სასამართლოსადმი ნდობის აღდგენა და მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციასთან ბრძოლა, კოსოვოს მსგავსად, ალბანეთმაც ვეტინგის გზით გადაწყვიტა. ამ სტატიაში სწორედ ვეტინგის გამოცდილებაზე ვისაუბრებთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ალბანეთი, საქართველოს მსგავსად, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და მართლმსაჯულების სუსტ, ჩამოშლილ სისტემას ებრძვის. მას ვეტინგის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომლის გათვალისწინებაც საქართველოში მიმდინარე დისკუსიას წაადგება.
ჩვენი კომენტარი: ალბანეთის გამოცდილება ადასტურებს, რომ მძიმე ინსტიტუციური კრიზისის დროს ვეტინგის მექანიზმის გამოყენება გამართლებულად ითვლება. საყურადღებოა, რომ ამ იდეას ალბანეთში მრავალხმრივი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა ვეტინგის ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესი აჩვენებს პრაქტიკაში მისი განხორციელების სირთულეებს, ხანგრძლივი და რთული პროცედურების, ასევე მართლმსაჯულებაში გამოწვეული გარკვეული შეფერხებების გამო.
ვეტინგის მნიშვნელობა კოსოვოს გამოცდილებაზე საუბრისას ავხსენით. ახლა კი განვიხილოთ, როდის და როგორ დაიწყო ეს პროცესი ალბანეთში?
- 2014 წელს ალბანეთმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო;
- წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად კი ერთ-ერთი მთავარი დავალება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება იყო;
- 2014 წელს პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელსაც სისტემის მთავარი პრობლემების ანალიზი და რეფორმის მომზადება დაევალა;
- 2016 წელს დაამტკიცეს კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც ალბანეთში ფართომასშტაბიანი ვეტინგის ჩატარებას გულისხმობდა.
ვინ ატარებს ვეტინგს?
- ვეტინგს დამოუკიდებელი საკვალიფიკაციო კომისია ახორციელებს;
- კომისიის შედეგების გასაჩივრება სააპელაციო პალატაშია შესაძლებელი;
- კომისიის და პალატის წევრი, რომელსაც პარლამენტი 3/5 ხმით ირჩევს, შეიძლება იყოს მოსამართლე, პროკურორი, ნოტარიუსი, სამართლის პროფესორი. ბოლო 10 წლის განმავლობაში მას არ უნდა ეკავოს პოლიტიკური თანამდებობა, ხოლო პარტიებში - ხელმძღვანელი პოზიციები;
- პროცესს მონიტორინგს საერთაშორისო დამკვირვებლები უწევენ, რომლებსაც ფართო უფლებამოსილებები გააჩნიათ, მათ შორის, მონიტორინგისთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციაზე დაუყონებლივი წვდომა;
- საერთაშორისო დამკვირვებლები არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილების მოსამართლეები და პროკურორები არიან.
ვინ ფასდება ვეტინგით და რა კრიტერიუმებით?
ვეტინგს ექვემდებარება ყველა მოსამართლე და პროკურორი. თუმცა პირველ ეტაპზე ვეტინგს გადიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი.
ვეტინგი სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს. ესენია:
- შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერება, ფინანსური ვალდებულებების და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების შეფასება;
- პროფესიული უნარების, ეთიკის, ცოდნის შეფასება;
- ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებთან კავშირის დადგენა.
საინტერესოა, რომ:
- ვეტინგისთვის თავის ასარიდებლად პროცედურას დაქვემდებარებულმა პირებმა მალევე დაიწყეს თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება;
- 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, 554 მოსამართლე/პროკურორიდან 64% გათავისუფლდა, უფლებამოსილება შეუჩერდა ან საკუთარი ნებით გადადგა;
- ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთა.
ალბანეთის ვეტინგის საკითხზე იმსჯელეს ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. არც ერთ ინსტიტუტს დარღვევა არ დაუდგენია. საკითხი ასევე განიხილა ვენეციის კომისიამ.
- ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვეტინგის გამოყენება გამართლებულია შემაშფოთებელი დონის კორუფციის აღმოსაფხვრელად;
- ვენეციის კომისიის აზრით კი, ვეტინგი, როგორც უკიდურესი აუცილებლობის დროს მისაღები ზომა, ალბანეთში გამართლებულია.
ვეტინგის პროცესის გამოწვევად შეიძლება მივიჩნიოთ, სასამართლოების მუშაობის შეფერხება:
- 2020 წლამდე უზენაეს სასამართლოში მხოლოდ 1 მოსამართლე იყო;
- ვეტინგის გამო, საქმეთა განსახილველად მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა არც საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდა;
- მათ დანიშვნას კი უზენაესი სასამართლოს კვორუმი სჭირდებოდა.
ვეტინგის პროცესი ალბანეთში ჯერ არ დასრულებულა. 5-წლიანი მანდატით შექმნილი ვეტინგის ორგანოების უფლებამოსილება ალბანეთის პარლამენტმა 2024 წლამდე გააგრძელა.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს