართლმსაჯულებაზე წვდომის განუყოფელი ნაწილია. ამ თემაზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.