მოსამართლეების სავიზო შეზღუდვებს პოლიტიკურ ჯგუფებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილისთვის ეს მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების მხილებაა, მმართველი პარტიისთვის კი სასამართლოზე თავდასხმა, მაშინ როცა, მათივე შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს მძიმე მდგომარეობა ასევე მწვავედ არ ფასდებოდა. ამ სტატიაში სწორედ 2004-2012 წლებში სასამართლოს მიმართ აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს გაგაცნობთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთბრალდებების ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელი ინფორმაცია იმაზე ვინ არიან სანქცირებული მოსამართლეები, როდის დაიწყო მათი კარიერა სასამართლოში და როგორი იყო აშშ-ს და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები სასამართლოს მიმართ.
ჩვენი კომენტარი
ორივე პერიოდის სასამართლოს გამორჩეული ფიგურების სანქცირება არც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვებაა და არც სასამართლოზე თავდასხმა. ეს არის მცდელობა და შესაძლებლობა დასრულდეს სასამართლოზე ძალაუფლების გაძლიერების სურვილი, რომელიც საერთოა როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლებისთვის.
რა უნდა ვიცოდეთ დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ?
ოთხივე დასაქნცირებული მოსამართლე სასამართლოში 2005-2007 წლების პერიოდში დაინიშნა. მანამდე ოთხივე მათგანი პროკურატურის სისტემაში მუშაობდა. დასანქცირებულთაგან 3 უვადო მოსამართლედ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გადაინიშნა, ერთმა კი საკუთარი განცხადებით დატოვა თანამდებობა.
- ლევან მურუსიძე 2005 წლიდან მოსამართლეა. ის უვადოდ დაინიშნა 2016 წელს. 2022 წლიდან კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მის სახელს უკავშირდება გახმაურებული სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელზეც 2011 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო;
- მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერად ითვლება, 2007 წლამდე გენერალური პროკურატურის ორგანოებში მუშაობდა. 2007 წელს ის პირდაპირ უზენაეს სასამართლოში დაინიშა. 2017 წელს, ქართულმა ოცნებამ, რეგლამენტის დარღვევით შეცვალა კანონპროექტი, რომლის შედეგადაც ის გათავისუფლდა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის გავლისგან და პირდაპირ უვადოდ გადაინიშნა. დღეს ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა;
- ირაკლი შენგელია მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილეა. ის 2007 წლამდე ასევე პროკურატურაში მუშაობდა. მისი სამოსამართლო კარიერა 2007 წელს დაიწყო და იმ წელსვე პალატის თავმჯდომარე გახდა. მურუსიძისა და ჩინჩალაძის მსგავსად, ისიც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში დაინიშნა უვადოდ. 2017-2021 წლებში ის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2011 წელს, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული პატიმრობა, მტკიცებულებების გარეშე, მასიურად გამოიყენებოდა აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, მან დაადასტურა, რომ უპირობო ნდობა ჰქონდა პოლიციელის ჩვენების მიმართ.
- ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებდა ვალერიან ცერცვაძეც: იგი ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 2007 წლიდან 2017-მდე კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და პალატის თავმჯდომარე იყო. მან თანამდებობა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. თავად მიზეზად ორ კომპანიას შორის სასამართლოში მიმდინარე დავა დაასახელა. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ მან ადგილი გაუთავისუფლა მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელიც სწორედ მის პოზიციაზე დაინიშნა.
რა სისტემური გამოწვევები ჰქონდა სასამართლოს 2004-2012 წლებში?
-
- 2004-2009 წლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განუწყვეტლივ აღნიშნავდა, რომ ძლიერი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა სასამართლოზე. უფრო ზუსტად კი, მოსამართლეები პროკურორების მითითებების ავტომატური შემსრულებლები იყვნენ (ე.წ. rubber stamp);
- აშშ-სთვის ეს გავლენა გამოიხატებოდა ისეთი საქმეების სიმრავლეში, რომელიც ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ წყდებოდა;
- ასევე აშშ-ს შეფასებით, აშკარა იყო დისბალანსი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების/განხილვის სისწრაფეშიც. ანალოგიურად, პროკურატურისა და პოლიციის მჭიდრო კავშირი, ართულებდა პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე რეაგირებას;
- 2005 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს და სასამართლოს ნაწილში პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას, Human Rights Watch (HRW) გავლენის გაძლიერებად და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამოდ აფასებდა;
- HRW 2007 წლის ანგარიშში წერდა, რომ ხსენებულ ცვლილებებს მოჰყვა კორუფციასთან ბრძოლის სახელით მოსამართლეების გაუმჭვირვალე პროცესით და პირდაპირი მითითებით გათავისუფლება;
- HRW-ის შეფასებით, მოსამართლეთა გათავისუფლების ეს პრაქტიკა დარჩენილი და ახალი მოსამართლეებისთვის გახდა ნიშანი, რომ მათი პოზიციები იყო სუსტი და რომ მათ გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლების დასტური სჭირდებოდათ;
- სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში ჩნდება ჩანაწერი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ სასამართლოს შიგნით არსებულ გავლენებზეც;
- ამავე წელს ხალხის აღქმით სასამართლო იყო სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული ინსტიტუტი.
- მუდმივად აღინიშნებოდა პრობლემები მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინირების, კრიტერიუმების გაუმჭვირვალეობის და გადაწყვეტილებების დახურულ კარს მიღმა მიღების შესახებ;
აღნიშნულ გარემოებებთან ერთად, არაერთხელაა ხაზგასმული, რომ არასაკმარისი პროფესიული კვალიფიკაცია და დამოუკიდებლად მოქმედების გამოუცდელობა ინდივიდუალური მოსამართლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტმანეტის ანგარიშებსა და სხვა საერთაშორისო წყაროებში ფაქტობრივად უწყვეტად იწერებოდა წინასწარი დაკავებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, აღიარებითი ჩვენების მოპოვების, გარდაცვალების შემთხვევების, ხანგრძლივი დაკავებისა და გაჭიანურებული სამართალწარმოების, დაცვის უფლებით სარგებლობის შეზღუდვების შესახებ.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს