პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული ფაქტორები ერთის მხრივ, საბჭოთა მემკვიდრეობის, მეორეს მხრივ კი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წარმოქმნილი კონტექსტის შედეგია. ამ ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების ტრაექტორია განსხვავებული იყო, თუმცა მათ გავლენა მოახდინეს თითეოული ამ ქვეყნის დღვანდელობაზე.
ტრანზიტოლოგია იყო დომინანტური თეორიული ჩარჩო, რომელიც ამ რეგიონის ქვეყნების მომავალსა და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობდა. ის ფოკუსირდებოდა რწმენაზე, რომ ეს ქვეყნები აუცილებლად დემოკრატიზდებოდნენ, თუ აქ დასავლეთი ინსტიტუტების განვითარებას, კანონის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკასა და მოდერნიზაციას დაუჭერდა მხარს. დროთა განმავლობაში, ნათელი გახდა, რომ ამ პროცესს ეფექიანობა აკლდა და აუცილებელი დემოკრატიზაციის მოლოდინი არ მართლდებოდა. შედეგად, განვითარდა ჰიბრიდოლოგია. თეორია, რომელიც აღიარებს ამ სახელმწიფოებში დემოკრატიული და ავტოკრატიული ელემენტების თანაარსებობას.
არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომლებიც დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სისტემებისთვის:
ავტორიტარული ტენდენციები: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოების დიდ ნაწილში მალევე აღორძინდა ავტორიტარიზმი. მათში განვითარებული მართვის ფორმას ხშირად „კონკურენტულ ავტორიტარიზმს“ უწოდებენ. აქ დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს, მაგრამ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად მისით მანიპულირებს. არჩევნები იმართება, მაგრამ ტარდება დარღვევებით და ოპოზიციური პარტიები სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდებიან. მათთვის რთულია არჩევნების მოგება, მუდმივი შევიწროებისა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მმართველი პარტიის ჭარბი გავლენის, ასევე უსამართლო საარჩევნო და კონსტიტუციური სისტემების გამო. მიუხედავად ამისა, მას მაინც რჩება არჩევნების გამოგების შესაძლებლობა, ხოლო ხელისუფლებას უწევს საზოგადოების მასობრივი უკმაყოფილებების გათვალისწინება.
ჰიბრიდული რეჟიმები: ისინი ერთდროულად აერთიანებს დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ელემენტებს. ეს რეჟიმები კონტროლის შესანარჩუნებლად იყენებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა არჩევნები და საკანონმდებლო ორგანოები, თუმცა ასევე იყენებენ მეთოდებს, როგორიცაა მედიის კონტროლი, პოლიტიკური რეპრესიები და არჩევნების გაყალბება. ჰიბრიდული რეჟიმების გვერდით ამ სივრცეში ცხადია გვხდება კონსოლიდირებული ავტორიტარიზმები, რომელიც გაცილებით მძიმე ფორმებს იღებს.
პერსონალისტური მმართველობა და პატერნალიზმი: ამ შემთხევევაში ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ლიდერის ხელში. ამას „მფარველის პოლიტიკას“ უწოდებენ. აქ ლიდერისადმი პირადი ლოიალობაა უმთავრესი, ხოლო პოლიტიკური ინსტიტუტები სუსტია.
სუსტი პოლიტიკური ინსტიტუტები: სისუსტე გამოიხატებს კანონის უზენაესობის არ არსებობაში, სასამართლო ხელისუფლების შეზღუდულ დამოუკიდებლობასა და ფორმალურ ინსტიტუტებზე არაფორმალური ქსელების დომინირებაში.
ეკონომიკური ოლიგარქია: დაგეგმილიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ შედეგად ოლიგარქების გაჩენა მოიტანა. ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე. მეცნიერებმა, შეისწავლეს, როგორ გამოიწვია 1990-იანი წლების პრივატიზაციის პროცესებმა სიმდიდრისა და ძალაუფლების კონცენტრაცია რამდენიმე ადამიანის ხელში, რამაც შექმნა კავშირი ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას შორის.
გეოპოლიტიკური ორიენტაცია: პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ავლენენ განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, ზოგი დასავლური ინსტიტუტებისკენ მიისწრაფვის, ზოგი კი რუსეთის დომინაციის სფეროში რჩება. ბოლო წლებში ამ უკანასკნელის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ახალი დატვირთვისა და „მისიის“ („რუსული სამყარო“) მიცემის მცდელობის ფონზე, მისი ინტერვენციები მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში მკვეთრად გაიზარდა. ის ატარებს როგორც აგრესიულ, სამხედრო, ისე ჰიბრიდულ (რბილ) ფორმებს და მეზობელ ქვეყნებს შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში ამყოფებს.
სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ოპოზიცია ხშირად სახელმწიფოს ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ გადამწყვეტ როლს თამაშობენ პოლიტიკური გადატრიალებებისა და რყევების დროს. ამასთან როგორც წესი, ისინი გეოპოლიზირებულები არიან. მათ პერსპექტივაში დომინირებს ცივილიზაციონისტური ხევდა და მიდომა, ნაცვლად ისტორიულ, ადგილობრივ კონტექსტზე ორიენტირებულისა.
რეგიონული განსხვავებები: ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა ბალტიისპირეთი, მიაღწია უფრო მეტ წარმატებას დემოკრატიზაციის გაზაზე, ვიდრე სხვებმა (ცენტრალური აზიის რესპუბლიკები). მეცნიერები ამ რეგიონალურ განსხვავებებს აკავშირებენ ისტორიულ გამოცდილებასთან, ეკონომიკურ პირობებთან, პოლიტიკურ იდენტობასთან და გარე გავლენებთან.
საქართველოში პოლიტიკური სისტემის აღწერის დროს მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ, ის ჯიუტი სტრუქტურები ანუ ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალაუფლების ღერძები (მაგალითად, ოლიგარქია/პოლიტიკისა და ეკონომიკის ჭარბი კავშირი, რუსეთის ფაქტორი და მისი ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ნაციონალიზმი, ეკლესია), რომლებიც ხელს უშლიან სისტემის დემოკრატიზაციას და ქმნიან დაძაბულობის მუდმივ კერებს, ავტორიტარულ პრაქტიკას, ან ინსტიქტებს.
ასეთი პოლიტიკური სისტემის ანალიზისთვის ინტედისციპლინური მეთოდითაა საჭირო. ის არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ინსტიტუციურ-სამართლებრივი ანალიზით. ასეთ მიდგომას არ აქვს რესურსი სრულად მოიხელთოს ძალაუფლების შრეები და მით უფრო აღწეროს ისტორიულად ჩამოყალიბებული, სიცოცხლისუნარიანი ძალაუფლებრივი ღერძები.
მიმოხილვის ავტორი:
თამთა მიქელაძე
დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.