სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება, ევროკავშირთან დაახლოების გარდაუვალი წინაპირობაა. ეს რეკომენდაციები სისტემური და ყოვლისმომცველია, ხელისუფლების მიდგომა სასამართლო რეფორმის მიმართ კი ტრადიციულად ზედაპირული და მოჩვენებითი. ამას პარლამენტის მიღებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებიც ადასტურებს. ამ სტატიაში სწორედ ამ ცვლილებებს განვიხილავთ და ვნახავთ, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა
ეს ბოლოს მიღებული კანონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მას რეალურ პრობლემებზე გავლენა, ფაქტობრივად, ვერ ექნება. ახალი კანონით, სასამართლო გადაწყვეტილებები, როგორც საჯარო ინფორმაცია, მისი მიღებისთანავე უნდა გაიცეს. თუმცა, ეს წესი ვერ აგვარებს გადაწყვეტილებებზე წვდომასთან დაკავშირებულ პრაქტიკაში არსებულ მთავარ პრობლემებს: ჩვენი გამოცდილება მოწმობს, რომ ხშირად, სხვადასხვა მიზეზით, სასამართლოები მაინც უარს ამბობენ გადაწყვეტილებების გაცემაზე; ვალდებულების მიუხედავად კი, ისინი გადაწყვეტილებებს არც ვებ-გვერდზე აქვეყნებენ. ამდენად, სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობა კვლავ გართულებული და ხანდახან საერთოდ შეუძლებელია.
მოსამართლეების დანიშვნა
ცვლილებებით მოსამართლეები საბჭოში ღია კენჭისყრაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაინიშნებიან. საბჭოს არსებული შემადგენლობისთვის, სადაც განსხვავებული აზრი არ არსებობს, კენჭისყრის ღიაობა დისკომფორტს ვერ ქმნის. 2024 წლის მაისში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისა და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 21 მოსამართლის ერთხმად უვადოდ გამწესება ამის დასტურია.
საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებები
ახალი კანონით, მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით გასაჩივრებულ საქმეზე, საბჭო გაითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას. საკვალიფიკაციო პალატის არსებობის 10 წლის განმავლობაში მან ჯამში მხოლოდ 14 საჩივარი განიხილა. მიმართვიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მოწმობს, რომ კონკურსში, უმეტესად, ისედაც სისტემისადმი ლოიალურად განწყობილი კანდიდატები მონაწილეობენ. განხილული 14 საჩივრიდან პალატას კანდიდატის სასარგებლოდ არც ერთი არ დაუკმაყოფილებია. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესების თანხვედრაში მყოფი კანდიდატურებით სისტემური პრობლემაა და მას მსგავსი პროცედურული შესწორებები ვერ მოაგვარებს.
მოსამართლეთა დისციპლინური დევნა
ცვლილებებით, სასამართლო რეფორმის, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების ან სამართლის განვითარების შესახებ მოსამართლის მსჯელობა „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევად აღარ ჩაითვლება და მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. თუმცა, რეალურად, როგორც არაერთი მაგალითი მოწმობს, დღეს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ადგენს, რაც მოსამართლეებს ლოიალურობისა და კრიტიკული მოსაზრების დაფიქსირებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესი
მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, საბჭოში ხმათა უმრავლესობის ნაცვლად (8 ხმა), ხმათა 2/3 დასჭირდება (10 ხმა). პარლამენტმა ეს ცვლილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც საბჭო ლოიალური და ერთსულოვანი კადრებით სრულად დააკომპლექტა. ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები მოწმობს, რომ ამგვარი წესი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ დააბრკოლებს.
მოსამართლეთა მივლინება
ათეულობით ადგილი სასამართლოში დღესაც ვაკანტურია, მაგრამ საბჭო პრობლემის მოგვარებას მოსამართლეების ერთი სასამართლოდან მეორეში მივლინებით ცდილობს. ცვლილებების მიუხედავად, მივლინებისას პრობლემად რჩება მოსამართლის ნებისმიერ სხვა სასამართლოში, მათ შორის, სხვა ინსტანციის სასამართლოში მივლინების წესი. მივლინების მაქსიმალური 4 წლიანი ვადა კი მხოლოდ 1 წლით შემცირდა.
რა დარჩა უცვლელი?
უცვლელი დარჩა მთელი რიგი სისტემური პრობლემები, რომელთა არსებობის შესახებ მოსაზრებას ხელისუფლება საერთოდ არ იზიარებს. ასეთია, მაგალითად, პოლიტიკურად მხარდაჭერილი მოსამართლეთა ჯგუფის, არაფორმალური გავლენებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების სრული კონცენტრაციის საკითხი. ეს მაშინ, როცა ევროკომისია ზედაპირული ცვლილელების ნაცვლად, საქართველოსგან სწორედ სისტემურ პრობლემებთან გამკლავებას, მათ შორის, მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმებას ელოდება.