პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ეკომიგრანტები განსახლების მოლოდინში

ეკომიგრანტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ევალება. ეკომიგრანტების ყოველდღიურ გამოწვევებზე ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

წლების განმავლობაში ეკომიგრანტების მდგომარეობა სამართლებრივი რეგულირების მიღმა იყო დარჩენილი. დღეს რეგულირება არსებობს, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა სუსტი და არასაკმარისია, ხოლო მათი პრობლემების მოგვარების მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები არასაკმარისი. 

ჩვენი კომენტარი 

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მათი განსახლებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი კი პრობლემის მასშტაბს ვერ პასუხობს. საჭიროა პრევენციული პოლიტიკის გაძლიერება და მუნიციპალიტეტების დონეზე ამ მიზნით გამოყოფილი თანხების გაზრდა.

რა უნდა ვიცოდეთ?

ეკომიგრანტ ოჯახს უფლება აქვს, სახელმწიფოს საცხოვრებლით დროებით ან მუდმივად უზრუნველყოფა მოსთხოვოს. 

  • დროებით განსახლება საცხოვრებლის ქირით უზრუნველყოფას გულისხმობს. ქირა გამოიყოფა არაუმეტეს 3 თვით და თვეში არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით;
  • მუდმივი განსახლების მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო შეისწავლის ოჯახის საცხოვრებელ პირობებს და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მიანიჭებს შესაბამის ქულას. სწორედ ქულათა ჯამით განისაზღვრება ოჯახების რიგითობა სიაში.

მაგალითად, რაც მეტია ოჯახის ქულათა ჯამი, მით უფრო მაღალია განსახლებულთა რიცხვში მოხვედრის ალბათობა. გასათვალისწინებელია, რომ ყოველწლიურად განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების რაოდენობა არა პრობლემის მასშტაბის, არამედ იმ წელს ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხის მიხედვით განისაზღვრება. ეს კი რეალურ საჭიროებას, ეკომიგრანტთა დიდ რაოდენობას, ვერ პასუხობს. 

  • 2022 წელს სააგენტომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 8 მილიონი ლარით 271 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა საცხოვრებელი, წელს კი სახლებს მხოლოდ 103 ოჯახისთვის შეიძენს;
  • გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, უკვე განსახლებული ეკომიგრანტებიდან გასულ წელს საცხოვრებელი საკუთრებაში არცერთ ოჯახს არ გადასცემია.

როდის ერთვება სასამართლო?

საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს. სასამართლომ კი შეიძლება დაადგინოს, რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახის შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებების უგულებელყოფით ან კანონის დარღვევითაა მიღებული. პრაქტიკა ქულათა შეფასების სისტემის არასწორი, მანიპულაციური გამოყენების ათეულობით მაგალითს ააშკარავებს:

  • განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის დაუსაბუთებლობა და სხვა.

კიდევ რა გამოწვევებია?

გამოწვევად რჩება საცხოვრებლების საკუთრებაში გადაცემაც, რაც უკვე განსახლებულ ეკომიგრანტებს არაერთი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევის პირისპირ ტოვებს, მაგალითად:

  • წალკაში წლების წინ აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების ნაწილი დღესაც სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ან ეთნიკური ბერძნების მიტოვებულ სახლებში, ნებისმიერ დროს მათი დაცლის მოლოდინში,  ცხოვრობს;
  • ეკომიგრანტები წაბლანიდან საუბრობენ საცხოვრებლად ვარგისი სახლების გადაცემის პრობლემაზეც, რომლის გამოც ვერ ტოვებენ სიცოცხლისთვის სახიფათო ზონას. 

მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა როლს ასრულებს სასამართლო ეკომიგრანტების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში. 


სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი