ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში პარტიები, რომლებიც აკრძალვის საფრთხის წინაშე დადგნენ, სულ სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს, ამათგან ორი წინა სტატიაში განვიხილეთ. წინამდებარე ტექსტში საუბარი იქნება შემთხვევებზე, როცა პოლიტიკური გაერთიანებები ეროვნულმა სასამართლოებმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ავტონომიის მხარდაჭერის გამო აკრძალეს.
ჩვენი კომენტარი
პარტიების გაუქმებისათვის საკმარისი საფუძველი არ არის მისგან მომდინარე სავარაუდო საფრთხეები, რაც რეალურის და იმწუთიერის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. პარტიის წევრთა ცალკეული დარღვევები კი, არა პარტიის აკრძალვით, არამედ მხოლოდ ამ პირთა მიმართ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაწესებით უნდა აღიკვეთოს.
თურქეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ „თურქეთის კომუნისტური პარტიის“ დაშლის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ეს პარტია არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა. მიზეზები:
- საკუთარი თავისთვის „კომუნისტურის“ დარქმევის გამო პარტია შეუთავსებელი იყო ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებთან;
- პარტია მიუთითებდა დივერსიულ დოქტრინასა და ტოტალიტარულ პოლიტიკურ მიზანზე, რომელიც ძირს უთხრიდა თურქეთის პოლიტიკურ და ტერიტორიულ ერთიანობას, სახელმწიფო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
მოგვიანებით, ევროპულ სასამართლოში ეს საქმე თურქეთმა წააგო. სასამართლომ კონვენციის დარღვევის დასადასტურებლად შემდეგი არგუმენტები მოიყვანა:
- პარტიის პროგრამაში არ არსებობდა რაიმე მინიშნება იმაზე, რომ ის წაახალისებდა ძალადობის გამოყენებას ან მისდევდა რასისტულ მიზნებს;
- პარტიის პროგრამა ქურთი ხალხის მხოლოდ არსებობის აღიარებას ითხოვდა. ეს კი არ შეიძლება განხილულიყო, როგორც კონსტიტუციური სტრუქტურის დამრღვევი.
ამის შემდეგ ევროსასამართლომ განიხილა თურქეთის კიდევ შვიდი მსგავსი საქმე. ყველა მათგანში სასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა.
ბულგარეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები
„ერთიანი მაკედონიური ორგანიზაცია — ილინდენი“ 2000 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. სასამართლომ ის მიიჩნია არალეგალური OMO "Ilinden" ორგანიზაციის მემკვიდრედ, რომელიც ცდილობდა მაკედონელები გამოყოფილიყვნენ ბულგარეთიდან და განაცხადა, რომ მისი მიზნები მიმართული იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ. რეალურად, პარტია ითხოვდა მაკედონიური უმცირესობის სრულ კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ავტონომიას.
გადაწყვეტილებები, რომლითაც სახელმწიფო პარტიას ორგანიზაციულ დაბრკოლებებს უქმნიდა, რამდენჯერმე გასაჩივრდა სტრასბურგის სასამართლოში (1994 წლიდან 2018 წლამდე ათამდე გადაწყვეტილებაა მათ შესახებ). ყველა საქმეზე დარღვევა დადგინდა. არგუმენტები ასეთი იყო:
- არ არსებობდა ორგანიზაციის წევრების მიერ ძალადობრივი ქმედებების ან ძალადობის წაქეზების ან დემოკრატიული პრინციპების უარყოფის რეალური რისკი;
- სახელმწიფოს არ გააჩნდა მტკიცებულებები, რომ მათ გამოიყენეს ან სავარაუდოდ გამოიყენებდნენ სხვა პირების „მოქცევის“ უკანონო საშუალებებს;
- რისკი, რომ მომავალში პარტიის შეხვედრებზე სეპარატისტული განცხადებები გაკეთდებოდა, ვერ გაამართლებდა მათ აკრძალვას;
- მცირე ინციდენტების არსებობა არ მოითხოვდა შეხვედრების აკრძალვას; თუკი ძალადობის წაქეზების შემთხვევები დაფიქსირდებოდა, ამას უნდა მოჰყოლოდა რეაგირება კონკრეტული დამრღვევის მიმართ.