პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მაგისტრატი მოსამართლეები რეგიონებში
თებერვალი 5, 2024

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა არის უფლება, რომელიც უპირველესად მასზე ტერიტორიულ და ფიზიკურ წვდომას მოიაზრებს. უფრო ფართო გაგებით, ეს პრინციპი მოითხოვს ყველა იმ სოციალურ-პოლიტიკური ბარიეის გაუქმებას, რომეიც მოქალაქეებს ურთულებს ამ უფლებით სარგებლობას.  ასეთი ბარიერები შეიძლება იყოს სასამართლო ხარჯები, სამართალწარმოების ენ,  იურიდიული დახმარების არქონა და სხვა. სტატიების ამ ციკლში, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე და ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებულ ბარიერებზე ვისაუბრებთ.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ყველაზე დიდი წილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობაზე მოდის. მათი უმრავლესობა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ცხოვრობს. ზოგიერთ მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტში კი აბსოლუტურ უმრავლესობასაც წარმოადგენენ. 

მაგალითად 

  • ახალქალაქში ადგილობრივების 92.9%, ნინოწმინდაში კი 95% − ეთნიკურად სომეხია. მოსახლეობის 34.5%-ს შეადგენენ ეთნიკური სომხები ახალციხეშიც; 
  • მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადგილობრივი მოსახლეობის 83.8%-ია, დმანისში − 65.5%, ბოლნისსა და გარდაბანში − 63.4% და 43.5%. 

ამ მუნიციპალიტეტებში მართლმსაჯულებაზე ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას რაიონული (საქალაქო) სასამართლოები და მათ შემადგენლობაში არსებული მაგისტრატი მოსამართლეები უზრუნველყოფენ.  

ჩვენი კომენტარი 

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა მრავალკომპონენტიანი ცნებაა. თუმცა, საბაზისოა მოქალაქეების ინფორმირებულობა მართლმსაჯულებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ და ამ სისტემის ტერიტორიული და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, რის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ვალდებულებაა.   

რა უნდა ვიცოდეთ? 

საკუთარი უფლებების დასაცავად პირს შეუძლია მიმართოს რაიონულ ან საქალაქო სასამართლოებს, რომელთა შემადგენლობაშიც შეიძლება მაგისტრატი მოსამართლეც შედიოდეს.  

მაგალითად: 

  • სამცხე-ჯავახეთში ასეთია ახალციხის რაიონული სასამართლო, აგრეთვე, ახალქალაქის რაიონული სასამართლოც. მისი განსჯადობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტზეც ვრცელდება. თუმცა, ნინოწმინდაში მართლმსაჯულებას მაგისტრატი მოსამართლე აღასრულებს; 
  • ქვემო ქართლში მაგისტრატი მოსამართლეები არიან დმანისსა და მარნეულში და ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში ექცევიან. გარდაბნის მაგისტრატი სასამართლო კი ფორმალურად რუსთავის საქალაქო სასამართლოში ერთიანდება.   

რა საქმეებს იხილავენ მაგისტრატი მოსამართლეები? 

მაგისტრატი მოსამართლეების უფლებამოსილება შეზღუდულია. ისინი იხილავენ ზოგიერთ სისხლისსამართლებრივ საკითხს, ასევე ზოგ სამოქალაქო საქმე დაჩქარებული წესით. მაგისტრატი მოსამართლის მთავარი დანიშნულებაა უპასუხოს მოქალაქეთა ყოველდღიურ, ყოფით სამართლებრივ საჭიროებებს და ერთპიროვნულად გადაჭრას შედარებით მარტივი სამართლებრივი დავები. 

მაგალითად, ასეთი საკითხებია:  

  • მეუღლეთა განქორწინება ან ალიმენტის დაკისრება; 
  • სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწაზე საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, მაგალითად, ქირის გადახდის დავალება და სხვ.; 
  • საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა, მაგ. მასზე არსებული უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნა; 
  • სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო კომპენსაციის დაკისრება ან შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა დავა; 
  • იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, მაგალითად, მამობის დადგენა, მემკვიდრეობის მიღების, სახელის/გვარის ცვლილების ფაქტი და ა.შ.;  
  • სოციალური დაცვის საკითხებ, მაგალითად, სოციალურ შემწეობაზე უარი მაგისტრატ მოსამართლესთან საჩივრდება. 

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე − სასამართლო ხარჯებზე, საპროცესო დაცვისა და სხვა იურიდიული მხარდაჭერის სერვისებზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.  


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.  

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი