პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები

წინა სტატიაში ვეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ლიბერალური დემოკრატიის არსი, გვესაუბრა მისი წარმოშობისა და განვითარების ტენდენციებზე. ახლა კი გვინდა ყურადღება გავამახვილოთ პრინციპებზე, რომელსაც ის ეყრდნობა.

რა არის ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები?

  1. სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვა − ლიბერალური დემოკრატია ფიქრობს, რომ ძალაუფლება რყვნის. ამ მიდგომას ისტორიული ახსნა აქვს − ის ერთპიროვნული, ავტორიტარული მართვის ალტერნატივად ჩამოყალიბდა, ამდენად ბუნებრივია, რომ უპირისპირდება ძალაუფლების თავმოყრას სახელმწიფოს ან ერთი მმართველის/პოლიტიკური ძალის ხელში. ის აუცილებლად მიიჩნევს ძალაუფლების კონტროლს. ამისთვის მან (1) კანონის უზენაესობის, (2) ბალანსისა და (3) ანგარიშვალდებულების კონცეფციები შექმნა. მას აქამდე მისასვლელად სახელმწიფოსა და მოქალაქის მანამდე არსებული ურთიერთმიმართების გადაწყობა და ღირებულებათა ახალი სისტემის შექმნა დასჭირდა. ლიბერალური დემოკრატია გვარწმუნებს, რომ მის სისტემაში ინდივიდი უპირატესია, რომ მოქალაქე  ანიჭებს სახელმწიფოს/ხელისუფლებას უფლებამოსილებას და არა − პირიქით.
  2. ინდივიდუალური თავისუფლება − სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთმიმართების ის გაგება, რასაც ლიბერალური დემოკრატია გვთავაზობს, ინდივიდუალური თავისუფლების იდეას ეფუძნება. ეს გულისხმობს პიროვნების „ბატონობას“ საკუთარ თავზე, პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ განვითარებაზე, ქცევაზე, ყოფაზე, არჩევანზე. მისთვის პიროვნების ცხოვრებაში განმსაზღვრელია სახელმწიფოს როლის შეზღუდვა. ამ მიდგომას დაეფუძნა და აქედან განვითარდა თავის დროზე ადამიანის უფლებათა ის კონცეფცია, რომელიც დღეს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
  3. ეკონომიკური თავისუფლება − ლიბერალური დემოკრატია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება განსაზღვრავს პიროვნული თავისუფლების დონეს. აძლევს რა დოვლათის წარმოების და მოპოვების უფლებას, ის ინდივიდის ანიჭებს ორ ფუნქციას − მწარმოებლისა და მომხმარებლის. ამავდროულად, ის ადამიანს ათავისუფლებს სახელმწიფო კონტროლისა და რეგულირებასგან, თუმცა შედეგებზე პასუხისმგებლობასაც მას აკისრებს.
  4. პოლიტიკური მონაწილეობა − ლიბერალური დემოკრატია მხარს უჭერს მართვის წარმომადგენლობით მოდელს. ის ავითარებს პოლიტიკური მონაწილეობის იდეასა და მის ინსტრუმენტებს. ამ თვალსაზრისით მისი უმთავრესი შემოთავაზება არჩევნებია. მოდელი გვარწმუნებს, რომ ასეა შესაძლებელი, ერთი მხრივ, მოქალაქისთვის პოლიტიკური ფუნქციის დაბრუნება, მეორე მხრივ, კი მისი პოლიტიკურ პროცესებში წარმოდგენა (რეპრეზენტაცია), ინტერესების დაიცვა და ანგარიშვალდებული სახელმწიფო სისტემის ფორმირება.
მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი