პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რეფორმები მართლმსაჯულებაში: საერთაშორისო რეკომენდაციების მიმოხილვა

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12 პრიორიტეტის შესრულებასთან არის დაკავშირებული, რომელთა შორის საკვანძო ადგილი მართლმსაჯულების რეფორმას უჭირავს. ამ სტატიის მიზანია, თავი მოუყაროს ძირითად საერთაშორისო რეკომენდაციებს სასამართლოსთან დაკავშირებით.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

იმისათვის, რომ შევაფასოთ, როგორ სრულდება სასამართლო რეფორმა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას გულისხმობს თავად რეფორმა და რა რეკომენდაციები აქვს ევროკავშირს, ვენეციის კომისიასა და ეუთოს (ODIHR) ამ მიმართულებით. 

ჩვენი კომენტარი

2022 წელს საქართველოს პარლამენტში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების გვერდის ავლით შემუშავდა. ცალკეული ცვლილებების მიუხედავად, ამ პაკეტის სულისკვეთება მართლმსაჯულების ძირეული რეფორმის იდეასთან შეუთავსებელია.  

როგორია საერთაშორისო რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ?

ევროკავშირი პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს:

  • საბჭოს ძირეულ რეფორმასა და მისი რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას;
  • საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევასა და ვაკანტური ადგილების შევსებას;

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით:

  • არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი უნდა გახდეს უფრო მოქნილი იმ შემთხვევისათვის, როდესაც პარლამენტი კანდიდატის მხარდასაჭერად 90 ხმას ვერ აგროვებს. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან მან შეიძლება დააზიანოს მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი იდეა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს;  
  • არამოსამართლე წევრების როლი გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახდეს, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს; 
  • საჭიროა კორპორატივიზმთან ბრძოლა, მაგალითად, საბჭოს სრული შემადგენლობის ეტაპობრივი განახლების გზით;

ეუთო მიუთითებდა საბჭოს წევრების, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობითა და ინკლუზიური პროცესებით დანიშვნის, საჭიროებაზე.

როგორია საერთაშორისო რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს შესახებ?

ვენეციის კომისიის შეფასებით:

  • მოსამართლეობის კანდიდატის ასაკობრივი და პროფესიული გამოცდილების ზღვარი უნდა გაიზარდოს;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა გონივრულად უნდა შემცირდეს - ის არ უნდა იყოს მეტისმეტად ხანგრძლივი, რათა ძალაუფლება არ აღმოჩნდეს ერთი პირის ხელში;

ეუთოც, 2021 წლის დასკვნაში წერდა, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის, ვენეციის კომისიის ჩამოთვლილ მოსაზრებებთან, შეუსაბამო იყო.

როგორია საერთაშორისო რეკომენდაციები კარიერული და დისციპლინური წარმოების საკითხებზე?

ვენეციის კომისიის შეფასებით:

  • მოსამართლის სურვილის საწინააღმდეგოდ მისი სხვა სასამართლოში გადაყვანა უნდა იყოს საგამონაკლისო და ხანმოკლე;
  • მოსამართლისთვის ხელფასის გაცემა არ უნდა შეჩერდეს მის მიმართ დისციპლინური წარმოებისას;
  • უნდა დაზუსტდეს მოსამართლის „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპი, რათა მოსამართლეს აზრის გამოთქმა არ შეეზღუდოს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, სასამართლო რეფორმა ან საკანონმდებლო საკითხები;
  • უნდა დაზუსტდეს მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოებისას მისი საქმის განხილვისაგან ჩამოშორების ფართო და ბუნდოვანი კრიტერიუმები
  • უნდა დაზუსტდეს, როდის ჩაითვლება დისციპლინური წარმოება ინიცირებულად, რათა მოსამართლემ ადრეულ ეტაპზევე შეძლოს დაცვის უფლებით სარგებლობა, მაგალითად, ადვოკატის აყვანა.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი