როგორ შეუძლიათ პარტიებს უარი თქვან საპარლამენტო საქმიანობაზე?
პარლამენტმა 25 ნოემბერს საკუთარი წევრების, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. ამ მომენტიდან პარტიებს, რომლებსაც არ სურთ საპარლამენტო საქმიანობის დაწყება, შეუძლიათ უარი თქვან მანდატებზე და დანარჩენი კანდიდატების სიებიც (ე.წ. „მომლოდინე სია“) მოხსნან ცესკოს რეგისტრაციიდან.
თუ ოპოზიციონერი დეპუტატები ჯერ საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე მიმართავენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და ეს განცხადება დაუკმაყოფილდებათ, სიების ჩახსნის უფლება პარტიებს დროებით შეუჩერდება, რადგანაც „მომლოდინე სიიდან“ ჩანაცვლების პროცესი იქნება დაწყებული. შესაბამისად, პარტიებმა ჯერ ცესკოში უნდა ჩახსნან სიები და ამის შემდეგ, უკვე დეპუტატებმა თქვან უარი ახლად მიღებულ მანდატებზე.
ჩვენი კომენტარი
თუკი პარლამენტი არ დააკმაყოფილებს დეპუ/ტატების განცხადებებს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ის დაარღვევს კონსტიტუციას.
ვინ იღებს გადაწყვეტილებას სიების მოხსნაზე?
„მომლოდინე სიების“ მოხსნაზე განკარგულებას ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს. თუმცა, თუ ის ამას არ გააკეთებს, მოთხოვნიდან მეოთხე დღეს სია რეგისტრაციიდან მოხსნილად ჩაითვლება. ამავდროულად, ცესკოში საკუთარი რეგისტრაციის გაუქმება პარტიის ცალკეულ წევრსაც შეუძლია.
როგორ ხდება მანდატებზე უარის თქმა?
განსხვავებული წესი ვრცელდება უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატებზე. მათ მანდატებზე უარის თქმის განცხადება საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაიწერონ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, მაგრამ ავტომატურად არ შეუწყდებათ მანდატი. ცესკოსგან განსხვავებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, პარლამენტის წევრებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარანტია არ აქვთ: 2020 წლის გამოცდილებით, 51 დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ და უფლებამოსილება არ შეუწყვიტა, რითაც კონსტიტუცია დაარღვია. მაშინ უმრავლესობამ ოპოზიციას თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა. მოგვიანებით, ეს გადაწყვეტილებები სამმა დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. მათგან ერთმა მოგვიანებით უკან გამოიხმო სარჩელი და პარლამენტის წევრის საქმიანობას შეუდგა, დანარჩენი ორის უფლებამოსილება კი რამდენიმე თვეში, განმეორებით დაწერილი განცხადებების საფუძველზე შეწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.