პლებისციტური დემოკრატია ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივაა, ზღუდავს ელიტების ძალაუფლებას და აძლიერებს ხალხის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. იგი ნამდვილი, სახალხო დემოკრატიის ფორმაა. თუმცა დემოკრატიის სასარგებლოდ მხოლოდ იმ სისტემაში მოქმედებს, რომელშიც აღკვეთილია პოლიტიკურ პროცესებზე ერთპიროვნული გავლენის, მანიპულაციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე. ავტორიტარული ტენდენციების მქონე ქვეყნებში იგი კარგავს დემოკრატიულ ბუნებას და რეჟიმის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი ხდება. სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს პლებისციტური დემოკრატიის იდეა და მისი ბოროტად გამოყენების მაგალითები.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
პლებისციტურ დემოკრატიაზე მსჯელობა რამდენიმე კვირის წინ, 30 აპრილის პრო-სამთავრობო აქციის შემდეგ, გააქტიურდა საქართველოში. აქციის ორგანიზატორებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. მათი ხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს უმცირესობის უფლებებთან და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსთან დაკავშირებული საკითხები. 2 დღეში „ევროპელმა სოციალისტებმა“ განაცხადეს, რომ იდეას იზიარებენ და აპირებენ უახლეს მომავალში წარადგინონ საკანონმდებლო პაკეტი და მხარი დაუჭირონ აქციის ძირითადი მოთხოვნებს.
ჩვენი კომენტარი
ამ ძალების მხრიდან პლებისციტურ დემოკრატიაზე მსჯელობის გააქტიურება სულ მცირე ორ რამეს გვაჩვენებს: (1) ხალხის და პოლიტიკური ელიტის დაშორებას; (2) სახელმწიფო მართვის ჯანსაღი მექანიზმების არადემოკრატიული მიზნით გამოყენების მცდელობას. წინასაარჩევნოდ, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების, პოლარიზაციისა და ევროკავშირის მიმართ მტრული პოლიტიკის ფონზე, სახელმწიფოს სჭირდება ამომრჩევლის მობილიზება, პოლიტიკურ პროცესებში ხალხის როლის გაძლიერების ჩვენება. ამ ვითარებაში პლებისციტური დემოკრატიის ინსტრუმენტებზე საუბარი ხელისუფლებისთვის მანიპულაციისა და ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმია.
სად არის პრობლემა და რა უნდა ვიცოდეთ?
საყოველთაო ჩართულობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემაში (ინკლუზიური სისტემა) პირდაპირი დემოკრატიის ნებისმიერ ფორმა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამა თუ იმ საკითხზე მოქალაქეთა დამოკიდებულების გამოსავლენად. ის ხელს უწყობს პოლიტიკის ფორმირების პროცესში საზოგადოების მუდმივ, ჯეროვან მონაწილეობას; ქმნის ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის მსჯელობის დემოკრატიულ ფორმატებს, რომლებიც წინ უნდა უსწრებდეს უშუალო დემოკრატიის მექანიზმებით გადაწყვეტილების მიღების პროცესს. სხვაგვარად პლებისცისტური დემოკრატია ავტორიტარი, ან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ლიდერების ხელში, „სახალხოობის“ ყალბი იარლიყით, კერძო მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად იქცევა.
როგორ და სად იყენებენ ბოროტად პლებისციტური დემოკრატიის ელემენტებს?
პლებისცისტური დემოკრატიის კონცეფციას ხშირად მანიპულაციურად იყენებენ ავტორიტარული ტენდენციების მქონე რეჟიმებში. მას ძალაუფლების განსამტკიცებლად მიმართავენ (მაგალითად, უნგრეთის პრაქტიკა, სადაც მას ხშირად ეყრდნობიან საგადასახადო და საიმიგრაციო პოლიტიკის, ქვიარ ჯგუფების უფლებების საკითხებთან დაკავშირებით). ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში ეს მექანიზმი, უმეტესწილად, ხელისუფლებაში მყოფი ძალების უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებას ემსახურება (ამ მხრივ საინტერესოა რუსეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის გამოცდილება). შესაბამისად, ავტორიტარულ რეჟიმებში პლებისციტური დემოკრატია ერთპიროვნული მმართველობის, ფსევდო-დემოკრატიულ რეჟიმებში კი სისტემური ლეგიტიმაციის საშუალებაა.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.