პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ჯორჯიან მანგანეზის პოლიტიკური ეკონომია: მოგება, ოფშორინგი და დაკარგული მილიონები
მაისი 21, 2025

ჭიათურაში მიმდინარე კრიზისის გამო, რომელიც 2023 წლიდან დაიწყო, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი (GM) კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კერძო საწარმოს. სახელმწიფოს მიერ მინიჭებული  მონოპოლიური (ერთი გამყიდველი) და მონოფსონიური (ერთი დამსაქმებელი) ძალაუფლების გამო, GM ისაკუთრებს მშრომელების მიერ შექმნილ სიმდიდრეს, მანგანუმის მოპოვებით გამოწვეული სოციო-ეკოლოგიურ თუ ეკონომიკურ ზიანთან გამკლავება კი ადგილობრივებს უხდებათ.

წარმოების ამგვარი პროცესი ბუნებრივი მოცემულობა არ არის. იგი განვითარების იმ პოლიტ-ეკონომიური მოდელის შედეგია, რომელშიც სახელმწიფო საზოგადოებრივი სიკეთის გაწირვის ხარჯზე იცავს კერძო პირების მოგებას. სტატიის მიზანიც იმის დემონსტრირებაა, თუ რა მასშტაბის სიმდიდრეზე აქვს წვდომა GM-ს და როგორ ნაწილდება ეს სიმდიდრე.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ფეროშენადნობების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში. 2021-2022 წლებში ამ სექტორს საქართველოს ეკონომიკისთვის საშუალოდ თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი მოჰქონდა, რაც მთლიანი საქონლის ექსპორტის 8%-ზე მეტს და მშპ-ს 2%-ს შეადგენდა. რადგან, ფეროშენადნობის წარმოების და ექსპორტის უდიდესი ნაწილი GM-ს საქმიანობას უკავშირდება ჭიათურასა და ზესტაფონში, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კომპანია  ჩვენი მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 2%-ს აკონტროლებდა.

GM-თან დაკავშირებული პრობლემები წლებია გრძელდება. კომპანია არ ზრდის ხელფასებს, არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს და ანადგურებს ბუნებრივ გარემოს, რაც ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ მისი მოგება არა მხოლოდ რესურსების მოპოვებიდან, არამედ მშრომელების ექსპლუატაციით და გარემოს დაზიანების ხარჯზე გროვდება.

სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჭიათურაში იზრდება ღია კარიერული წესით მოპოვება, მიწისქვეშა მოპოვების შემცირების ფონზე. ღია კარიერულ მოპოვება ამცირებს კომპანიის ხარჯებს, თუმცა, სამსახურის გარეშე ტოვებს უამრავ მშრომელს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს. ღია კარიერულ მოპოვებას GM-ის ე.წ. კოოპერატორები ახორციელებენ, რომლებსაც არ გააჩნიათ მოპოვების ლიცენზია. კოოპერატორები არ ითვალისწინებენ კანონის მოთხოვნებს ნიადაგის დაცვის შესახებ და ანადგურებენ ნიადაგის საფარს, რაც საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და საცხოვრებელ გარემოს ჭიათურაში. (ბესიკ კალანდაძე (2019) - ჭიათურის მანგანუმის საბადოს გავლენა ნიადაგებზე.)

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოოპერატივების მიერ ძირითადად მაღალი ხარისხის მანგანუმის მოპოვება ხდება. თუ კონკრეტულ კარიერზე დაბალი ან საშუალო ხარისხის წიაღისეული აღმოჩნდა, კარიერის დატოვება ხდება გადათხრილ მდგომარეობაში და მუშაობა სხვა ველზე გრძელდება. ეს კი საბოლოოდ, დიდ ზარალს იწვევს, ვინაიდან როგორც წესი საშუალო, მაღალი და დაბალი ხარისხის მანგანუმის მოპოვება ერთდროულად უნდა ხდებოდეს.

მანგანუმის მოპოვება გაუმჭვირვალე პროცესია. მთავრობა არ აქვეყნებს ინფორმაციას მინერალური რესურსების მოპოვების, გაყიდვების ღირებულებისა და ამ რესურსებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების შესახებ, რის გამოც მან საერთაშორისო ინსტიტუტებისგან შენიშვნებიც მიიღო.

GM-ის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მოგება 2021 წელს, 96 მილიონს შეადგენდა. ეს ანგარიში მალევე გაქრა კომპანიის ელექტრონული პორტალიდან, თუმცა, ხელმისაწვდომია GM-ის რამდენიმე კონტრაქტორი კომპანიის ფინანსური ანგარიში, რომელთა მიხედვითაც, მაგ. კომპანია მანგანუმ ლოჯისტიკმა, რომელიც პასუხისმგებელია მადნის გამდიდრება-ტრანსპორტირებაზე, 50 მილიონამდე ლარის მოგება მიიღო 2018-2021 წლებში. მეორე კონტრაქტორი კომპანია, შპს მაღაროელი, რომელსაც დაახლოებით 2000 დასაქმებული ყავდა 2022 წელს, აღნიშნული წელი 42 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ ჯორჯიან მანგანეზი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ მოგებას ნახავდა, რადგან ის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ზედა რგოლს წარმოადგენს და შესაბამისად, დამატებული ღირებულების უდიდეს წილს იღებს.

GM-ის საქმიანობა რომ დიდ შემოსავლებთან არის დაკავშირებული, ამას სთილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანიის (SITC) ანგარიშებიც ადასტურებს. ეს კომპანია, გახლავთ საქართველოდან ფეროშენადნობებით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც GM-ის და საქნახშირის მიერ წარმოებული პროდუქციით გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობს. 2021 წელს ამ კომპანიამ 710 მილიონი ლარის შემოსავალი და 233 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. GM-ში დასაქმებულების მიერ შექმნილი ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწოდების ჯაჭვის ბოლოში, კერძოდ, GM-ის თრეიდერი კომპანიის ხელში ექცევა, რომელიც თავის მხრივ GM-ის და ქართუ ფონდის კრედიტორი კომპანიაა.

ჩვენი კომენტარი

ჭიათურის კრიზისი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ძარცვავს ჭიათურელ მშრომელთა კლასს და ანადგურებს მათ საარსებო გარემოს უცხოელი და ადგილობრივი ბიზნეს და პოლიტიკური ელიტა.

ჯორჯიან მანგანეზი, სოლიდური მოგების მიუხედავად, წლების განმავლობაში, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მუშახელის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში  რეინვესტირებას არ ახდენდა. ახლა, როდესაც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვება შეჩერებულია, ადგილობრივი მოსახლეობა და  მშრომელები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე იმყოფებიან. ამასთან, გრძელდება მანგანუმის მოპოვება ღია კარიერული წესით, რაც ისე აზიანებს საარსებო გარემოს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს ჭიათურაში ცხოვრება.

რა უნდა ვიცოდეთ: მფლობელობა და მართვა

მცირე ბიზნესს, როგორც წესი, მფლობელები თავადვე მართავენ. შესაბამისად, თავადვე არიან პასუხისმგებელნი ფირმის ოპერაციულ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. დიდ კომპანიებში ასე არ ხდება. მათ, ხშირად, ბევრი მფლობელი ყავთ, რომლებიც არანაირ როლს არ თამაშობენ ფირმის მართვაში. ისინი მხოლოდ ფლობენ ან ვაჭრობენ კომპანიის აქციებით (წილებით) და იღებენ შესაბამის მოგებას. კომპანიის სტრატეგიული და ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ის, თუ როგორ უნდა აწარმოოს და რამდენი უნდა გადაიხადოს კომპანიამ ხელფასების სახით, მენეჯერების შედარებით მცირე ჯგუფს აბარია.

მფლობელობის და მართვის განცალკევებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მახასიათებელი ახლავს თან. ფირმის მოგება კანონიერად ეკუთვნის მფლობელებს. ისინი იღებენ ყველაფერს, რაც რჩება შემოსავლებიდან მას შემდეგ, რაც კომპანია ხარჯებს, მათ შორის ხელფასებს და გადასახადებს გაისტუმრებს. შესაბამისად, თუ კომპანიის შემოსავლები გაიზრდება, მაგალითად, თანამშრომლების მიერ სამუშაოს კარგად შესრულების ან თუნდაც საერთაშორისო დონეზე ფასების ზრდის გამო, მფლობელები ისარგებლებენ, მაგრამ თანამშრომლები - არა.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ცალ-ცალკე გავაანალიზოთ კომპანიის მფლობელობა და მართვა, რათა ერთი მხრივ, გავარკვიოთ, თუ ვინ სარგებლობს ჭიათურაში GM-ის საქმიანობით, ხოლო მეორე მხრივ, დავინახოთ, თუ ვის ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა.

ვინ ფლობს ჯორჯიან მანგანეზს ანუ სად მიდის მოგება

ჯორჯიან მანგანეზი რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს, რომელთა შორისაა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.

კომპანიის მფლობელობა დღემდე ბურუსით არის მოცული. უკანასკნელი ინფორმაციით, ის ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია ჯორჯიან ამერიკან ელოისს (GAA) ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის მფლობელობაშია. ხოლო კომპანიის 4% ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა შორისაც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“ ფიგურირებს.

GM-ის მფლობელობის ოფშორული სტრუქტურა, რომლის მშობელი კომპანიაც, GAA ლუქსემბურგშია რეგისტრირებული, ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში საგადასახადო შემოსავლების პოტენციური ეროზიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი საჯარო მტკიცებულება, მსგავსი სტრუქტურები მაღალი რისკიანობით ხასიათდება, განსაკუთრებით დაურეგულირებელ განვითარებად ეკონომიკებში. ოფშორული მფლობელობა ართულებს შიდა ტრანზაქციების მონიტორინგს და იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული მოგება სამართლიანად დაიბეგროს და რეინვესტირდეს. თუ დაკავშირებული კომპანიები ერთმანეთთან არასაბაზრო ფასებით ვაჭრობენ (ტრანსფერული ფასწარმოქმნა) მოგება შეიძლება გადასროლილ იქნას საზღვარგარეთ, რაც ქვეყნის შემოსავლებს შეამცირებს.

პოლიტ-ეკონომიური ეჭვები ჩნდება ასევე GM-ის და მისი სავაჭრო პარტნიორის სთილ ინთერნეშენალ თრედინგ კომპანის (SITC) საქმიანობასთან დაკავშირებითაც. 2023 წლის იანვარში ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა (EEU) საქართველოდან იმპორტირებულ ფერო-სილინკონ-მანგანუმზე 24.22%-იანი ანტიდემპინგის გადასახადები დააწესა, რადგან ქართველი ექსპორტიორები პროდუქციას არასამართლიანად დაბალ ფასებში ყიდდნენ. შედეგად, 2023 წელს, ფეროშენადნობის ექსპორტი EEU-ს ქვეყნებში (ყაზახეთი, ბელარუსია, სომხეთი, ყირგიზეთი, რუსეთი), კერძოდ რუსეთში, საგრძნობლად შემცირდა, ხოლო SITC-ს შემოსავლები განახევრდა და GM-მა მაღაროების 6 თვით შეჩერება გამოაცხადა, რასაც ჭიათურაში პროტესტი მოყვა.

თუ ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მიერ დაწესებულ გადასახადებს პოლიტიკური სარჩული არ აქვს და SITC-ი GM-თან შეთანხმებით მართლაც დაბალ ფასებში ყიდდა ფერო-სილიკონ-მანგანუმს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის საექსპორტო შემოსავალი სავარაუდოდ, ერთეულების გამდიდრების ხარჯზე მცირდებოდა. მანგანუმის საბაზრო ფასზე უფრო დაბალ ფასად გაყიდვა კი ამცირებს სახელმწიფოსთვის საგადასახადო შემოსავლებს და პოტენციურ ინვესტიციებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. ჭიათურისთვის და ზესტაფონისთვის, სადაც მანგანუმი მოიპოვება და ფეროშენადნობი იწარმოება, ეს ყველაფერი ნიშნავს შემცირებულ სარგებელს იმ ღირებულებიდან, რომელსაც ადგილობრივები საკუთარი შრომით ქმნიან.

ვინ მართავს ჯორჯიან მანგანეზს ანუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე

2017 წლიდან მოყოლებული, GM-ს მართავს სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი. ამჯერად ბესიკ კირთაძე, რომელსაც 2025 წლის 8 მაისს კიდევ 4 წლით, 2029 წლის 11 აპრილამდე  გაუხანგრძლივდა სპეციალური მმართველობის რეჟიმი.

GM-ს აქციების უცხოელმა მფლობელებმა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ნაბიჯები უარყოფითად შეაფასეს. მათ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც სახელმწიფოს GM-ის მმართველობის დაუსაბუთებელ ექსპროპრიაციაში ადანაშაულებდნენ. მათივე განცხადებით, ახალი დირექტორი (სპეციალური მმართველი) ახლო კავშირში იმყოფება და კერძო ინტერესები გააჩნია GM-ის მცირე აქციონერთა ქართულ ჯგუფთან.

მიუხედავად თავდაპირველი დაპირისპირებისა კომპანიასა და მთავრობას შორის, მალევე სპეციალური მმართველის მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს: კომპანია დაეთანხმა სპეციალური მმართველის დანიშვნის მიზეზებს, მოიწონა ლიცენზიის პირობების შესასრულებელი გეგმა და ხელმოწერით დაადასტურა მისი შესრულების ვალდებულება.

GM-ის სპეციალურ მმართველს, არა მხოლოდ GM-ის სახელმწიფოსადმი ვალდებულებების შესრულება ევალება, არამედ სრულად საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლებაც აქვს. ეს ნიშნავს, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, GM-ის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განსაზღვრა, მისი საოპერაციო საქმიანობები, კონტრაქტორებთან და შუამავლებთან ურთიერთობები, და ხელფასების დონის დადგენაც კი მთავრობის პასუხისმგებლობაა და არა კომპანიის მფლობელების.

ეს ყოველივე იმასაც გულისხმობს, რომ მთავრობა ინფორმირებული იყო GM-ის და მისი კონტრაქტორების (მანგანუმ ლოჯისტიკი, მაღაროელი, CMC) მიერ ჭიათურაში გადადგმული თითოეული ნაბიჯის შესახებ და შესაბამისად, 2023 წელს და 2025 წლის მარტში, ჭიათურაში განვითარებულ კრიზისებში, მთავარი პასუხისმგებელიც თავად არის.

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი (CMC) - ახალი საოპერაციო სისტემა

შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია (CMC) 2024 წლის 6 თებერვალს დაარსდა JSC New Group-ის მიერ. მისი დირექტორი უკრაინის მოქალაქე მაქსიმ მაზურენკოა, რომელიც კომპანია GM-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელის, იგორ კოლომოისკის, რწმუნებული პირია და მასთანაც ნათესაური კავშირიც აქვს.

CMC-ის ჭიათურის საწარმოების მართვა ერთი წლის წინ გადაეცა. მისი მიზანი იყო ტექნოლოგიების დანერგვით მოპოვების ხარჯების შემცირება, თუმცა, არასწორი მენეჯმენტის გამო კომპანიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ახლა ხარჯების ოპტიმიზაციას მომუშავე პერსონალის რეორგანიზაციის გზით ახორციელებს. სწორედ ამას უკავშირდება ჭიათურაში მიმდინარე კრიზისი.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში, GM-ის სპეციალურმა მმართველმა, ბესიკ კირთაძემ CMC-ს მიყიდა ჯორჯიან მანგანეზის საკუთრებაში არსებული 7 კომპანია, თითოეული 100 ლარად, რის შედეგადაც სამთომოპოვებით საქმიანობას ახლა მთლიანად CMC ახორციელებს.

მფლობელობის მსგავსი სტრუქტურა მნიშვნელოვან პოლიტ-ეკონომიურ კითხვებს ბადებს, რადგან სიმბოლურ თანხად აქტივების გადაცემა არა საბაზრო ტრანზაქციის, არამედ შიდა სტრატეგიული რესტრუქტურიზაციის ნიშანია. საკუთრების CMC-სთვის ფორმალური გადაცემით, GM დისტანცირდება ისეთი ვალდებულებებისგან, როგორიცაა გარემოზე მიყენებული ზიანი, ან მოსალოდნელი შრომითი კონფლიქტები, მაგრამ ინარჩუნებს არაფორმალურ კონტროლს. ეს ტაქტიკა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია მსგავს ინდუსტრიებში, საშუალებას აძლევს აქტივების მფლობელებს, რომ დაიცვან მოგება, თავი აარიდონ ანგარიშვალდებულებებს და მოახდინონ ოპერაციების რებრენდინგი, ვითომ ადგილობრივი, დამოუკიდებელი ერთეულის ქვეშ, რომელიც ამ შემთხვევაში მთავარი კომპანიის (GM) მფლობელთან დაახლოებული პირის კომპანია (CMC) აღმოჩნდა.

შესაჯამებლად:

ამრიგად, ჭიათურაში, 2017 წლიდან საქმე გვაქვს სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ერთგვარ გარიგებასთან, რომლითაც ორივე მხარე სარგებლობს, მაღაროელების და ადგილობრივების ინტერესების წინააღმდეგ. გარიგების შინაარსი ასეთია: კომპანია ინარჩუნებს მფლობელის სტატუსს, იღებს მოგებას და ირიდებს პასუხისმგებლობას. სახელმწიფოს სადავეებში კი გადადის მართვა, რითაც მთავრობასთან დაახლოებული პირები სარგებლობენ. სახელმწიფო მართვის ფორმატში ჯორჯიან მანგანეზი ზრდის მისი საქმიანობის აუთსორსინგს კონტრაქტორ კომპანიებში, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების საკუთრებაშია.

მზარდი საექსპორტო შემოსავლების დროს (მაგ. 2021 – 2022 წწ-ში), GM-ის მფლობელები, მმართველები და მათი კონტრაქტორები დიდ მოგებას ნახულობდნენ. ხოლო, მას შემდეგ რაც არასწორი მენეჯმენტით გამოწვეული სანქცირების გამო კომპანიის შემოსავლები შემცირდა 2023 წლიდან, დასაქმებულები სოციო-ეკონომიკური კრიზისში აღმოჩნდნენ. მათი პირობების გაუმჯობესებაზე კი არც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და არც კომპანია.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზეზვა ზანგურაშვილი
ზეზვა ზანგურაშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი