პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
გაფიცვა, როგორც შრომითი უფლებების დაცვის ინსტრუმენტი
ოქტომბერი 12, 2022

გაფიცვა, რომელიც XIX საუკუნის ბოლომდე დანაშაულადაც კი ითვლებოდა, დროთა განმავლობაში დასაქმებულთა ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. დღეს კი საერთაშორისო აქტებით ადამიანის უფლებად არის აღიარებული.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში შრომითი უფლებები თითქმის ყველა სფეროში ირღვევა, რასაც საბაზისო პირობების მოთხოვნით მშრომელთა ხშირი გაფიცვაც მოწმობს. აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება ებრძოლო დამსაქმებლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას და კანონიერი გზებით შეძლო საკუთარი სამართლიანი ინტერესების დაკმაყოფილება. 

ჩვენი კომენტარი 

  • გაფიცვის, როგორც ინსტრუმენტის, ეფექტიანობა მის სამართლებრივ რეგულირებაზეა დამოკიდებული;

სანამ საქართველოს კანონმდებლობას გავაანალიზებთ, უნდა გავიგოთ, როგორ ხედავენ გაფიცვის როლს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები.

რა უნდა ვიცოდეთ? 

გაფიცვა, ანუ დასაქმებულების და მათი გაერთიანებების უფლება, სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმით აიძულონ დამსაქმებლები, დროულად მოაგვარონ მათი საჭიროებები, აღიარებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს, ევროპის საბჭოს მიერ და დაცულია საერთაშორისო აქტებით. ესენია: 

  • „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ გაეროს პაქტი; 
  • „ევროპის სოციალური ქარტია;
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სახელმძღვანელო პრინციპების დამდგენი რეზოლუციები;
  • ILO-ს „გაერთიანების თავისუფლებისა და ორგანიზების უფლების დაცვის შესახებ“ კონვენცია;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებები.

გაფიცვის უფლების უნივერსალური განმარტება არ არსებობს, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო აქტების და ორგანიზაციების მიდგომებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლასიკური გაფიცვა არის:

  • დასაქმებულთა ჯგუფის მიერ
  • შეთანხმებულად და ერთობლივად,
  • დროებით,
  • მშვიდობიანი გზით
  • სამუშაოს ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობა, 
  • კოლექტიური, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

გაფიცვას შეიძლება, სხვა კანონიერი გაფიცვის მხარდაჭერის მიზანი ჰქონდეს. ასეთი გაფიცვა დაცულია ILO-ს, ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის (ECRC) და ECHR-ის მიერ და მას სოლიდარულ გაფიცვებს უწოდებენ. 

რა არის საყურადღებო?

გაფიცვის უფლება ყველა დასაქმებულის უფლებაა, თუმცა შეიძლება შეიზღუდოს მათთვის, ვინც სახელმწიფოს სახელით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეების სიას სახელმწიფოები თავად ადგენენ. 

მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს:

  • ჰოსპიტალური სექტორი 
  • ელექტრომომარაგება
  • წყალმომარაგება

საინტერესოა, რომ 

ILO-ს გაერთიანების თავისუფლების კომიტეტი აღიარებს და გაფიცვის ფორმად მიიჩნევს ისეთ პროტესტსაც, რომელიც მშვიდობიანი ხასიათისაა და არსებითად იგივე მიზანი აქვს, რაც კლასიკურ გაფიცვას. 

ასეთებია:

  • სამუშაო ტემპის განზრახ შენელება (go-slow);
  • მხოლოდ ხელშეკრულების პირობების შესრულება (working to rule);
  • გაფიცვა გაერთიანების თანხის გარეშე, ინდივიდუალურად (wildcat strike);
  • სამუშაო ადგილზე გამოცხადება, თუმცა უარი მუშაობაზე (tools-down).
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი