საქართველო სხვადასხვა ბუნებრივი რესურსით მდიდარი და, ამავე დროს, ინდუსტრიული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ტრადიციის მქონე ქვეყანაა. ეს ტრადიცია გულისხმობს, ერთი მხრივ, არსებული რესურსების მოპოვებას, მეორე მხრივ კი საბჭოთა პერიოდში აშენებულ გადამამუშავებელ/გამამდიდრებელ საწარმოებსა და სხვა მძიმე ინდუსტრიას, რომლის ნაწილიც ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ქვეყანა, რომელიც ათწლეულებია, სიღარიბეში ცხოვრობს და მოსახლეობისაგან იცლება, ფლობს ისეთ ძვირფას და მნიშვნელოვანი რესურსებს, როგორებიცაა: ოქრო და სპილენძი, მანგანუმი, ქვანახშირი; ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი ინდუსტრიული წარმოებაც: ფეროშენადნობები, რუსთავისა და ქუთაისის მეტალურგიული ქარხნები და სხვა.
თუმცა საქართველოს ეკონომიკა საკმარისად ვერ სარგებლობს ამ სიმდიდრეებითა და ინდუსტრიით. ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათწლეულის გავლისა და სამი გრძელვადიანი მთავრობის გამოცვლის შემდეგ, ინდუსტრიული ქალაქები საქართველოში მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და დემოგრაფიულ კრიზისში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოპოვებული რესურსები და წარმოებული პროდუქცია მნიშვნელოვანი სიმდიდრის წყაროა გლობალურ თუ ადგილობრივ ბაზარზე.
უნდა ვიცოდეთ, რა რესურსები აქვს ქვეყანას, რათა ისინი უპირველესად ჩვენს კეთილდღეობას, განვითარებას მოხმარდეს და არა კერძო პირთა გამდიდრებას – იმისთვის, რომ გარემო, რომელიც ამ სიმდიდრეს გვაძლევს, გადაურჩეს დაბინძურებასა და განადგურებას; ადამიანები კი, რომლებიც ამ სიმდიდრეებს ქმნიან, არ იტანჯებოდნენ სასოწარკვეთის, ჩაგვრის, გავალიანების, ავადმყოფობის, სოციალური უპერსპექტივობისაგან და შექმნილი პრობლემების გამო არ ცდილობდნენ ქვეყნის დატოვებას.
ჩვენი კომენტარი:
საქართველოს მარეგულირებელი კანონმდებლობა, ინსპექტირების ორგანოები და მათი აღსრულების მექანიზმები დღემდე ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური, არაექსპლუატაციური, სოციალურად და ეკოლოგიურად სამართლიანი მოპოვების პირობებს.
საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა არ ითვალისწინებს მსხვილი ბიზნესისთვის ადეკვატური გადასახადების დაწესებას, მოგების გადასახადი ქვეყანაში მხოლოდ 15%-ია, ხოლო წიაღისეულზე დაწესებული მოსაკრებელი მინიმალურია. ამგვარი საგადასახადო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიულ და ბუნებრივ პოტენციალს უმეტესად მხოლოდ კერძო მესაკუთრეთა გამდიდრების წყაროდ ტოვებს.
ეს ყოველივე გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს უკვე ათწლეულებია, არჩეული აქვს მცირე სახელმწიფოს, მინიმალური ჩარევის, ანუ ჩაურევლობის, და მხოლოდ ინვესტორზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც იწვევს ხილულ და ცხად სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს ქვეყნის განვითარებისთვის.
უახლესი ისტორია
დეინდუსტრიალიზაციის მასშტაბური და, შეიძლება ითქვას, ,,შოკური“ ხანა, ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაიარა - ინდუსტრიული წარმოების დაწესებულებები განადგურდა, დაიხურა ან დაიშალა მანქანა-დანადგარებად და ჯართის სახით გავიდა ქვეყნიდან.
თუმცა ძვირფასი ბუნებრივი რესურსებისა და მსხვილი სტრატეგიული საწარმოო ობიექტების მიმართ ინტერესი არც პოსტ-საბჭოთა პერიოდში განელებულა, მით უფრო, რომ ახალ საბაზრო ეკონომიკაში ეს სიმდიდრე გასხვისებად, კერძო პირების გამდიდრების საშუალებებად იქცა.
2000-იანი წლების მეორე ნახევარში ბუნებრივი რესურსებისა და წარმოების სექტორის აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკამ, რომელსაც თან ერთვოდა გადასახადების ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებისა და შრომითი ბაზრის დერეგულაციის ტალღა, საქართველოს ინდუსტრიული ქალაქები და მათ გარშემო არსებული სოფლები ახალი, კერძო მესაკუთრეების ხელში, მინიმალური სოციალური თუ ეკოლოგიური სტანდარტების გარეშე დატოვა. მონოინდუსტრიული დასახლებები სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაბინძურებულ, ღია კარიერებად გადათხრილ ან მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად დაზიანებული სახლებით სავსე ტერიტორიებად, მიგრაციის თანამედროვე ტრამპლინებად აქცია.
რა უნდა ვიცოდეთ?
- საქართველოს უმსხვილესი მონოინდუსტრიული ქალაქებია ჭიათურა, ტყიბული, კაზრეთი. ინდუსტრიები გვხვდება სხვა ქალაქებსა და დასახლებებშიც: ზესტაფონში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, კასპში, ქსანში და სხვ.;
- ამ ქალაქებში მოიპოვება და იწარმოება ოქრო და სპილენძი, მანგანუმი და მისი შენადნობები, ქვანახშირი, მეტალურგიული ნაწარმი, მინის ნაწარმი, ცემენტი და სხვ.;
- დღეს არსებული ყველა სტრატეგიული წიაღისეული და მისი მომპოვებელი/გამამდიდრებელი საწარმოები პრივატიზებულია და კერძო პირებს ეკუთვნით. მონოინდუსტრიულ ქალაქთა მფლობელი კომპანიები, ძირითადად, ოფშორებშია დარეგისტრირებული და ხშირად მათი ზუსტი მფლობელის მიკვლევა შეუძლებელია, თუმცა საკონტროლო პაკეტები, ძირითადად, რუს და უკრაინელ მილიარდელებს ეკუთვნით.
რა პრობლემაა?
- საქართველოს ყველა მონოინდუსტრიულ ქალაქში - ტყიბულში, ჭიათურასა და კაზრეთში, ისევე, როგორც ინდუსტრიულ საწარმოებში - ზესტაფონში, რუსთავში, ქუთაისში და სხვ., შრომის უსაფრთხოება არ არის სათანადოდ დაცული, მუშათა ანაზღაურება კი საცხოვრებლად კვლავ არასაკმარისია;
- ყველა მონოინდუსტრიულ ქალაქში დასაქმების მძიმე პრობლემებია, ვინაიდან არ არსებობს ალტერნატიული სამუშაო ადგილები და დასაქმების ერთადერთი კერები სწორედ მომპოვებელი საწარმოებია;
- ყველა მონოინდუსტრიულ ქალაქში შეიმჩნევა დაშინების, ტერორის, კონტროლის, ადგილობრივი კრიმინალური თუ სხვა ტიპის ავტორიტეტების ჩართულობა და სხვა ტიპის არაფორმალური პროცესები, რის გამოც რთულდება პროტესტისა და უკმაყოფილების გამოხატვა;
- ყველა ამ ქალაქს აკლია ინფრასტრუქტურა, მწირია ადგილობრივი ბიუჯეტი, ბაზისურ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ ხარჯებს კი ხშირად სახელმწიფოს ნაცვლად კომპანიები საკუთარ თავზე იღებენ, რაც სოციალურ პასუხისმგელობაში ეთვლებათ;
- ყველა ეს ქალაქი იცლება მოსახლეობისაგან - მაღალია მიგრაცია, განსაკუთრებით, ქალების გადინება - საოჯახო შრომაში, მომვლელებად. მათი ფინანსური გზავნილები ინდუსტრიულ დასახლებებს გადარჩენაში ეხმარება;
- საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებს გაფიცვებისა და წინააღმდეგობის დიდი გამოცდილება აქვს. მათ შორის, მშრომელთა ფართომასშტაბიანი გაფიცვებისა, რომლებსაც სოლიდარობას საქართველოს სხვა ინდუსტრიული ქალაქები უცხადებენ ხოლმე.
მაგალითად, საზოგადოებას ახსოვს 2016 წლის ზამთარში დაწყებული გაფიცვების ტალღა, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობდნენ და ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ ტყიბულის „საქნახშირის“, ჭიათურის „ჯორჯიან-მანგანეზის“, ქსნის „მინისტარისა“ და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები. მოგვიანებით, ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულ მუშებსაც.
რა არის გამოსავალი?
არსებობს არაერთი წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც მომპოვებელ ინდუსტრიებსა და მათ დასაქმებულებს სოციალურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად იცავს და აძლიერებს. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მაგალითი, რომლებიც საქართველოს კონტექსტისთვის ადეკვატურია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამაზე მსჯელობა დაიწყოს და სიტუაციის გამოსასწორებლად ნაბიჯები გადაიდგას (აქვე გასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ განხილული ჩამონათვალი არც ამომწურავია და არც საბოლოო):
- გამოიყოს საქართველოს ეკონომიკის სპეციალურ სეგმენტად მონოინდუსტრიული და ინდუსტრიული ქალაქები, შეიცვალოს მათ მიმართ საგადასახადო პოლიტიკა, რათა ადგილობრივმა თუ ცენტრალურმა ბიუჯეტებმა მეტად ისარგებლონ მოპოვების პროცესისგან;
- გახდეს გამჭვირვალე კომპანიათა ეკონომიკური ანგარიშები - მათი დანახარჯების, სახელფასო გადანაწილების, დისტრიბუციების, მოგებისა და ბრუნვების შესახებ ინფორმაცია;
- დაიხვეწოს შრომის პირობების, შრომის უსაფრთხოების, გარემოზე ზემოქმედების სტანდარტები, კანონმდებლობები და მათი აღსრულების მექანიზმები გახდეს უფრო ეფექტური და ქმედითი;
- ქალაქებს მიეცეთ სამთო-მომპოვებელი სტატუსი და დაუწესდეთ სხვადასხვა შეღავათი, ხოლო უშუალოდ მოპოვებასა და მძიმე ინდუსტრიებში დასაქმებულებს დაუწესდეთ საშემოსავლო, საპენსიო და სხვა ტიპის შეღავათები;
- მონოინდუსტრიულ ქალაქებში სახელმწიფომ შექმნას ალტერნატიული სამუშაო ადგილები, რათა ადამიანები დაბრუნდნენ და მოპოვების ადგილები არ იყოს ერთადერთი დასაქმების ადგილი;
- დაითვალოს თითოეული დასახლებისადმი მიყენებული ეკოლოგიური ზიანი და დაეკისროს კომპანიებს შესაბამისი კომპენსაციები კონკრეტული ვადებით, დაუკმაყოფილების შემთხვევაში კი მოხდეს მათი დაჯარიმება და/ან ნაციონალიზაცია;
- დაწესდეს ღირსეული და მსხვილი კომპენსაციები და/ან რჩენის ვალდებულების მექანიზმები იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სამუშაო ადგილზე საწარმოო შემთხვევის შედეგად დაეღუპა ან დაუსახიჩრდა ოჯახის წევრი და სხვ.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასაც გვმართებს, ვიყოთ მეტად სოლიდარულნი მშრომელთა გაფიცვების, ინდუსტრიულ ქალაქებში გარემოს დეგრადაციისადმი წინააღმდეგობების მიმართ. პირველ რიგში, ვიყოთ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ დასახლებებში, მხარი დავუჭიროთ და მოვითხოვოთ ზემოთჩამოთვლილი ცვლილებები ჩვენი ქვეყნისა და უკეთესი საზოგადოებისათვის.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას ასევე მართებს, იყოს ინფორმირებული იმ ტერიტორიების შესახებაც, სადაც ჯერ არ ხდება მოპოვება, თუმცა დაგეგმილია სამომავლოდ - რათა საზოგადოებამ, დემოკრატიული ჩართულობით, თავად გადაწყვიტოს ქვეყნის რესურსების განკარგვის საკითხები. ასეთი ადგილები, სადაც უკვე არსებობს ადგილობრივი წინააღმდეგობის პრაქტიკა, დღეს შქმერი (რაჭა) და მუშევანია (ბოლნისი).