პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ გამოითვლება საარსებო მინიმუმი?
ივლისი 26, 2022

სახელმწიფოს მიერ გამოთვლილი საარსებო მინიმუმით თვიდან თვემდე არსებობა გაუსაძლისია. ქვეყანაში საარსებო მინიმუმის გამოთვლის პოლიტიკა შესაცვლელია და საარსებო მინიმუმი თანამედროვე მეთოდითაა გამოსათვლელი, რის შემდეგაც ის მინიმუმ გაორმაგდება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

  • ბოლო წლის განმავლობაში, ინფლაციის გამო, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 206 ლარიდან 241 ლარამდე გაიზარდა;
  • თუ საარსებო მინიმუმს თანამედროვე მეთოდით გამოვიანგარიშებთ, ის შეიძლება ორჯერ ან უფრო მეტად მაღალი იყოს, ვიდრე დღეს არის;
  • ექსპერტების აზრით, საარსებო მინიმუმის გამოთვლისას ითვალისწინებენ აუცილებელზე ნაკლებ კვებით კალორიას და არასწორად განსაზღვრავენ კვებით რაციონს.

ჩვენი კომენტარი:

საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია მოძველებულია და არ პასუხობს ადამიანის საჭიროებებს. ბოლო დროს განსაკუთრებულად გაიზარდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო ხარჯები. მაგალითად, ხარჯები აუცილებელ პროდუქციაზე – ბოსტნეულზე, ხილზე და რძის პროდუქტებზე, გაიზარდა სატრანსპორტო, ტანსაცმლის და სხვა ფასები, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადახედოს მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიას და მისი გამოყენების მიზანშეწონილობას.

რა უნდა ვიცოდეთ?

საარსებო მინიმუმზე საუბრისას უნდა ვიცოდეთ, როგორ ითვლის მას სახელმწიფო.

  • საარსებო მინიმუმს ანგარიშობენ 1997 წლიდან. იმ დროს საარსებო მინიმუმი 105 ლარი იყო, 2013 წელს - 150 ლარი, 2020 წლის დასაწყისში - 195 ლარი. დღეს ის 245 ლარია;
  • საარსებო მინიმუმი წლიდან წლამდე ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის, გამო იზრდება. მასში ყოველ წელს ერთი და იგივე პროდუქტებია - იცვლება მხოლოდ ამ პროდუქტების ღირებულება, რომელსაც საქართველოს 5 ქალაქში არსებული საშუალო ფასით ანგარიშობენ;
  • საარსებო მინიმუმს ანგარიშობენ შრომისუნარიან მამაკაცზე და ერთ-, ორ-, სამ-, ოთხ- და მრავალშვილიან ოჯახებზე;
  • საარსებო მინიმუმის ანგარიშისას საკვებთან დაკავშირებული კალორიული ხარჯები შეადგენს 70%-ს, ხოლო სხვა ხარჯები (კომუნალური, სატრანსპორტო, ტანსაცმლის, სამედიცინო, ბინის ქირის თუ სხვა) საარსებო მინიმუმის 30%-ია;
  • შესაბამისად, სახელმწიფო ფიქრობს, რომ ადამიანს ერთი თვის განმავლობაში საკვების შესაძენად 169 ლარი ეყოფა, ხოლო სხვა დანარჩენისათვის 72 ლარი არის საკმარისი;
  • საარსებო მინიმუმის მკვლევრების აზრით, საარსებო მინიმუმის გამოთვლის პროპორცია (70% საკვებ და 30% დანარჩენი ხარჯებისათვის) მოძველებულია. დღეს ეს პროპორცია 50/50 უნდა იყოს. ამას ადასტურებს სასურსათო ხარჯების წილი ქართულ ოჯახებში.

დეტალურად:

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი არის დღეში 2300 კალორია, რომელიც განაწილებულია 40 სხვადასხვა პროდუქტზე; 
  • ჯამურად, მთელი კვებითი რაციონის თითქმის 70% ნახშირწყლებია, 16% - ცილები და 14% - ცხიმები. ნახშირწყლების რაოდენობა საჭიროზე მეტია, იგი ჯანმრთელი კვების 45-65%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს.
  • ნახშირწყლების (მაგალითად, პურის, კარტოფილის, მაკარონის, ბრინჯის) მიღება აუცილებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი ზედმეტ ნახშირწყლებს იღებს, მისთვის იზრდება გულის დაავადებების და დიაბეტის რისკი;
  • სწორედ ნახშირწყლების გადამეტებული რაოდენობის გამო, საარსებო მინიმუმისთვის გათვალისწინებული კალათა შედარებით იაფია; 
  • საარსებო მინიმუმის ანგარიშისას იყენებენ 200-ით ნაკლებ კალორიას, ვიდრე საჭიროა. საარსებო მინიმუმისას გათვალისწინებულია შევაჭრების კოეფიციენტიც, რის გამოც კალათაში განსაზღვრულია იაფი და სამომავლოდ მავნე პროდუქტებიც. (მაგალითად, დაბალფასიანი ხორცი);
  • ასეთი მეთოდოლოგიური ცვლილების შემთხვევაში საარსებო მინიმუმი დაახლოებით ორჯერ ან მეტად გაიზრდება.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
მიხეილ სვანიძე
მიხეილ სვანიძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი