პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რამდენად პასუხობს სასამართლოს კანონი ევროკომისიის რეკომენდაციებს?
ივლისი 10, 2023

ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, 13 ივნისს, პარლამენტმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებები მიიღო. სტატიით შევაფასებთ, რამდენად თანხვედრაშია მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებთან, როგორც ამას ევროკავშირი მოითხოვს და, შესაბამისად, რამდენად პასუხობს ეს კანონი 2022 წელს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს იგი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს. ამ წინაპირობებიდან მესამე რეკომენდაცია დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას შეეხება და საკმაოდ ვრცელია. უნდა ვიცოდეთ, რა გაითვალისწინა და რას აუარა გვერდი პარლამენტმა კანონის მიღების დროს. 

ჩვენი კომენტარი

ევროკავშირის მოლოდინები ქართული მართლმსაჯულების რეფორმის მიმართ გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 13 ივნისს მიღებული კანონი. ევროკომისიის მიერ გაცემული ვრცელი რეკომენდაცია განპირობებულია გამოწვევების ხარისხით, რომელთა არსებობა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნამაც დაადასტურა. 

რა უნდა ვიცოდეთ?

ევროკომისია საქართველოში მართლმსაჯულების მთლიანი ჯაჭვის რეალურ დამოუკიდებლობას ითხოვს. სასამართლოსთან დაკავშირებით 2022 წელს გაცემული რეკომენდაციები იყო:

  • მართლმსაჯულების რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედი გეგმის დამტკიცება;
  • მოსამართლეთა ნომინირების პრობლემების გადაჭრა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა და საბჭოს წევრთა დანიშვნა.

რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ფორმალურად დამტკიცდა, რეალური მონაწილეობის გარეშე და მხოლოდ უმრავლესობის გემოვნების შესაბამისად. საბჭოში კი 5-დან 3 წევრი აირჩიეს, ოპოზიციის რამდენიმე წევრმა, გაუგებარი მოტივით, მხარი დაუჭირა ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატებს. 

რაც შეეხება ევროკომისიის სხვა რეკომენდაციების შესრულებას, ამ მოტივით უმრავლესობის მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ განიხილა და 14 მარტს საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. 

მოსაზრების თანახმად, ცვლილებები ძირეული რეფორმისთვის საკმარისი არ იყო და ის არც ვენეციის კომისიის ბოლო წლების რეკომენდაციებს ითვალისწინებდა სრულყოფილად. შესაბამისად, კანონპროექტის ის ვერსია ევროკომისიის მოთხოვნებს სათანადოდ ვერ პასუხობდა. ამის შემდეგ პარლამენტმა ვენეციის კომისიის მოსაზრებების მიხედვით კანონპროექტის განახლება დაიწყო. 

მოკლედ საბოლოო ვერსიაზე: 

პარლამენტმა გამიჯნა და დააზუსტა მოსამართლეობის კანდიდატისა და მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმები. განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო აქტების საჯარო ინფომრაციის სახით გაცემისა და მოსამართლეების კარიერული და დისციპლინური წარმოების საკითხები.

ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაცია (არ) გაითვალისწინა პარლამენტმა?

შეჯამება

ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ გადამუშავებულ კანონში, ზოგიერთი, უმეტესად არაარსებითი, საკითხი დაზუსტდა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები კი უცვლელი დარჩა, მაგალითად: 

  • საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების წესი, რომელიც არ უზრუნველყოფს არამოსამართლე წევრების საკმარის ჩართულობას;
  • მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საბჭოს წევრთა დაბალი კვორუმი -უბრალო უმრავლესობა;
  • საბჭოს წევრის ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობა;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა - უმრავლესობამ უარი თქვა მის შემცირებაზე;
  • მოსამართლის ასაკობრივი და პროფესიული გამოცდილების ზღვარი - ვენეციის კომისია ზღვრის გაზრდას უჭერდა მხარს;

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ამ ცვლილელების მიღების დროს საერთოდ არ უმსჯელია დღევანდელი სასამართლოს ერთ-ერთ მთავარი გამოწვევის, კორპორატივიზმის, წინააღმდეგ.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი