ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა შეუძლებელია. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა სტანდარტების გათვალისწინებას სთხოვს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოს მოსახლეობა სათანადო საცხოვრისთან და სოციალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ევროკავშირის სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცესთან დაახლოების კონტექსტში, საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესოა, რა სამართლებრივი სტანდარტები მოქმედებს ევროკავშირში.
ჩვენი კომენტარი
ღირსეული საცხოვრისის გარანტირება აღარ არის სახელმწიფოების არჩევანი. მიუხედავად პოლიტიკური რეჟიმისა ან რესურსებისა, ფუნდამენტური უფლებების დაცვა და განხორციელება დღეს საჯარო ხელისუფლების ვალდებულებაა.
რა უნდა ვიცოდეთ?
საცხოვრებლის უფლება გულისხმობს, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების დონეზე:
- იღებს ყველა საჭირო ზომას უსახლკარობის თავიდან ასაცილებლად;
- შეიმუშავებს პოლიტიკას უსაფრთხო, ღირსეული საცხოვრებელი პირობებისათვის;
- ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა დაუცველ ჯგუფზე;
- კრძალავს იძულებით გამოსახლებას, რომელიც უსახლკარობის ან სხვაგვარი მოწყვლადობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
რა არის მნიშვნელოვანი?
როგორც წესი, საცხოვრისთან დაკავშირებულ პრობლემებს ყველაზე მწვავედ სოციალურად დაუცველი ჯგუფები გრძნობენ. გარიგების (მაგალითად, იპოთეკური სესხი) უსამართლო პირობების შემთხვევაში, მათ შეიძლება ერთადერთი საცხოვრებელი დაკარგონ. ამიტომაც, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო ეროვნული სასამართლოების განსაკუთრებულ როლს სწორედ მათი უფლებების დაცვაში ხედავს და მიუთითებს, რომ:
- მოსამართლეები ავტომატურად უნდა მსჯელობდნენ საცხოვრისთან დაკავშირებული გარიგების პირობების სამართლიანობაზე;
- საჭიროების შემთხვევაში კი საბოლოო გადაწყვეტილებამდე აჩერებდნენ გამოსახლების პროცედურებს.
რას უნდა ითვალისწინებდნენ სახელმწიფოები?
საცხოვრისის უფლება არ არსებობს, თუ საცხოვრებელი ვერ ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პირობებს. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებების მიხედვით, მიწათსარგებლობის დაგეგმვაზე, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელმა ყველა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ:
- საცხოვრებელი ადგილი იყოს საკმარისად შორს და უსაფრთხოდ ადგილებისგან, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების დამუშავება/შენახვა ხდება;
- არსებობს რისკი, რომ ასეთ ადგილზე უბედური შემთხვევა (დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი, ხანძარი, აფეთქება და სხვ.) საფრთხეს შეუქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს.
საცხოვრისის უფლებას უკავშირდება ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის აკძალვის კომპონენტიც.
შრომითმა მიგრაციამ და იძულებით გადაადგილებამ ხელი შეუწყო თანასწორი მოპყრობის შესახებ დისკუსიის გააქტიურებასა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც:
- ევროკავშირში ცხოვრების უფლების მქონე, თუმცა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში თანასწორად უნდა სარგებლობდნენ საბინაო შეღავათებით;
- თუ ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნის მოქალაქე (მაგ., ბელგიელი) მეორე ქვეყანაში (მაგ., იტალიაში) ცხოვრობს, მასზე თანასწორად უნდა ვრცელდებოდეს ამ ქვეყნის საბინაო პოლიტიკა, მაგალითად, შეღავათიანი პირობები იპოთეკურ სესხზე;
- სახელმწიფოებმა თავშესაფრის მაძიებელთათვის უნდა უზრუნველყონ მინიმალური გარანტიები მაინც, მაგალითად, საცხოვრებელი, ფინანსური დახმარება ან სხვა.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს