პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ აკრიტიკებენ ლიბერალურ დემოკრატიას?
მაისი 7, 2024

ლიბერალური დემოკრატიის მრავალნაირი კრიტიკა არსებობს, თუმცა მათი ამოსავალი ერთია − პოლიტიკური მოწყობის ეს ფორმა ვერ ამართლებს იმ იმედს, რასაც ისახავდა და ვერ ასრულებს იმ დაპირებას,  რაც დადო.

სოციალური მიკერძოება და თანასწორობის ილუზია

მართალია, ლიბერალურ დემოკრატია თითქოს დაუპირისპირდა ერთპიროვნულ მართავს და ძალაუფლების კონცენტრაციას, თუმცა, რეალურად, ვერ შეძლო ამ ძალაუფლების თანასწორი გადანაწილება. მართვის სადავეები მან საზოგადოების მხოლოდ ერთ − ეკონომიკურად ძლიერ ნაწილს გადასცა და ამგვარად, ელიტის დემოკრატიად იქცა. ასეთ პირობებში მის მიერ დასახული თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა მიუღწეველი დარჩა.

სახელმწიფო ელიტის სამსახურში

ლიბერალური დემოკრატია ხელს უწყობს ეკონომიკურად ძლიერ ჯგუფებს მიითვისონ სახელმწიფო აპარატი და რესურსები; შექმნან იმგვარი პოლიტიკური სისტემა, რომელიც  რეალურად არა ხალხის, არამედ მმართველი ძალის ინტერესებსა და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას ემსახურება. ის ამ მიზნით აძლიერებს რეპრესიულ აპარატს, იყენებს მას ძალაუფლების განხორციელების ან შენარჩუნების ინსტრუმენტად.

უფლებების კონცეფციის მარცხი

ლიბერალურმა დემოკრატიამ უსამართლოდ მიანიჭა უპირატესობა სამოქალაქო უფლებებს. ამის გამო სოციალური და ეკონომიკური უფლებები მეორეხარისხოვან უფლებებად ჩამოყალიბდა. ამით მან დაუცველი დატოვა მოქალაქე კერძო ეკონომიკური ინტერესების მქონე ელიტის, ისევე როგორც, მის კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფოს პირისპირ.

საგულისხმოა, ისიც, რომ ლიბერალური დემოკრატია ვერც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს იცავს სათანადოდ − როდესაც ამ უფლებებით სარგებლობა უპირისპირდება მმართველი ელიტის ინტერესებს, სახელმწიფო ზღუდავს მათ.

არჩევნებისა და წარმომადგენლობის კრიზისი

ლიბერალური დემოკრატიისთვის ამოსავალი, თითქოს, მოქალაქის თავისუფალი ნების საფუძველზე გაკეთებული არჩევანია. არჩევნების მექანიზმის გამოყენებით ეს სისტემა ცდილობს მოქალაქის პოლიტიკური როლის და თავისუფლების პრინციპების ხაზგასმას, ისევე როგორც, წარმომადგენლობითი დემოკრატიის იდეის მხარდაჭერას. თუმცა, სისტემაში, რომელიც ეკონომიკურ უთანასწორობას ამყარებს, მოქალაქის არჩევანი შეზღუდულია; წამყვანი პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, ელიტური ჯგუფების ინტერესს იცავენ, ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გამტარ პარტიებს კი, გასაქანი არ აქვთ. ეს არჩევანისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ილუზიას ქმნის.

ფრაგმენტული რეფორმები

ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელია ფრაგმენტული რეფორმები. ამ მიზეზით მას ხშირად აკრიტიკებენ. კრიტიკის მთავარი არგუმენტის მიხედვით, ფრაგმენტული ცვლილებები პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილს პასუხობს. ის ვერ სთავაზობს საზოგადოებას ყოვლისმომცველ, და ხელშესახებ გაუმჯობესებას. ისეთს, რაც მოქალაქეთა ჩაგრულ ფენებს ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებდა, ძალაუფლებას კი რეალურად ხალხს გადასცემდა.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი