პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ აღრმავებს პოლარიზაციას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტები?
ოქტომბერი 6, 2023

ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში ამომრჩევლის მობილიზების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ემოციური პოლარიზაციაა. ამ დროს პარტიებს არ უწევთ საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავება, პოლიტიკას პროპაგანდა ანაცვლებს, პარტიები კი მხარდაჭერის მოპოვებას ოპონენტზე უშინაარსო თავდასხმებით ცდილობენ.

ჩვენი კომენტარი

თებერვალში ხელისუფლებამ პარლამენტში უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტები დააინიცირა. კანონპროექტები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ავალდებულებდა, სპეციალურ რეესტრში „უცხოური გავლენის/ძალის აგენტებად“ ჩაწერილიყვნენ. მმართველი ძალის მიერ ამ კანონპროექტებზე საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობის წამოწყებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა, ერთ-ერთი პოლარიზაციის გაღრმავება იყო. საზოგადოების პროტესტის შემდეგ მმართველმა ძალამ ფორმალურად უკან დაიხია და ინიციატივის კანონად ქცევაზე უარი თქვა. თუმცა იმ პერსონებისა და ჯგუფების მიმართ, რომლებიც ქართული ოცნებისადმი ლოიალურად არ არიან განწყობილნი, ის კვლავ აგრძელებს თავდასხმებს და იყენებს ზემოაღნიშნულ ტერმინს, როგორც შეურაცხმყოფელს.

რატომ განვიხილავთ ამ თემას?

პოლარიზაციის თემას ჩვენს პლატფორმაზე მეორედ განვიხილავთ, ამის მიზეზი არის ზიანი, რომელიც მას მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის:

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პოლარიზაცია, რომლის გაღრმავებასაც ქართული ოცნება ცდილობს, სახელისუფლებო პროპაგანდითაა ნასაზრდოები, მის ამოცანებს ემსახურება და ერთადერთი მიზანი აქვს - ეს საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანაა.

მეორე რიგში, პოლარიზაცია ევროპულ ინტეგრაციაში გვიშლის ხელს. მისი შემცირება ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი მოთხოვნად დაუდგინა.

როგორ საზრდოობს პოლარიზაციით ქართული ოცნება?

ქართული პოლიტიკური სივრცე პოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. აქ ორი ასპექტი უნდა გამოიყოს. პირველი - ეს დაპირისპირება არ ეფუძნება შინაარსს, იდეოლოგიურ ხედვას ან კონცეფციას. მისი საყრდენი პერსონალური მიუღებლობა და ემოციებია. ამას სხვაგვარად აფექტურ პოლარიზაციას უწოდებენ. მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი ელიტურობაა, რაც ნიშნავს, რომ ამ ტიპის კონფლიქტი საზოგადოების ჯგუფებს შორის არ შეინიშნება და ის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს შორის არსებობს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოში ე.წ. მასობრივი პოლარიზაცია არ გვაქვს, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მისი ხელოვნურად გამოწვევა გადაწყვიტა. სავარაუდოდ, მან ჩათვალა, რომ ელიტური პოლარიზაცია აღარ არის საკმარისი ელექტორალური ამოცანების მისაღწევად, საკმარისი რაოდენობის ადამიანის მისაყვანად საარჩევნო ურნებთან. 

მოდით, ჯერ ვთქვათ, როგორ ეხმარება პოლარიზაცია პარტიებს. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მონიშნავენ, როგორც „მტრებს“, ხოლო საკუთარ მომხრეებს - როგორც „მისაღებ“ პერსონებს. ისინი „მტრებს“ მუდმივად სასიცოცხლო საფრთხედ წარმოადგენენ და ცდილობენ, საზოგადოებას ყოველი მომდევნო არჩევნები „ყოფნა/არყოფნის“ საკითხად წარმოუსახონ. ეს მათ აძლევს სივრცეს პროპაგანდისთვის, რომლითაც ზემოქმედებენ მოქალაქეებზე და ცდილობენ, მიიმხრონ ამომრჩევლები. შეუძლებელია, ასეთ დისკუსიაში გამოინახოს ადგილი საგნობრივი მსჯელობისათვის. 

ამგვარ სტრატეგიას ერთი თავისებურება ახასიათებს: პოლარიზაცია გამუდმებით მოითხოვს საზრდოს, ის უფრო და უფრო ღრმად ითრევს მონაწილეებს - სხვაგვარად ელექტორატის გაზრდა ვერ ხერხდება. პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ მხარდამჭერთა ახალ ჯგუფების ყურადღების მიპყრობა. როგორც ჩანს, ეს პრობლემა დაუდგა მმართველ პარტიასაც, გამოსავლად კი მან პოლარიზაციის გაღრმავება მიიჩნია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საჭირო გახდა ახალი „მტრის“ გამოგონება, რომელიც ქვეყნის არსებობას უქმნის საფრთხეს. 

რა უნდა იყოს იმაზე „დიდი საფრთხე“, ვიდრე „მეხუთე კოლონაა“, რომელიც „ციხეს შიგნიდან გატეხს“?! ამდენად, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არსებობს სხვა ქვეყნების მიერ დაფინანსებული და მათი ინტერესების გამტარებელი დიდი გაერთიანება, რომელიც არა საკუთარ მოქალაქეობრივ, არამედ გარე ძალის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს?! ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა სამოქალაქო ჯგუფისთვის „უცხო ქვეყნის აგენტი“ ეწოდებინა და ეს საკანონმდებლო დონეზე გაემყარებინა. ის ცდილობდა, ოფიციალურად და სახელობითად მოენიშნა ადამიანები, რომელზეც დააფუძნებდა საკუთარ ნეგატიურ კამპანიას. 

საბედნიეროდ, მმართველ გუნდს კანონის მიღების საშუალება საზოგადოებამ არ მისცა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება საკუთარი მიზნების მიღწევას სხვა მეთოდებით არ შეეცდება. კანონპროქტების გაწვევა არ იყო დანებების აქტი, ეს სტრატეგიული უკან დახევა გახლდათ. ოცნებამ ნახა, რომ წინააღმდეგობას წააწყდა და აღარ გაამწვავა სიტუაცია. მით უმეტეს, მის ხელში, კანონის გარდა, სხვა ათასი მექანიზმია. ჩვენც ვნახეთ, მიუხედავად კანონპროექტებზე უარის თქმისა, ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვა „აგენტს“ ხშირად იყენებენ კრიტიკოსების მისამართით, ქუჩებში გაჩნდა პლაკატები, რომლებზეც ამ სიტყვის ქვეშ კონკრეტული ადამიანები იგულისხმებიან, მუშაობს პროპაგანდის მანქანა და ა.შ. კანონპროექტები გაქრა, მაგრამ იარლიყი - არა. 

ახლა ხელისუფლების ამოცანაა, მტრად მონიშნოს ერთი ჯგუფი და სხვებს უთხრას, რომ მათ ბედნიერებას ამ ჯგუფის არსებობა აბრკოლებს. შემდეგ კი საკუთარი თავი წარმოაჩინოს ერთადერთ ძალად, რომელსაც ამ პრობლემის გამკლავების შესაძლებლობა აქვს და ამით მოიზიდოს ამომრჩეველი. თუმცა ეს ამგვარი პროპაგადის შედეების მხოლოდ ერთი ნაწილია, მეორე საზოგადოების წევრებს შორის უნდობლობის დათესვა და კონფლიქტის გაღვივებაა. პოლარიზაციის გაღრმავებით იზრდება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და ჩვენი ხელისუფლება სწორედ ამ საფრთხეს ეთამაშება. 


მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი