კანონმდებლობით სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას სახელმწიფო ან/და მშობლიურ ენაზე. საქართველოში ფუნქციონირებს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლები და სექტორები. ასეთი სკოლები ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების დაახლოებით 10%-ია (294). იმ მოსწავლეთა წილი კი, რომლებიც არაქართულენოვან ან სექტორულ სკოლებში სწავლობენ, 14%-ია.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევებით არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს შედარებით დაბალი აკადემიური მიღწევები აქვთ. ამასთან, მაღალია იმ ეთნიკური უმცირესობების წილი, რომელთაც არ მიუღიათ სრული საშუალო განათლება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელების შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ ვითარების განმსაზღვრელი ფაქტორები და სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის უმცირესობის წარმომადგენლებს, მიიღონ სრული და ხარისხიანი ზოგად განათლება.
ჩვენი კომენტარი
ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებში მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ეს კი ნეგატიურად აისახება უმცირესობების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე.
არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, იმ სკოლებში, სადაც სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები მიმდინარეობს, უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ვითარება სისტემურად არ გამოსწორებულა.
რა გამოწვევებია?
კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი − სკოლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და მათი ნაწილის დაბალი კვალიფიკაციაა. 2018-2022 წლებში 309 მასწავლებელზე გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. გარდა ამისა, 2022 წლის მდგომარეობით, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა 52%-ს პროფესიული განვითარების ყველაზე დაბალი საფეხური – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ამასთან, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების საშუალო ასაკი აღემატება ქვეყანაში არსებულ საშუალო მაჩვენებელს.
ქართული ენის პედაგოგები − პრობლემაა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთა დაბალი ენობრივი და პროფესიული კომპეტენცია. მათი ნაწილი ენას საკომუნიკაციო დონეზეც კი ვერ ფლობს.
დირექტორები − დირექტორთა დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის პროფესიულ და ენობრივ კომპეტენციებს. გარდა ამისა, მათი დიდი ნაწილი არ არის სერტიფიცირებული.
სახელმძღვანელოების ხარისხი - არაქართულენოვანი სკოლებისათვის გამოწვევას წარმოადგენს ხარისხიანი სასწავლო რესურსები და სახელმძღვანელოები, როგორც სახელმწიფო, ასევე მშობლიურ ენაზე. პრობლემურია როგორც სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხი, ასევე მათი სასწავლო გეგმასთან აცდენაც. მართალია, ახალ, გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ეს პრობლემები შედარებით აღმოიფხვრა, თუმცა გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევანი ნაკლებად არის არაქართულენოვანი სკოლებისთვის.
ბილინგვური განათლება − სწავლების ამ მოდელზე საუბარი, საქართველოს განათლების სისტემაში ბოლო ათწლეულია მიმდინარეობს, თუმცა ეს პროცესი ნელა ინერგება. ამასთან, ქვეყანაში ძალიან მცირეა ორენოვანი მასწავლებლის კვალიფიკაციის მქონდე კადრები. აქვე, მისასალმებელია, რომ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბილინგვური პროგრამა 2023-2024 სასწავლო წელს 184 საჯარო სკოლაში ხორციელდება.
სკოლის გაცდენა/მიტოვება
სკოლის გაცდენა − მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრება. ამისი მიზეზია მოსწავლეების მოტივაციის ნაკლებობა ან/და რეპეტიტორებთან სიარული. ასევე ერთ-ერთი მიზეზია ადრეული ქორწინება, ძირითადად, გოგონების შემთხვევაში. ბიჭები განსაკუთრებით ხშირად აცდენენ სკოლას გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რადგან ჩართულები არიან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში.
სკოლის მიტოვება − სწავლის მიტოვების მაჩვენებელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში. სკოლის გაცდენის მსგავსად, ძირითადი მიზეზები არის გოგონების შემთხვევაში − ადრეული ქორწინება, აგრეთვე ისიც, რომ მშობლები ვერ ხედავენ გოგონების სწავლის მნიშვნელობას და არ ამთავრებინებენ სწავლას, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - სეზონური სამუშაოები. მითითებული გარემოებებით გამოწვეული სკოლის მიტოვების მაჩვენებლის კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა, ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.